Baby Bag

„ეს დაავადება განუკურნებელი არ არის“ - პაატა იმნაძე კორონავირუსზე

„ეს დაავადება განუკურნებელი არ არის“ - პაატა იმნაძე კორონავირუსზე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის სამეცნიერო ხელმძღვანელის პაატა იმნაძის განცხადებით, ახალ კორონავირუსთან დაკავშირებით ბევრი მოსაზრება და თეორია გავრცელდა, თუმცა ჯერ არ არის მეცნიერულად გამყარებული.

ერთ-ერთი თეორიის თანახმად, ამერიკელი მეცნიერები ფიქრობენ, რომ წითურას ვაქცინას შეუძლია ადამიანი არასპეციფიკურად დაიცვას აღნიშნული დაავადებისგან. ასეთი მოსაზრება იმიტომ არის, რომ ბავშვები ნაკლებად ავადდებიან, პატარებში მძიმე შემთხვევები საერთოდ არ არის, ასევე ახალგაზრდებში. გარდაცვლილთა უმრავლესობა 70 წელს გადაცილებული ადამიანებია, რომლებსაც ჯანმრთელობის სხვა პრობლემები აქვთ. მაგრამ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ეს ყველაფერი ჯერ არ არის გამყარებული მეცნიერული მტკიცებულებებით, ამიტომ, ამ თეორიებზე ლაპარაკი ჯერ არ შემიძლია“, - აღნიშნა პაატა იმნაძემ.

მისივე თქმით, კორონავირუსით დაახლოებით იმდენივე დაიღუპა, რამდენიც გამოჯანმრთელდა. როგორც პაატა იმნაძემ აღნიშნა, ვითარება საყურადღებოა, თუმცა საქართველოში პანიკის საფუძველი არ არსებობს.

„ჩვენ უნდა ვიყოთ ფრთხილად, ფხიზლად. საპანიკო და თავზენაცარდასაყრელი არაფერი გვჭირს. დღეს გამოქვეყნებული ოფიციალური მონაცემებით, კორონავირუსით 200 ადამიანზე ცოტა მეტი გარდაიცვალა და 200-მდე გამოჯანმრთლდა. ანუ დაახლოებით იმდენივე დაიღუპა, რამდენიც გამოჯანმრთელდა. აქედან გამომდინარე, ეს დაავადება განუკურნებელი არ არის. ჯერ მონაცემები ცოტაა, ვირუსი არის სულ რაღაც ერთი თვის. მიმდინარეობს ეპიდემიოლოგიური კვლევები. ამ დროისათვის ლეტალობა არის 2%-ის ფარგლებში. გაცილებით ნაკლები, ვიდრე ეს იყო წინა კორონავირუსების დროს. SARS-CoV-ის დროს ლეტალობა იყო თითქმის 10%, MERS-CoV-ის დროს - 30%-ზე მეტი. თუმცა კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნავ, ეს ახალი კორონავირუსი ძალიან საყურადღებოა,“ - განაცხადა პაატა იმნაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე.

ბოლო მონაცემებით, კორონავირუსის შედეგად 213 ადამიანია გარდაცვლილი. დაინფიცირებულთა რიცხვმა კი 9 692-ს მიაღწია, აქედან 90 შემთხვევა ჩინეთს გარეთ, 19 ქვეყანაში დაფიქსირდა. ამის შესახებ ინფორმაცია დაავადებათა კონტროლის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ გაავრცელა.

შეიძლება დაინტერესდეთ

„ანაფილაქსიურ შოკში მყოფი პაციენტი 98-99.3%-ით გადარჩება, თუ მას დაუყოვნებლივ ჩაუტარდება ადრენალინის ინექცია, ასევე სითხეების გადასხმა ინტრავენურად, ჟანგბადის მიწოდება“...

„ანაფილაქსიურ შოკში მყოფი პაციენტი 98-99.3%-ით გადარჩება, თუ მას დაუყოვნებლივ ჩაუტარდება ადრენალინის ინექცია, ასევე სითხეების გადასხმა ინტრავენურად, ჟანგბადის მიწოდება“...

ექიმი რეზიდენტი გიორგი ღოღობერიძე საზოგადოებას ანაფლაქსიასთან დაკავშირებით დეტალურ ინფორმაციას აწვდის. გთავაზობთ მის პოსტს ამ თემაზე.

​- რა დროში იწყება ანაფილაქსია?

- 5-30 წთ-ში მედიკამენტის გაკეთებიდან.

- არის რამე ტესტი რომ ვიცოდე, მექნება თუ არა ანაფილაქსია?
- სამწუხაროდ, არა.

- თუ არ ვარ ალერგიული, შეიძლება დამემართოს ანაფილაქსია?
- შეიძლება.

- თუ მაქვს ალერგიის მძიმე ანამნეზი, რა მომეთხოვება?
- ადრენალინის აუტოინექტორი (აქვთ კლინიკაში).

- რა არის ანაფილაქსიის პირველი ნიშნები, რას მივაქციო ყურადღება?
- უმთავრესად ეს არის მთელი სხეულის ქავილი, გამონაყარი ჭინჭრის ციების (ურტიკარიის) სახით, ზოგჯერ წვის შეგრძნება და შეხურება

  •  70%-ში სუნთქვის გაძნელება, ჰაერის უკმარისობის შეგრძნება სასუნთქი გზების შევიწროების გამო. შეიძლება თანხლებული იყოს ხმის ჩახლეჩით, ხველით.
  • 10-40%-ში ახლავს წნევის დაქვეითება. კლასიკურად სისტოლური წნევა ქვეითდება და ჩამოსცდება 90-ს; წნევის დაქვეითების პარალელურად პაციენტებს გულისცემა უხშირდებათ და უჩივიან გულის არეში უსიამოვნო განცდას;
  • 30-40%-ში ერთვის მუცლის ტკივილი, ფაღარათი, ღებინება.
  • 20%-ში ენის და ხორხის შეშუპება, რასაც პაციენტი გრძნობს წვის შეგრძნებით და ჩასუნთქვის გაძნელებით.

- რა იწვევს ანაფილაქსიას?
- ძირითადად ჩვენი პოხიერი უჯრედების და ბაზოფილების მიერ ჰისტამინის ჭარბი გამოყოფა.

- რა ხდება ანაფილაქსიის მძიმე ფორმების დროს?
ჭარბად გამოყოფილი ჰისტამინი იწვევს:
1. სასუნთქი გზების შევიწროებას (ბრონქოსპაზმი), რთულდება ასფიქსიით
2. სისხლძარღვების გაფართოებას და გულისკენ სისხლის მიდინების (პრედატვირთვის) შემცირებას (რთულდება დისტრიბუციული შოკით)
3. გულის კუმშვადობის დაქვეითებას (რთულდება კარდიოგენური შოკით).

- რით მთავრდება ანაფილაქსია?
- 98-99.3%-ში პაციენტის გადარჩენით, თუ მას დაუყოვნებლივ ჩაუტარდება ადრენალინის ინიექცია (კლასიკურად ბარძაყის კუნთში). ასევე სითხეების გადასხმა ინტრავენურად, ჟანგბადის მიწოდება, სტეროიდული ჰორმონების გამოყენება საჭიროებისამებრ.

- შეიძლება ადრენალინი გამიკეთდეს და არ იყოს ეფექტური?
- ძალიან იშვიათად. ადრენალინი შეიძლება არ იყოს ეფექტური, თუ კეთდება დაგვიანებით ან თუ თქვენ სვამთ ბეტა-ბლოკერებს. ეს აუცილებლად უნდა აცნობოთ ექიმს! ამ შემთხვევაში გამოყენებული იქნება გლუკაგონი ინტრავენურად.

- რა შეიძლება იყოს ანაფილაქსიის დროს გარდაცველების მიზეზი?

  • ასფიქსია, სასუნთქი გზების შეშუპების გამო
  • დისტრიბუციული შოკი, რადგან სისხლი პერიფერიაზე რჩება და გულისკენ აღარ იგზავნება
  • მიოკარდიუმის ინფარქტი, არითმია გულის მკვებავი სისხლძარღვების სპაზმის გამო.

- რა არის ალბათობა, რომ დამემართება ანაფილაქსია?
- ზოგადი ალბათობა არის 0.05%.

წაიკითხეთ სრულად