Baby Bag

​რატომ სუნთქავენ პატარები ხშირად და როგორია სუნთქვის სიხშირე ასაკის მიხედვით

​რატომ სუნთქავენ პატარები ხშირად და როგორია სუნთქვის სიხშირე ასაკის მიხედვით

რატომ სუნთქავენ პატარები ხშირად და როგორია სუნთქვის სიხშირე ასაკის მიხედვით, - აღნიშნულ თემაზე პედიატრი თამარ ობგაიძე ​წერს. გთავაზობთ მის ნათქვამს სიტყვა-სიტყვით.

„ყველა დედიკომ იცის, პატარა ხშირად სუნთქავს. ის თუ იცით, რატომ? იმიტომ, რომ ბავშვს ჟანგბადზე გაცილებით დიდი მოთხოვნილება აქვს, ვიდრე მოზრდილს, ამავე დროს პატარას სუნთქვა ზერელეა, კომპენსირება კი სწორედ სუნთქვის გახშირებით ხდება. ამიტომაც რაც უფრო მცირე ასაკისაა ბავშვი, მით უფრო ხშირად სუნთქავს.

გარდა ამისა, მოზრდილებისაგან განსხვავებით, მისი სუნთქვა რითმული არ არის, რასაც ადვილად შენიშნავთ სუნთქვაზე დაკვირვებისას. სუნთქვის რიტმი იცვლება არამარტო მოძრაობისას, არამედ ნერვული აგზნების ან გარემოს ტემპერატურის მატებისას. სუნთქვის სიხშირე მატულობს ცხელების, ასევე სასუნთქი გზების ინფექციების დროს.

არსებობს სუნთქვის ორი ტიპი - მუცლის და გულმკერდის. 1 წლამდე ასაკში სუნთქვა მუცლის ტიპისაა, რაც ნიშნავს, რომ სუნთქვისას მუცლის მოძრაობას უფრო შენიშნავთ, ვიდრე გულმკერდისას. 2 წლიდან სუნთქვა შერეული ხდება.

7-8 წლიდან კი სქესობრივი განსხვავებები ვლინდება - ვაჟებს უპირატესად მუცლის სუნთქვა უყალიბდებათ, გოგონებს კი გულმკერდის,“ - წერს პედიატრი თამარ ობგაიძე.


შეიძლება დაინტერესდეთ

„ეს არის უსასტიკესი ვირუსი ფეხმძიმეების შემთხვევაში, რომელიც სახსრების ტკივილს იწვევს,“- გიორგი ღოღობერიძე

„ეს არის უსასტიკესი ვირუსი ფეხმძიმეების შემთხვევაში, რომელიც სახსრების ტკივილს იწვევს,“- გიორგი ღოღობერიძე

ექიმმა გიორგი ღოღობერიძემ ორსულ ქალებში სახსრების ტკივილით მიმდინარე სახიფათო ვირუსის შესახებ ისაუბრა:

„წარმოვიდგინოთ, რომ ახალგაზრდა ქალბატონს ხელებში სახსრების მტკივნეულობა აწუხებს. ეს ტკივილი მას გამოხატული აქვს დილის საათებში, როდესაც იღვიძებს, გრძნობს შებოჭილობას, უჭირს თითების მოძრაობა. თითების გამოძრავებასთან ერთად შვება მოსდის და აღარ აწუხებს ეს სახსრები. ეს ქალი ფეხმძიმედაა. რა შეიძლება მოხდეს, თუ უყურადღებოდ ვიქნებით და სახსრების ტკივილს არ დავუთმობთ მეტ ყურადღებას? თუ აქამდე სახსრები მას არასდროს არ ტკიოდა და დაეწყო ახლახანს, ამ ტკივილს ახლავს გამონაყარი, ან არ ახლავს, შეიძლება მოხდეს ძალიან ცუდი რაღაც. ეს არის ნაყოფის წყალმანკი. არის ასეთი ვირუსი, მას ჰქვია პარვოვირუსი. ეს არის უმცირესი ზომის, დნმ-ის შემცველი შიშველი ვირუსი, რომელიც უსაფრთხოა ძალიან ბევრი ადამიანისთვის. ის მათ არ უქმნის პრობლემას, მაგრამ ფეხმძიმეების შემთხვევაში ის ძალიან პრობლემურია.

ფეხმძიმე ქალებში ის იწვევს სახსრების დაზიანებას. ყველაზე მეტად ამ დროს ზიანდება მტევნის სახსრები. მან შეიძლება დააზიანოს მაჯის სახსრებიც. გარდა ამ სახსრების დაზიანებისა, მას შეიძლება ახლდეს გამონაყარი, ან გამონაყარი არც კი იყოს. ეს დაავადება ძალიან ემსგავსება რევმატოიდულ ართრიტს. პარვოვირუსი ვრცელდება არამხოლოდ სახსრებში, ასევე ვრცელდება საშვილოსნოშიც. ეს ძალიან ცუდი მდგომარეობაა. ის ნაყოფში გადასვლის შემდეგ გამოიწვევს ნაყოფის ძვლის ტვინის დაზიანებას. ნაყოფის სხეულში ჟანგბადის შემცველობა ძალიან დაეცემა. ნაყოფის გული მაშინვე გააქტიურდება, გაზირდება გულისცემის სიხშირე. სისხლძარღვებში ბევრი სისხლია. ნაყოფი ნელ-ნელა შეშუპდება. მას მუცლის ღრუში დაუგროვდება ბევრი წყალი, ასევე ფილტვებსა და პლევრის ღრუში. ნაყოფის შეშუპებას საბოლოო ჯამში შეიძლება მოჰყვეს ნაყოფის კვდომა და მისი მოცილება. პარვოვირუსი B 19 არის უვნებელი ბევრი ადამიანისთვის, მაგრამ ფეხმძიმეების შემთხვევაში ის არის ძალიან სახიფათო. ფეხმძიმეებში ის მხოლოდ სახსრების ტკივილს გამოიწვევს და ორსული მას არ მიაქცევს დიდ ყურადღებას. შეიძლება ექიმმაც ვერ გამოიცნოს სწორად ეს დაავადება. პარვოვირუსი B19 არის უსასტიკესი ვირუსი ფეხმძიმეების შემთხვევაში. კითხვა ჩნდება, სად ნახა ფეხმძიმე ქალმა ეს ვირუსი? ეს ვირუსი ძალიან არის გავრცელებული სკოლის ასაკის ბავშვებში. ის ბავშვებში მხოლოდ გაციებას იწვევს, მეტს არაფერს. ბავშვს დაეწყება გამონაყარი. გამონაყარი დაეშვება მთელი სხეულისკენ. თუ შენ იცნობ ასეთ ბავშვს, რომელსაც აქვს გამონადენი, ცხელება და ზემოდან ქვემოთ მიმავალი გამონაყარი, უნდა იფიქრო, რომ მას შეიძლება ჰქონდეს პარვოვირუს B19, რომელიც ბავშვისთვის უსაფრთხოა, მაგრამ ძალიან სახიფათოა ფეხმძიმეების შემთხვევაში. ყოველთვის მოერიდე, როდესაც ფეხმძიმე იქნები, დაინფიცირებულ საზოგადოებას,“-აღნიშნა გიორგი ღოღობერიძემ.

წყარო: ​Usmle მოსამზადებელი ცენტრი

წაიკითხეთ სრულად