Baby Bag

ქრონიკული დაღლილობის სინდომი შესაძლოა, კუჭ-ნაწლავის პრობლემებიდან მოდიოდეს

ქრონიკული დაღლილობის სინდომი შესაძლოა, კუჭ-ნაწლავის პრობლემებიდან მოდიოდეს
ადამიანებს, რომლებსაც ქრონიკული დაღლილობის სინდრომის/მიალგიური ენცეფალომიელიტის დიაგნოზმს უსვამენ, კუჭ-ნაწლავის პრობლემები ხშირად აწუხებთ. მიუხედავად ამისა, დღემდე გაურკვეველია არსებობს თუ არა ქრონიკული დაღლილობის სინდრომსა და ნაწლავის მიკრობიომის ნეგატიურ ცვლილებებს შორის მჭიდრო ურთიერთკავშირი. ნაწლავის მიკრობული მრავალფეროვნების შესაფასებლად მკვლევარებმა განავალში რიბოსომული რიბონუკლეინის მჟავის შემცველობა და სისხლის შრატში ანთებითი მარკერების არსებობა გამოიკვლიეს. მკვლევარებმა სისხლში ისეთი ანთებითი მარკერების არსებობა შეამოწმეს, როგორებიცაა: C- რეაქტიული ცილა, ნაწლავის ცხიმოვანი მჟავის შემაკავშირებელი ცილა, ლიპოპოლისაქარიდი და sCD14 მარკერი.

კვლევამ აჩვენა, რომ ქრონიკული დაღლილობის სინდრომის მქონე პაციენტების სისხლში პოლისაქარიდებისა და sCD14 მარკერის მნიშვნელოვანი მატება შეინიშნებოდა. რიბოსომული რიბონუკლეინის მჟავების კვლევამ კი დაადასტურა, რომ მიალგიური ენცეფალომიელიტი ადამიანის ორგანიზმში ნაწლავის მიკრობიომას მნიშვნელოვნად ცვლის. დადასტურდა, რომ ქრონიკული დაღლილობის სინდრომის მქონე პაციენტების ორგანიზმში ბაქტერიათა და მიკრობთა მრავალფეროვნება იცვლება. როგორც აღმოჩნდა, მიალგიური ენცეფალომიელიტი ორგანიზმში ამცირებს იმ მიკრობთა რაოდენობას, რომლებიც ანთების საწინააღმდეგო მოქმედებით გამოირჩევა, ხოლო ზრდის იმ მიკრობების რიცხვს, რომლებიც ანთების გამომწვევებად გვევლინებიან. კვლევის ვალიდურობა 82,93 %-ით შეფასდა. მეცნიერებმა ანთებითი მარკერებისა და რიბოსომული რიბონუკლეინის მჟავების გამოკვლევის შედეგად ქრონიკული დაღლილობის სინდრომის მქონე პაციენტების გამოვლენა შეძლეს.

კვლევის შედეგებმა ასევე აჩვენა, რომ მიალგიური ენცეფალომიელიტის მქონე პაციენტებს ნაწლავთა დისბაქტერიოზი და მიკრობთა ტრანსლოკაციით გამოწვეული ჯანმრთელობის პრობლემები რეგულარულად აწუხებთ, რის გამოც ანთებითი სიმპტომები ხშირად აღენიშნებათ.

კვლევის წინაპირობა

მიალგიური ენცეფალომიელიტი, რომელსაც სხვაგვარად ქრონიკული დაღლილობის სინდრომადაც მოიხსენიებენ, ორგანიზმის დამაუძლურებელი დაავადებაა, რომლის მკურნალობის გლობალურად აღიარებული სტანდარტი არ არსებობს. მისი მთავარი სიმპტომებია: ქრონიკული დაღლილობის შეგრძნება, კუნთებისა და სახსრების ტკივილი, ყელისა და თავის ტკივილი, ძილის უკმარისობა, ფიზიკური დატვირთვის შემდეგ დისკომფორტი. პაციენტების დიდი ნაწილი აღნიშნავს, რომ მათ კუჭ-ნაწლავის გარკვეული სახის პრობლემები აწუხებთ, მათ შორის, გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომიც. მომნელებელი სისტემის პრობლემებს მკვლევარები პაციენტების მიერ სამკურნალო საშუალებების ხშირ გამოყენებასაც უკავშირებენ. როგორც აღმოჩნდა, ადამიანები, რომლებსაც მიალგიური ენცეფალომიელიტის დიაგნოზს უსვამენ, ძალიან ხშირად იღებენ ანტაციდურ საშუალებებს, H2 ჰისტამინური რეცეპტორების ბლოკატორებსა და პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორებს.

ნაწლავური პრობლემების სიხშირის გამო პაციენტები ხშირად იყენებდნენ ორალური და რექტალური გამოყენების პრობიოტიკებს. ბაქტერიების დახმარებით 4 კვირიანმა მკურნალობამ პაციენტების დიდ ნაწილში მდგომარეობის მნიშვნელოვანი გაუმჯობესება გამოავლინა. ორალური გამოყენების პრობიოტიკებით მკურნალობისას კი ცალკეული სიმპტომების შემცირების მხრივ უმნიშვნელო ცვლილებები გამოვლინდა.

ორმა სხვადასხვა კვლევამ ქრონიკული დაღლილობის სინდრომის მქონე პაციენტებში ნაწლავური მიკროფლორის მნიშვნელოვანი ცვლილებები გამოავლინა. ჯანმრთელ ადამიანებთან შედარებით მათ ორგანიზმში სტრეპტოკოკებისა და ენტეროკოკების გამომუშავება გაცილებით მაღალი იყო. ნაწლავური მიკროფლორის დაზიანება, შესაძლოა, ისეთ სერიოზულ დაავადებებთან იყოს კავშირში, როგორებიცაა: წყლულოვანი კოლიტი, კრონის დაავადება ან ისეთი სისტემური ხასიათის ავადობები, როგორიცაა დიაბეტი. მიალგიური ენცეფალომიელიტის მქონე პაციენტებში საჭმლის მომნელებელ სისტემასთან დაკავშირებული პრობლემების სიხშირის გამო, მკვლევარებმა საჭიროდ ჩათვალეს, დეტალურად გამოეკვლიათ პაციენტების ნაწლავის მიკრობიომა და მიკროფლორა და მიღებული მონაცემები ჯანმრთელი ადამიანების მომნელებელი სისტემის კვლევით მიღებული შედეგებისთვის შეედარებინათ.

ქრონიკული დაღლილობის სინდრომის მქონე პაციენტებს გარდა კუჭ-ნაწლავის პრობლემებისა, იმუნური სისტემის დისფუნქციის პრობლემებიც ხშირად აწუხებთ. მკვლევარებმა პაციენტების პლაზმასა და ცერებროსპინალურ სითხეში იმუნური მარკერების დონეები განსაზღვრეს, რის შედეგადაც დადგინდა, რომ მიალგიური ენეფალომიელიტის მქონე პაციენტების პლაზმასა და ცერებროსპინალურ სითხეში ციტოკინების დონე ძალიან მაღალი იყო. მკვლევარები არანორმალურ იმუნურ ცვლილებებს მიკრობთა ტრანსლოკაციას უკავშირებენ.

ქრონიკული დაღლილობის სინდრომის დიაგნოსტირებისთვის ობიექტური მოლეკულური მარკერების მნიშვნელოვანი უკმარისობა შეინიშნება. მკვლევარების უმთავრეს მიზანს პლაზმური მარკერების და ნაწლავური მიკროფლორის შესწავლა წარმოადგენდა, რათა გაერკვიათ, რამდენად შეძლებდნენ ნაწლავის მიკრობიომასა და პლაზმაში აღმოჩენილი ანთებითი მარკერების შესწავლის შემდეგ მიალგიური ენცეფალომიელიტის დიაგნოსტირებას.

მიღებული შედეგები

კვლევის პოპულაციის მთავარი მახასიათებლები

კვლევაში მონაწილე ადამიანები მიალგიური ენცეფალომიელიტის სპეციალისტმა სუზან ლევინმა შეარჩია. კვლევის მონაწილეები ფუკუდას დიაგნოსტირების კრიტერიუმს სრულად აკმაყოფილებდნენ. კვლევაში სულ 48 ქრონიკული დაღლილობის სინდრომის მქონე პაციენტი და 39 ჯანმრთელი ადამიანი მონაწილეობდა. გარდა ამისა კვლევაში მონაწილეობას იღებდა დამატებით 34 ქრონიკული დაღლილობის სინდრომის მქონე პაციენტი და 7 საკონტროლო ჯგუფის წევრი, რომლებსაც კუჭ-ნაწლავთან დაკავშირებული სხვადასხვა სახის პრობლემა ჰქონდა: დიარეა, შეკრულობა, ნაწლავური დისკომფორტი. მიალგიური ენცეფალომიელიტის მქონე პაციენტების უდიდესი ნაწილი აღნიშნავდა, რომ მათ დაავადებას წინ უძღოდა მოულოდნელი, მწვავე გაციების ან ვირუსის სიმპტომები, რომელმაც მოგვიანებით ქრონიკული ხასიათი მიიღო, ხოლო ნაწილი ამტკიცებდა, რომ მათი დაავადება თანდათანობით განვითარდა. კვლევაში მონაწილე 48 ქრონიკული დაღლილობის მქონე პაციენტიდან 25 მოულოდნელ და მწვავე სიმპტომატიკაზე საუბრობდა, ხოლო 19 ხაზს უსვამდა დაავადების თანმიმდევრულ და ქრონიკულ მიმდინარეობას.

მიკრობული ტრანსლოკაციის მარკერების განსაზღვრა

მკვლევარებმა განსაზღვრეს პლაზმაში C-რეაქტიული ცილისა და ლიპოპოლისაქარიდების რიცხვი, როგორც მიკრობული ტრანსლოკაციის ერთ-ერთი ძირითადი მარკერი. ნაწლავის ცხიმოვანი მჟავის შემაკავშირებელი ცილის დონე კი კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დამაზიანებელ მთავარ ფაქტორად მიიჩნიეს როგორც საკვლევ, ასევე საკონტროლო ჯგუფში. როგორც აღმოჩნდა, მიალგიური ენცეფალომიელიტის მქონე პაციენტებს პლაზმაში C-რეაქტიული ცილის დონე უფრო მაღალი ჰქონდათ, ვიდრე ჯანმრთელ ადამიანებს, თუმცა განსხვავება სტატისტიკური მნიშვნელობის მქონე არ იყო. ქრონიკული დაღლილობის სინდრომის მქონე პაციენტებს სისხლში ლიპოპოლისაქარიდების შემცველობის გაცილებით მაღალი მაჩვენებელი დაუფიქსირდათ, ვიდრე საკონტროლო ჯგუფის წევრებს. ქრონიკული დაღლილობის სინდრომის მქონე ადამიანებს ცხიმოვანი მჟავის შემაკავშირებელი ცილის დონეც უფრო მაღალი ჰქონდათ, ვიდრე კვლევის ჯანმრთელ მონაწილეებს, თუმცა სხვაობას სტატისტიკური მნიშვნელობა არ ჰქონია.

მკვლევარებმა ბიომარკერებს შორის კორელაციებიც გამოიკვლიეს. აღმოჩნდა, რომ ლიპოპოლისაქარიდებსა და sCD14-ს შორის დადებითი კორელაცია იკვეთებოდა, თავის მხრივ პოზიტიური კორელაცია გამოვლინდა CD14-ის მაჩვენებლებსა და ლიპოპოლისაქარიდების შემაკავშირებელი ცილის დონეებს შორის. კვლევამ ვერ გამოავლინა კორელაცია ნაწლავის ცხიმოვანი მჟავის შემაკავშირებელ ცილასა და sCD14-ს შორის, ან ცხიმოვანი მჟავის შემაკავშირებელ ცილასა და ლიპოპოლისაქარიდების ან ლიპოპოლისაქარიდთა შემაკავშირებელი ცილის დონეებს შორის.

ქრონიკული დაღლილობის სინდრომის მქონე პაციენტების ნაწლავური მიკროფლორა ჯანმრთელი ადამიანების მიკროფლორასთან შედარებით ნაკლებად მრავალფეროვანი აღმოჩნდა

განავლოვანი მასების ანალიზის შედეგად მკვლევარებმა ქრონიკული დაღლილობის სინდრომის მქონე ადამიანების ფეკალიებში რიბონუკლეინის მჟავის შემადგენლობის და მიკროფლორის სიმდიდრის შესწავლის შემდეგ დადგინდა, რომ მიალგიური ენცეფალომიელიტის მქონე პაციენტების მიკროფლორა გაცილებით ღარიბი, დაუბალანსებელი და ნაკლებად მრავალფეროვანი იყო, ვიდრე ჯანსაღი ადამიანების მიკროფლორა.

ქრონიკული დაღლილობის სინდრომის მქონე ადამიანებსა და საკონტროლო ჯგუფის წევრებს შორის ზოგად მიკრობულ კომბოზიციებს შორის სხვაობები ოჯახურ და შორეულ წინაპართა დონეებზეც გამოვლინდა. რამდენიმე ტესტის ჩატარების შემდეგ დადგინდა, რომ აღნიშნულ განსხვავებებს სტატისტიკური მნიშვნელობა არ ჰქონდა. წრფივი დისკრიმინანტული ანალიზის შედეგად ამ მხრივ მნიშვნელოვანი გასხვავებების გამოვლენა შესაძლებელი გახდა. წრფივმა დისკრიმინანტულმა ანალიზმა 24 დისკრიმინანტული მაჩვენებელი გამოყო, რომელიც საკვლევი და საკონტროლო ჯგუფის ფეკალური მასების კვლევის შედეგებს შორის მნიშვნელოვან სხვაობას იძლეოდა. საკვლევი ჯგუფის მიკროფლორაში აღმოჩნდა Desulfohalobacteriaceae-ის არაკლასიფიცირებული ნაწილი და Firmicutes phylum-ის გვარის რამდენიმე წარმომადგენელი. საკონტროლო ჯგუფის მიკროფლორა 18 გვარით მეტ ბაქტერიას შეიცავდა, ვიდრე საკვლევი ჯფუფის წარმომადგენელთა მიკროფლორა.

კვლევაში მონაწილე სუბიექტთა პაციენტებად კლასიფიკაცია და საკონტროლო ჯგუფის იმ წევრების გამოკვეთა, რომელთაც ანთებითი მარკერები გამოუვლინდათ

მექანიკური შესწავლის მეთოდების გამოყენებით მონაწილეები წარმატებით კლასიფიცირდნენ ჯანმრთელ და დაავადებულ ადამიანებად. კვლევის სხვადასხვა მეთოდის ეფექტურად გამოყენების და ვალიდურობის მაღალი ხარისხის მიღწევის შედეგად კვლევის წარმატების მაჩვენებელი 0.82 ± 0.12 - ით შეფასდა. სხეულის მასის ინდექსისა და სისხლის ანთებითი მარკერების გამოვლენის გარეშე კლასიფიკაციის სიზუსტე გენების, სახეობებისა და ოპერაციული ტაქსონომიური ერთობლიობისთვის 70, 75 და 72 %-ით შეფასდა.

ანალიზი

კვლევის მონაწილეთა მიკრობიომის ანალიზის შედეგად მკვლევარებმა დაადგინეს, რომ ქრონიკული დაღლილობის სინდრომის მქონე პაციენტებში მიკროფლორა ანთების განვითარებისთვის ხელსაყრელ გარემოს ქმნის. აღნიშნული გარემო ნაწლავურ ეპითელიუმს აზიანებს, რაც მიკრობულ ტრანსლოკაციას იწვევს და იმუნურ რეაქციას აძლიერებს. მკვლევარებმა ასევე დაადგინეს, რომ მიალგიური ენცეფალომიელიტის მქონე პაციენტებს ლორწოვანი გარსის ბარიერული ფუნქცია დარღვეული აქვთ, რაც სისხლის შრატში იმუნოგლობულინ A-ს, იმუნოგლობულინ M-ის, ლიპოპოლისაქარიდებისა და გრამ-უარყოფითი ენტერობაქტერიების კონცენტრაციას ზრდის. ნაწლავთა გამტარიანობის ზრდა და ლიპოპოლისაქარიდების დონის მატება იმ პირებსაც უფიქსირდებათ, რომლებსაც ღვიძლის დაზიანება, ალკოჰოლური ან არაალკოჰოლური წარმოშობის ჰეპატიტები, შიდსი ან კუჭ-ნაწლავის ანთებითი დაავადებები აქვთ. მიკროფლორაში ანთების განვითარებისთვის ხელსაყრელი გარემოს ჩამოყალიბება ქრონიკული დაღლილობის სინდრომის მქონე პაციენტების მდგომარეობის გართულების ერთ-ერთი მთავარი მიზეზია. მკვლევარები მიალგიური ენცეფალომიელიტის პრობლემის მქონე პაციენტების სისხლში ლიპოპოლისაქარიდების მაღალ დონეს ორგანიზმში ენდოტოქსინების დიდი რაოდენობით გამოყოფასთან აკავშირებენ, რაც, თავის მხრივ, მიკრობული ტრანსლოკაციით არის გამოწვეული. ნაწლავური ლორწოვანი გარსის დაზიანების შემთხვევაში მიკრობული ტრანსლოკაცია მატულობს, იცვლება ანტიმიკრობული რეგულატორები, ხოლო იმუნური სისტემა გამართულად ვეღარ მუშაობს.
არ დაგავიწყდეთ !!!
Moms.ge-მ თქვენთვის, ქალებისთვის შექმნა ახალი სივრცე, სადაც ყველაზე მცოდნე დედები იყრიან თავს. ჯგუფის დასახელებაც სწორედ ასეა - „მცოდნე დედების ჯგუფი“, რომლის საშუალებით დედები ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ. (ჯგუფში გასაწევრიანებლად ნახეთ ბმული - „მცოდნე დედების ჯგუფი“)

ლიპოპოლისაქარიდი, როგორც ანთებითი მარკერი, ლიმიტირებულია, რადგან ის მხოლოდ გრამ-უარყოფით ბაქტერიებში გვხვდება. sCD14 მაკროფაგებისა და ჰეპატოციტების მიერ ლიპოპოლისაქარიდებზე საპასუხოდ იწარმოება, თუმცა მის გამომუშავებას სხვა ბაქტერიული და ვირუსული აგენტებიც უწყობენ ხელს. ლიპოპილისაქარიდების შემაკავშირებელი ცილა sCD14-სთან ერთად ჰეპატოციტების მიერ იწარმოება, რათა სისხლში ლიპოპოლისაქარიდების ამოცნობა შეძლოს, თუმცა სხვადასხვა ანთებით ფაქტორს მისი შეკავების უნარი შესწევს. როგორც აღმოჩნდა, აღნიშნული ბიომარკერები ქრონიკული დაღლილობის სინდრომის მქონე პაციენტების სისხლში გაცილებით მაღალი იყო, ვიდრე საკონტროლო ჯგუფის წევრების ორგანიზმში.

აერობული და ანაერობული მეთოდების გამოყენებით მკვლევარებმა პირველად შეძლეს მიალგიური ენცეფალომიელიტის მქონე პაციენტებში ფეკალური მიკროფლორის ცვლილებების აღწერა და ჯანსაღი ადამიანების მიკროფლორასთან ძირითადი განსხვავებების გამოვლენა. კვლევის კულტურული მეთოდების გამოყენებისა და ნივთიერებათა ცვლის შუალედური პროდუქტების ანალიზის შედეგად დადგინდა, რომ ქრონიკული დაღლილობის სინდრომის მქონე პაციენტების ორგანიზმში რძემჟავა ბაქტერიების, ენტეროკოკებისა და სტრეპტოკოკების წარმოება მკვეთრად აჭარბებდა დადგენილ ნორმებს. რაც შეეხება ანაერობულ ბაქტერიებს, მკვლევარებმა მიალგიური ენცეფალომიელიტის მქონე პაციენტების მიკროფლორაში ჭარბი რაოდენობით პრევოტელა აღმოაჩინეს.

ბელგიასა და ნორვეგიაში მეცნიერებმა 16S რ-რნმ-ის წარმოების კვლევა დაიწყეს, რათა ქრონიკული დაღლილობის სინდრომის მქონე პაციენტებში ნაწლავური მიკროფლორის მნიშვნელოვანი ცვლილებები გამოევლინათ. აღნიშნულ კვლევებზე დაყრდნობით ჩატარებულმა უახლესმა კვლევამ აჩვენა, რომ საკონტროლო ჯგუფთან შედარებით მიალგიური ენცეფალომიელიტის მქონე პაციენტებს ნაკლებად მრავალფეროვანი მიკრობიომა აქვთ. ბელგიასა და ნორვეგიაში ჩატარებულმა კვლევებმა კი საკვლევ და საკონტროლო ჯგუფებს შორის ამ მხრივ მნიშვნელოვანი სხვაობა ვერ გამოავლინა. მიკროფლორის სიღარიბე ასევე შეიმჩნეოდა არაჯანმრთელ, კუჭ-ნაწლავის ანთებითი ხასიათის დაავადებების მქონე ადამიანებში, ასევე იმ პაციენტებში, რომლებსაც მწვავე ენტეროკოლიტი ან რომელიმე ტიპის საკვების აუტანლობა ჰქონდათ.

ქრონიკული დაღლილობის სინდრომის სიმწვავის მიუხედავად პაციენტების მიკროფლორაში ფირმიკუტების, ბაქტეროიდების, პროტეობაქტერიების და აქტინობაქტერიების სიჭარბე აშკარად შეინიშნებოდა. პროტეობაქტერიები მიალგიური ენცეფალომიელიტის მქონე პაციენტების მიკროფლორაში გაცილებით დიდი რაოდენობით გვხვდებოდა, ვიდრე ჯანმრთელი ადამიანების ორგანიზმში, პროტეობაქტერიების სიჭარბე შეინიშნებოდა კუჭ-ნაწლავის ანთებითი დაავადებების მქონე პაციენტების მიკროფლორაშიც. მკვლევარებს არ მოუპოვებიათ ინფორმაცია კვლევაში მონაწილე ადამიანების კვებითი ჩვევების შესახებ, შესაბამისად ისინი გადაჭრით ვერ იტყვიან, რა გავლენა ჰქონდა კვების რეჟიმს მონაწილეთა მიკრობიომისა და მიკროფლორის ცვლილებებზე.

მკვლევარებმა კონტროლირებადი მექანიკური კვლევის მექანიზმები გამოიყენეს, რათა დაავადების სტადიის დადგენისთვის მიკრობიომის საერთო მდგომარეობის შესახებ მიღებულ მონაცემებს დაყრდნობოდნენ. აღნიშნული მეთოდი აქტიურად გამოიყენება, რათა კუჭ-ნაწლავის ანთებითი დაავადებების მქონე პაციენტები და ჯანმრთელი ადამიანები ერთმანეთისგან გამიჯნონ. მსგავს მეთოდს იყენებენ სხვადასხვა წარმომავლობის კოლიტებისა და კრონის დაავადების დიაგნოსტირებისთვისაც. კვლევის კონტიგენტის სიმწირის გამო, მიღებული მონაცემები ქრონიკული დაღლილობის სინდრომის სამედიცინო დიაგნოსტირებისთვის ნაკლებად გამოდგება. ამისთვის საჭიროა დამატებითი კვლევები, რომლებიც გაცილებით ფართო კონტიგენტზე უნდა ჩატარდეს.

დასკვნა

კვლევის შედეგების შეჯამების საფუძველზე შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ქრონიკული დაღლილობის სინდრომის / მიალგიური ენცეფალომიელიტის მქონე პაციენტების ნაწლავური ლორწოვანი გარსი ნაწილობრივ დაზიანებულია, რის გამოც მიკრობული ტრანსლოკაცია იზრდება, რაც ანტიმიკრობული რეგულატორების ცვლილებას და იმუნური სისტემის გამართულად ფუნქციონირების შეფერხებას იწვევს. ჯანმრთელი ადამიანებისა და ქრონიკული დაღლილობის მქონე პაციენტების ნაწლავურ ბიომას შორის განსხვავებები ძირითადად მიალგიური ენცეფალომიელიტის მქონე პაციენტებში სპეციფიკური ბიოლოგიური კატეგორიების სიჭარბით გამოვლინდა, მაშინ როდესაც აღნიშნული კატეგორიები ჯანმრთელი ადამიანების ორგანიზმში ნორმის ზღვარს არ სცილდება. კვლევაში მონაწილე პაციენტებს ნაწლავური მიკრობიომის ცვლილების ერთი და იმავე მაჩვენებელი არ უფიქსირდებოდათ, თუმცა ქრონიკული დაღლილობის სინდრომის მქონე თითოეულ პაციენტს მიკროფლორის მრავალფეროვნების სიმწირე და ბაქტერიათა არასტაბილური შემადგენლობა უფიქსირდებოდა. აღნიშნული სპეციფიკური ხასიათის მიკრობიომული ცვლილებები დიაგნოსტიკური და თერაპიული სტრატეგიების შემუშავებისთვის სასარგებლოდ მიგვაჩნია და ვთვლით, რომ მას მნიშვნელოვანი კლინიკური სარგებლის მოტანა შეუძლია. სამომავლოდ კვლევებმა შესაძლოა ახალი მოლეკულური მარკერები აღმოაჩინონ, რომელთა დახმარებით ნაწლავის მიკრობიომის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მოპოვება გახდება შესაძლებელი, რაც ქრონიკული დაღლილობის სინდრომის დიაგნოსტირების სენსიტიურობას და სპეციფიკურობას შეამცირებს.

ქრონიკული დაღლილობის სინდრომის გამომწვევი ძირითადი მიზეზები უცნობია, თუმცა ნაწლავთა დისბიოზის გავლენა ზოგიერთი სიმპტომის გამოვლენასა და სიმწვავეზე, შესაძლოა, იმაზე დიდი იყოს, ვიდრე წარმოგვიდგენია. ისეთი თერაპიული ინტერვენციების განვითარება, რომლებიც ლოკალური ანთებითი პროცესების წინააღმდეგ ბრძოლას, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის გაძლიერებას და ნაწლავის მიკრობიომის გაჯანსაღებას ისახავს მიზნად, ქრონიკული დაღლილობის სინდრომით დაავადებულ პაციენტებს მიალგიური ენცეფალომიელიტის სიმპტომების შემსუბუქებაში დაეხმარება.

მომზადებულია ​microbiomejournal.biomedcentral.com-ის მიხედვით
თარგმნა ია ნაროუშვილმა

შეიძლება დაინტერესდეთ

ეს მჟავა შვიდი წელი რჩება ორგანიზმში და მისი სულ მცირე რაოდენობა იწვევს დაავადებას

ეს მჟავა შვიდი წელი რჩება ორგანიზმში და მისი სულ მცირე რაოდენობა იწვევს დაავადებას

​​გრანიტის ზედაპირიანი ალუმინის ტაფების დამზადების პროცესში ხშირად გამოიყენება პერფტოროცტანული მჟავა, რომელიც კარცენოგენად არის აღიარებული.

პროფესორმა დევიდ ბონდმა გრანიტის ზედაპირიანი ტაფებისა და ქვაბების უსაფრთხოების საკითხზე ისაუბრა და პერფტოროცტანული მჟავის მოქმედების მექანიზმი გაგვაცნო:

„პერფტოროცტანული მჟავა იწვევს კიბოს, მენტალურ აშლილობას, იმუნურ დისფუნქციას, უნაყოფობას მამაკაცებში. ეს უკვე კვლევებით დადასტურებულია. ეს დაახლოებით ნახევარი საუკუნის წინ დადგინდა იმ ადამიანებზე დაკვირვებით, რომლებიც საწარმოში მუშაობდნენ, სადაც ამ ტიპის ტაფებსა და ქვაბებს ამზადებდნენ.“

„პერფტოროცტანული მჟავა არის საშიში მცენარეებისთვის, ცხოველებისა და ადამიანებისთვის, რადგან ის შვიდი წელი რჩება ორგანიზმში და მისი სულ მცირე რაოდენობაც კი იწვევს ამ დაავადებას. ეს მჟავა ლაბორატორიაში შექმნილი სინთეტიკური ნივთიერებაა და მას ბუნებრივად ვერაფერი დაშლის. მჟავა ვერ მოხვდება ადამიანის ორგანიზმში ტაფებიდან და ქვაბებიდან,​ რადგან მათი დამზადების პროცესში ის მთლიანად გამოდის ჭურჭლიდან. მჟავა ზიანს აყენებს ქარხანაში მომუშავე ადამიანებსა და გარემოს. სწორედ ამის გამო აიკრძალა მისი გამოყენება ბევრ ქვეყანაში. გაცილებით საშიშია ამ მჟავით დაბინძურებული წყალი, ჰაერი. გარემოში მოხვედრის შემდეგ ის წყლის ან სხვა საშუალებით ხვდება ადამიანის ორგანიზმში,“ - აღნიშნულ საკითხზე პროფესორმა ბონდმა ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „იმედის დღე“ ისაუბრა.

წყარო: ​„იმედის დღე“

წაიკითხეთ სრულად