Baby Bag

კორონავირუსთან ბრძოლის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა: როგორ ვთქვათ უარი ხელების სახესთან მიტანის მავნე ჩვევაზე?

კორონავირუსთან ბრძოლის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა: როგორ ვთქვათ უარი ხელების სახესთან მიტანის მავნე ჩვევაზე?
კორონავირუსის მასობრივმა გავრცელებამ კიდევ ერთხელ შეგვახსენა, რომ ადამიანები სახეს ხელებით იმაზე ხშირად ვეხებით, ვიდრე საჭიროა. სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები გვარწმუნებენ, რომ აღნიშნულ ჩვევაზე უარის თქმა ვირუსის გავრცელების პრევენციაში ძალიან დაგვეხმარება.

2015 წელს სიდნეის უნივერსიტეტში სამედიცინო ფაკულტეტის სტუდენტებზე ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ მომავალი ექიმები ერთი საათის განმავლობაში სახეს ხელებით 23-ჯერ მაინც ეხებოდნენ. სტუდენტების უდიდესი ნაწილი რეგულარულად ეხებოდა ხელით თვალებს, ცხვირსა და პირს.

კორონავირუსმა მსოფლიოს მასტაბით უკვე 3500 ადამიანზე მეტი იმსხვერპლა. მედიკოსები გვაფრთხილებენ, რომ მიკრობით დაბინძურებული თითების ნესტოებთან, ტუჩებთან ან თვალებთან მიტანა ვირუსის გავრცელების რისკებს უკიდურესად ზრდის. რესპირატორული ვირუსები ორგანიზმში ლორწოვანი გარსის გავლით ხვდება, რის გამოც ცხვირი, თვალები და პირის ღრუ მიკრობებისგან მაქსიმალურად უნდა დავიცვათ. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ხელების სისუფთავის შენარჩუნებაზე ზრუნვა. როგორც აღმოჩნდა, ადამიანები სახეს ხელით რეგულარულად ეხებიან. აღნიშნულ ჩვევასთან გამოთხოვება კი იმაზე რთულია, ვიდრე ეს ერთი შეხედვით ჩანს.

სოციალურ ქსელებში აქტიურად ვრცელდება ვიდეორგოლი, რომელშიც კალიფორნიის ჯანდაცვის სისტემის ერთ-ერთი წარმომადგენელი ოფიციალური გამოსვლის დროს სახეს რამდენჯერმე ეხება ხელით. აღნიშნულ გამოსვლაში კი ის საზოგადოებას მიმართავს და ურჩევს, რომ ვირუსის პრევენციის მიზნით მოქალაქეებმა ხელების სახესთან მიტანისგან თავი მაქსიმალურად უნდა შეიკავონ.

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა საჯაროდ განაცხადა, რომ მას მიკრობებისა და ბაქტერიების პანიკური შიში აქვს. „უკვე რამდენიმე კვირაა სახეს ხელებით არ შევხებივარ და ეს ძალიან მომენატრა.“- განაცხადა ტრამპმა. რამდენიმე დღის წინ ინტერნეტში გავრცელდა ფოტო, რომელზეც დონალდ ტრამპია გამოსახული. პრეზიდენტი სახეს ხელით ეხება, რასაც ის, სავარაუდოდ, გაუცნობიერებლად აკეთებს. აღსანიშნავია, რომ აღნიშნული ფოტო თეთრ სახლში კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლის საკითხთან დაკავშირებით გამართულ ოფიციალურ შეხვედრაზეა გადაღებული.

ხელებით სახესთან კონტაქტის მავნე ჩვევა, როგორც წესი, ადრეულ ასაკში ყალიბდება. ადამიანები სახეს სხვადასხვა მიზეზით ეხებიან. კვლევებით დგინდება, რომ ხელის სახესთან მიტანა სტრესისა და დისკომფორტის დაძლევაში გვეხმარება. ადამიანების უდიდესი ნაწილი დღის განმავლობაში რამდენჯერმე ეხება სახეს, რასაც გაუცნობიერებლად აკეთებს. სტრესულ სიტუაციებში ხელით სახესთან კონტაქტის რიცხვი მნიშვნელოვნად იზრდება. ინტერნეტში სპეციალური ვებ-გვერდის მოძიებაც შეგიძლიათ, რომელიც ვებ-კამერის გამოყენებით გატყობინებთ, თუ რამდენჯერ შეეხეთ სახეს ხელით.

ხელების სახესთან მიტანის მავნე ჩვევის დაძლევას თუ ვერ ახერხებთ, არ იფიქროთ, რომ გამოსავალი არ არსებობს და ინფექციისგან თავის დაცვას ვერ შეძლებთ. მთავარია, კარგად აცნობიერებდეთ, რომ თქვენ ხელებით სახეს ხშირად ეხებით. უმჯობესია, თუ ყოველთვის თან ატარებთ სპეციალურ ხელსახოცს, რათა ცხვირიდან ლორწოვანი გამონადენის ან დაცემენის შემთხვევაში სახეს შიშველი ხელით არ შეეხოთ.

აუცილებელია ხელების სისუფთავის შენარჩუნებაზეც ზრუნვა. დღეში რამდენჯერმე ხელი თბილი წყლით და საპნით უნდა დაიბანოთ. თუ ხელების დაბანას ვერ ახერხებთ, დეზინფექციისთვის ისეთი სველი ხელსახოცი გამოიყენეთ, რომელსაც 60%-ზე მაღალი ალკოჰოლის შემცველობა აქვს. დაცემინების, დახველების, ცხვირის მოწმენდის ან საჭირო ოთახით სარგებლობის შემდეგ აუცილებელია ხელების საპნითა და თბილი წყლით დაბანა.

ადამიანები ხელით ყოველდღიურად უამრავ მიკრობს ეხებიან. მობილური ტელეფონები, მანქანის გასაღები, კარის სახელური, ფული და სხვა ყოველდღიური ნივთები მიკრობების ყველაზე სახიფათო წყაროებს წარმოადგენს. ხელების სათანადოდ გასუფთავების გარეშე თითების სახესთან მიტანა ბაქტერიების და ვირუსების ორგანიზმში მოხვედრის რისკს მნიშვნელოვნად ზრდის, რის გამოც, თავდაცვის მიზნით სიფრთხილის გამოჩენა თითოეული ადამიანისთვის აუცილებელია. 

არ დაგავიწყდეთ !!!

Momsedu.ge-მ თქვენთვის, ქალებისთვის შექმნა ახალი სივრცე, სადაც ყველაზე მცოდნე დედები იყრიან თავს. ჯგუფის დასახელებაც სწორედ ასეა - „მცოდნე დედების ჯგუფი“, რომლის საშუალებით დედები ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ. (ჯგუფში გასაწევრიანებლად ნახეთ ბმული - „მცოდნე დედების ჯგუფი“)

მომზადებულია ​cnn.com-ის მიხედვით
თარგმნა ია ნაროუშვილმა

შეიძლება დაინტერესდეთ

საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა 13 მარტიდან შემოვა

საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა  13 მარტიდან შემოვა

„საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის პირველი პარტია დაგეგმილზე ერთი კვირით ადრე, 13 მარტიდან შემოვა.“ - აღნიშნულის შესახებ ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ სამინისტროში დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მინისტრის განცხადებით, პირველ ეტაპზე „ასტრაზენეკას“ ვაქცინის 43 200 დოზა შემოვა, რომელიც მედპერსონალზე გადანაწილდება. ვაქცინების შემოტანა ქვეყანაში ეტაპობრივად მოხდება.

„საქართველოში ვაქცინა შემოვა დაჩქარებული ტემპით. ჩვენ გვაქვს დადასტურებული ინფორმაცია, რომ შაბათიდან საქართველოში დაიწყება ვაქცინების ეტაპობრივი მოწოდება. იუნისეფის ჩართულობით მიღწეულ იქნა მოლაპარაკება „ასტრაზენეკას“ ვაქცინის დაჩქარებულად 43 200 დოზის მოწოდებაზე. ვაქცინა იმ არსებული პროტოკოლით გადანაწილდება, რომელიც შემუშავებულია ვაქცინაციის დანერგვის უწყებათაშორისო საკოორდინაციო კომისიის მიერ.“ - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

მინისტრის განცხადებით, ვაქცინის დამატებითი დოზების მიღებისთვის აქტიური მოლაპარაკება მიმდინარეობს სხვადასხვა მომწოდებელთან.

„გვაქვს მოლაპარაკება სხვადასხვა მომწოდებელთან, ეს არის როგორც „ასტრაზენეკას“ სხვადასხვა მწარმოებელი - ინდოეთი, კორეა, ასევე მოლაპარაკებები გვაქვს „მოდერნასთან“ და „ჯონსონ ენდ ჯონსონთან“. ასევე ვმუშაობთ პარტნიორ ქვეყნებთან. ინტენსიური მოლაპარაკებები მიმდინარეობს ისრაელის სახელმწიფოსთან ორი მიმართულებით - ერთი არის „ფაიზერის“ ვაქცინა და მეორე არის „მოდერნას“ ვაქცინა.“ - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, პროცესში ასევე ჩართულია გერმანიის მთვარობაც.

„ინტენსიურადაა ჩართული გერმანიის მთავრობაც, რომელთანაც გვაქვს მოლაპარაკებები მათ მიერ წარმოებულ ვაქცინებთან დაკავშირებით. მოწოდება შეიძლება მოხდეს მხოლოდ მესამე კვარტალში და არა უფრო ადრე. პარალელურ რეჟიმში საგარეო საქმეთა სამინისტროს მხრიდან ყველა პარტნიორ ქვეყანასთან მიმდინარეობს მოლაპარაკებები დამატებითი დოზების შეძენასთან დაკავშირებით.“ - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

ჯანდაცვის მინისტრმა მადლობა გადაუხადა „იუნისეფს“, რომელიც საქართველოსთვის ვაქცინის მოწოდების პროცესში ინტენსიურად არის ჩართული.

წაიკითხეთ სრულად