Baby Bag

​რატომ სუნთქავენ პატარები ხშირად და როგორია სუნთქვის სიხშირე ასაკის მიხედვით

​რატომ სუნთქავენ პატარები ხშირად და როგორია სუნთქვის სიხშირე ასაკის მიხედვით

რატომ სუნთქავენ პატარები ხშირად და როგორია სუნთქვის სიხშირე ასაკის მიხედვით, - აღნიშნულ თემაზე პედიატრი თამარ ობგაიძე ​წერს. გთავაზობთ მის ნათქვამს სიტყვა-სიტყვით.

„ყველა დედიკომ იცის, პატარა ხშირად სუნთქავს. ის თუ იცით, რატომ? იმიტომ, რომ ბავშვს ჟანგბადზე გაცილებით დიდი მოთხოვნილება აქვს, ვიდრე მოზრდილს, ამავე დროს პატარას სუნთქვა ზერელეა, კომპენსირება კი სწორედ სუნთქვის გახშირებით ხდება. ამიტომაც რაც უფრო მცირე ასაკისაა ბავშვი, მით უფრო ხშირად სუნთქავს.

გარდა ამისა, მოზრდილებისაგან განსხვავებით, მისი სუნთქვა რითმული არ არის, რასაც ადვილად შენიშნავთ სუნთქვაზე დაკვირვებისას. სუნთქვის რიტმი იცვლება არამარტო მოძრაობისას, არამედ ნერვული აგზნების ან გარემოს ტემპერატურის მატებისას. სუნთქვის სიხშირე მატულობს ცხელების, ასევე სასუნთქი გზების ინფექციების დროს.

არსებობს სუნთქვის ორი ტიპი - მუცლის და გულმკერდის. 1 წლამდე ასაკში სუნთქვა მუცლის ტიპისაა, რაც ნიშნავს, რომ სუნთქვისას მუცლის მოძრაობას უფრო შენიშნავთ, ვიდრე გულმკერდისას. 2 წლიდან სუნთქვა შერეული ხდება.

7-8 წლიდან კი სქესობრივი განსხვავებები ვლინდება - ვაჟებს უპირატესად მუცლის სუნთქვა უყალიბდებათ, გოგონებს კი გულმკერდის,“ - წერს პედიატრი თამარ ობგაიძე.


შეიძლება დაინტერესდეთ

„თითქოს ბავშვი ჯანმრთელია ყველანაირად, დარბის, უცებ ასტკივდა მუცელი და 24-48 საათში უკვე საოპერაციოში ხვდება,“- ბავშვთა ქირურგი მალხაზ კარტოზია აპენდიციტის ნიშნებზე

ბავშვთა ქირურგმა მალხაზ კარტოზიამ ბავშვებში აპდენდიციტის ნიშნები დაასახელა და მშობლებს მოუწოდა, რომ მსგავსი სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში სიფრთხილე გამოიჩინონ და პედიატრს მიმართონ:

„პატარა ბავშვის შემთხვევაშიც, განსაკუთრებით ორი წლის ასაკიდან, რომელიც ჭირვეულობს, აუხსნელია ტკივილი, თუ ჭირვეულობის მიზეზი, აუცილებლად გათვალისწინებული უნდა იყოს, რომ შესაძლებელია, აქ მიმდინარეობდეს მწვავე ქირურგიული პათოლოგია, როგორიც არის აპენდიციტი. თითქოს ბავშვი ჯანმრთელია ყველანაირად, დარბის, დახტის, უცებ ასტკივდა მუცელი და ეს პაციენტი, 24-48 საათში უკვე სტაციონარში ხვდება, საოპერაციოში ხვდება.

ბავშვთა ასაკში მუცლის ტკივილის შემთხვევაში ყოველთვის უნდა გვქონდეს მხედველობაში, რომ არ გამოგვეპაროს ქირურგიული პათოლოგია. პატარა ბავშვებში როდესაც იწყება მუდმივი ჭირვეულობა, როდესაც ბავშვს ცხელება წამოუვა, როდესაც ღებინების ეპიზოდია, როდესაც უძილო ღამეა, მშობლები ყოველთვის უნდა ვიყოთ ფხიზლად იმისთვის, რომ პირველივე ასეთ სიტუაციაში მივმართოთ პედიატრს,“- მოცემულ საკითხზე მალხაზ კარტოზიამ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „პირადი ექიმი - მარი მალაზონია“ ისაუბრა.

წყარო:​ „პირადი ექიმი - მარი მალაზონია“ 

წაიკითხეთ სრულად