Baby Bag

ქალის ყოველდღიური საფენი - შეიძლება თუ არა მისი ყოველდღიურად გამოყენება?

ქალის ყოველდღიური საფენი - შეიძლება თუ არა მისი ყოველდღიურად გამოყენება?
ქალბატონები მსუბუქი მენსტრუალური ან სხვა სახის გამონადენის არსებობის შემთხვევაში ქვედა საცვლების სისუფთავის დაცვის მიზნით ყოველდღიურ საფენებს ხშირად იყენებენ. მათი დიდი ნაწილი კი მეტი კომფორტისა და სიმშვიდისთვის ჰიგიენურ საფენს ყოველდღიურად მოიხმარს. ქალბატონები ნაკლებად ინტერესდებიან, თუ რამდენად უსაფრთხოა საფენების ყოველდღიური გამოყენება. შესაძლოა, იმ ქალბატონებს, რომლებიც ჰიგიენური მიზნებიდან გამომდინარე საფენებს რეგულარულად მოიხმარენ, საკუთარი ორგანიზმისთვის იმაზე მეტი ზიანი მოაქვთ, ვიდრე სარგებელი. შეცდომების დაშვებისგან არავინაა დაზღვეული. სტატიის გაცნობის შემდეგ, თუ ჩათვლით, რომ ჰიგიენურ საფენებს მეტისმეტად ხშირად მოიხმარდით, პანიკაში ნუ ჩავარდებით. ეცადეთ ამ მავნე ჩვევაზე უარი თქვათ და მისგან გათავისუფლდეთ, რათა თქვენი ორგანიზმის სიჯანსაღეზე ზრუნვა შეძლოთ.

ექსპერტების თქმით, ჰიგიენური საფენის ხშირმა მოხმარებამ, შესაძლოა, ქალის გარე სასქესო ორგანოების კანი მეტისმეტად გააღიზიანოს, განსაკუთრებით მაშინ, თუ საფენები სურნელოვანია. როდესაც მსგავსი ტიპის საფენებს იყენებთ, სასქესო ორგანოების კანი ტენიანდება, რის გამოც ის ისეთ გამაღიზიანებლებზე, როგორიცაა გარკვეული ტიპის არომატიზატორი, ნეგატიურად რეაგირებს. კანის ძლიერი ტენიანობის გამო გენიტალიების არეში გამონაყარი ჩნდება, კანი წითლდება, ღიზიანდება, საშოს არეში მტკივნეული შეგრძნებები გაწუხებთ. შესაძლოა, ჭარბმა ტენიანობამ ქავილიც გამოიწვიოს. მიუხედავად იმისა, რომ ზემოთ ჩამოთვლილი სიმპტომები ძალიან უსიამოვნოა, ჰიგიენური საფენების რეგულარულმა მოხმარებამ, შეიძლება, გაცილებით სერიოზული და რთული პრობლემებიც შეგიქმნათ.

• იწვევს თუ არა ჰიგიენური საფენების რეგულარული მოხმარება ინფექციური დაავადებების განვითარებას?

ჰიგიენური საფენების რეგულარულმა მოხმარებამ, შესაძლოა, ვაგინალური სოკოვანი ინფექციის განვითარებას შეუწყოს ხელი. იმ შემთხვევაში, თუ საშოს მიდამოებში ქავილი, გამონაყარი ან წვის შეგრძნება ადრეც გაწუხებდათ, ჰიგიენური საფენების მოხმარებით აღნიშნულ მდგომარეობას კიდევ უფრო გაამძაფრებთ. ექსპერტები გირჩევენ, რომ მენსტრუალური ციკლის დროსაც ჰიგიენური საფენები ხშირად გამოიცვალოთ, რათა სოკოვანი დაავადების განვითარება თავიდან აიცილოთ. უმჯობესია, თუ ჰიგიენურ საფენებს მხოლოდ მენსტრუალური ციკლის დროს მოიხმართ, ხოლო ჩვეულებრივ დღეებში მათ გარეშე ცხოვრებას ისწავლით. ეს ინფექციური დაავადებების პრევენციაში ძალიან დაგეხმარებათ. თუ საშოდან ძლიერი გამონადენი ყოველდღიურად გაწუხებთ და ჰიგიენური საფენების გარეშე ერთ დღესაც ვერ ძლებთ, შესაძლოა, ინფექცია უკვე განგივითარდათ, რის გამოც ექიმთან ვიზიტი აუცილებელია.

მართალია, ჩვენ მიერ მოწოდებული ინფორმაცია საყურადღებოა, მაგრამ ეს იმას სულაც არ ნიშნავს, რომ თქვენი ჰიგიენური საფენები უნდა გადაყაროთ და მათი არსებობა სამუდამოდ დაივიწყოთ. გახსოვდეთ, რომ ქალის ჰიგიენური საფენები ჯანმრთელობისთვის პოტენციურ საფრთხეს მხოლოდ მაშინ წარმოადგენს, როდესაც მათ ჭარბად მოიხმარენ. თუ საფენების ზომიერ მოხმარებას ისწავლით, ინფექციური დაავადებების განვითარების საფრთხე ნაკლებად დაგემუქრებათ. ექსპერტები გირჩევენ, რომ როგორც კი გარე სასქესო ორგანოების კანის დატენიანებას იგრძნობთ, საფენი დაუყოვნებლივ გამოიცვალოთ. არავითარ შემთხვევაში არ ატაროთ ერთი და იგივე ჰიგიენური საფენი ერთ დღეზე მეტ ხანს. დაძინებამდე საფენის გამოცვლა აუცილებელია.

• რა ტიპის ჰიგიენური საფენების გამოყენებას გირჩევენ ექსპერტები?

ქალბატონებს, რომლებსაც ჰიგიენურ საფენებთან გამოთხოვებაც არ სურთ და არც საკუთარი ჯანმრთელობისთვის ზიანის მიყენება უნდათ, ექსპერტები ურჩევენ ორგანული ბამბისგან დამზადებული საფენები შეიძინონ. მსგავსი ტიპის ჰიგიენური საფენი ნაკლებად საზიანოა. ის კანს არ აღიზიანებს და ინფექციების განვითარებისთვის კომფორტულ გარემოს არ ქმნის. ისეთი ჰიგიენური საფენები, რომლებიც ტოქსიკურ და ქიმიურ ნივთიერებებს არ შეიცავს, თქვენს ჯანმრთელობას საფრთხეს ნაკლებად უქმნის. გარდა ამისა, ზოგიერთი მათგანი მრავალჯერადი გამოყენებისაა. მთავარია, მსგავსი ტიპის საფენი ყოველი მოხმარების შემდეგ კარგად გარეცხოთ. უპირატესობა მიანიჭეთ ჰიპოალერგიულ, სწრაფი შეწოვის მქონე საფენებს. მეტი კომფორტისთვის, ეცადეთ მსუბუქი საფენები გამოიყენოთ. კანის გაღიზიანების თავიდან ასაცილებლად სურნელოვანი საფენების გამოყენებისგან თავი შეიკავეთ.

მომზადებულია ​womansworld.com-ის მიხედვით
თარგმნა ია ნაროუშვილმა 

შეიძლება დაინტერესდეთ

რატომ სტკივათ ბავშვებს ძვლები? - ბავშვთა ორთოპედ-ტრავმატოლოგ ნინო ჭოლოკავას რეკომენდაციები

რატომ სტკივათ ბავშვებს ძვლები? - ბავშვთა ორთოპედ-ტრავმატოლოგ ნინო ჭოლოკავას რეკომენდაციები

ბავშვთა ორთოპედ-ტრავმატოლოგმა ნინო ჭოლოკავამ ბავშვებში ძვლების ტკივილის ერთ-ერთ ხშირ გამომწვევ მიზეზზე ისაუბრა:

„როდესაც ბავშვები იზრდებიან, ძვალი იზრდება უფრო ჩქარა, ვიდრე კუნთები და მყესები, რომელიც მასზე არის მიმაგრებული. რაღაც მომენტში დგება დისბალანსი, როდესაც ძვალი დიდია, კუნთები შედარებით დაჭიმული. ის თავისი მიმაგრების ადგილებზე ქაჩავს და იწვევს გარკვეული სახის ტკივილებს. კარგი არის ის, რომ ეს არ არის პათოლოგია, მას არ სჭირდება სპეციფიური მკურნალობა.“

„ცუდია ზუსტად ის, რომ მას არ აქვს სპეციფიკური მკურნალობა. კიდევ ერთი, როდესაც ბავშვი მოდის, როგორც უნდა ვიყო დარწმუნებული, რომ მას აქვს ზრდის ტკივილი, მე უნდა გამოვრიცხო ყველა შესაძლო ვარიანტი, ყველა შესაძლო პათოლოგია. თუ იქ ყველაფერი წესრიგშია, მერე ვეუბნები მშობლებს: „თქვენს შვილს ზრდის ტკივილი აქვს.“ ცოტა მეტი სპორტი, ცოტა მეტი აქტივობა, ცოტა მეტი მოთმინება და ეს ყველაფერი გაივლის,“- აღნიშნულ საკითხზე საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „პირადი ექიმი - მარი მალაზონია“ ისაუბრა.

წყარო:​ „პირადი ექიმი - მარი მალაზონია“

წაიკითხეთ სრულად