Baby Bag

როგორ ჩავატაროთ ცურვის გაკვეთილები ჩვილებისათვის შინ და როგორ მოვემზადოთ საცურაო აუზისათვის

როგორ ჩავატაროთ ცურვის გაკვეთილები ჩვილებისათვის შინ და როგორ მოვემზადოთ საცურაო აუზისათვის

როგორ ჩავატაროთ ცურვის გაკვეთილები ჩვილებისათვის შინ და როგორ მოვემზადოთ საცურაო აუზისათვის - ამის შესახებ პედიატრი თამარ ობგაიძე ​საუბრობს. გთავაზობთ მის ნათქვამს სიტყვა-სიტყვით:

წინა ბლოგში ჩვილებისათვის ​ცურვის სიკეთეებზე მოგიყევით.

სანამ პატარას აუზზე მიიყვანთ, საჭიროა წინასწარ მოემზადოთ.

აუზის შერჩევის შემდეგ პედიატრთან ვიზიტი დაგეგმეთ. თქვენი ექიმი ბავშვის ფიზიკურ და ფსიქო-მოტორულ განვითარებასთან ერთად მის ჯანმრთელობას სრულად გამოიკვლევს და შესაბამის დოკუმენტს მოგცემთ, რომელიც აუზზე უნდა წარადგინოთ.

​აუზზე წასვლამდე ბოლო კვება 1 საათით ადრე მიეცით, სავსე კუჭმა პატარას წყალში მოძრაობისას დისკომფორტი რომ არ შეუქმნას.

სანამ აუზს ესტუმრებით

თუ თქვენ უკვე შეარჩიეთ საბავშვო საცურაო აუზი, გირჩევთ, პირველ ვიზიტამდე 2 კვირით ადრე დაიწყოთ მზადება. ამისათვის ბავშვის აბაზანაში წყლის ტემპერატურა ნელ-ნელა დასწიეთ 37 გრადუსიდან 33-მდე, საცურაო აუზში სწორედ ასეთი ტემპერატურა დაგვხვდებათ და პატარასთავის ეს ცვალებადობა სტრესული არ აღმოჩნდება.

ვატარებთ ცურვის გაკვეთილს შინ

იმ შემთხვევაში, თუ ვერ ახერეხებთ ჩვილის საცუარო აუზზე მიყვანას, წყალში გამაჯანსაღებელი გაკვეთილები შეგიძლიათ შინ ჩაატაროთ.

​პირველ რიგში, კარგად გაასუფთავეთ აბაზანა.

არ გამოიყენოთ გასაწმენდად ქლორი ან სხვა ქიმიური საშუალება, რათა ბავშვის კანის გაღიზიანება და ალერგია აიცილოთ თავიდან.

აბაზანის გასასუფთავებლად საკვები სოდის გამოყენება სრულიად უსაფრთხოა.

ჩვილი წყლით სავსე აბაზანაში ფრთხილად ჩასვით. არ შეუდგეთ აქტივობას მაშინვე. მიეცით ბავშვს საშუალება, ნელ-ნელა შეეგუოს წყლის ტემპერატურას და გარემოს.

ვარჯიში ჰორიზონტალურად ზურგზე მწოლიარე პოზიციაში იწყება.

გადაიწვინეთ ხელზე ისე, რომ კარგად დაუფიქსიროთ ხელით ზურგი ბეჭების არეში. ამოძრავეთ ამ მდგომარეობაში წყალში.

რამდენიმე გაკვეთილის მერე შეეცადეთ, ხელი კეფისა და კისრის არეში დააფიქსიროთ. ჩვილი ნელ-ნელა ისწავლის სხეულის ვერტიკალურად დაჭერას ამ მდგომარეობაში.

ამ უნარის შეძენის შედმეგ კი მუცლის პოზიციაზე გადადით. ამისათვის ორივე ხელის გამოყენება დაგჭირდებათ. ერთ ხელით მუცლის და გულმკერდის არე დაუფიქსირეთ და ზედ დააწვინეთ პატარა, მეორე ხელი კი ქვედა ყბაზე მოათავსეთ, რომ სახე წყალში არ ჩაჰყოს.

​აბაზანაში წყლის სათამაშო მოათავსეთ. ის ბავშვისათვის გარკვეული მიზანი იქნება, რასაც გადადგილებით უნდა მიაღწიოს.

რამდენიმე ასეთი ვარჯიშის შემდეგ ჩვილს არ ექნება წყლის არავითარი შიში და ის თავად დაიწყებს წყალში მოძრაობას და ფართხალს, რაც აუცილებლდ სიამოვნებას მიანიჭებს მას, თქვენ კი აუცილებლად მოგგვრით სიხარულს.

არ დაგავიწყდეთ, რომ ვარჯიში სისტემატური უნდა იყოს, მხოლოდ ასე ექნება მას სასარგებლო გამაჯანსაღებელი ეფექტები.

შეიძლება დაინტერესდეთ

,,ყველაზე საგანგაშო არის მუცლის შემაწუხებელი ტკივილი, რომელიც არ გადის და მატულობს" - დავით მახათაძე

,,ყველაზე საგანგაშო არის მუცლის შემაწუხებელი ტკივილი, რომელიც არ გადის და მატულობს" - დავით მახათაძე

მუცლის ტკივილის შემთხვევაში, როდის უნდა მიმართოს მშობელმა ექიმს და დასაშვებია თუ არა თვითნებურად მედიკამენტების გამოყენება - ამის შესახებ ბავშვთა გასტროენტეროლოგმა, დავით მახათაძემ ,,პირველი არხის" გადაცემაში ,,პირადი ექიმი მარი მალაზონია" ისაუბრა.

,,თუ ბავშვს მუცელი სტკივა, ის არის მუდმივი და ძალიან შემაწუხებელი, მშობელმა მაქსიმალურად დროულად უნდა მიმართოს ექიმს, რადგან ყველაზე მნიშვნელოვანია, გაიმიჯნოს ქირურგიული და არაქირურგიული პათოლოგია. შესაძლოა, ეს ყველაფერი დაემთხვას ახალი წლის დღეებს, მაგრამ არც ამ დღეებშია გამორიცხული, ბავშვს განუვითარდეს ისეთი დაავადება, როგორიცაა არის, ვთქვათ, მწვავე აპენდიციტი. ამიტომ, თუ მუცლის ტკივილი არ სრულდება, კატეგორიულად და აუცილებლად უნდა ჩაერიოს ექიმი.

მედიკამენტების გამოყენება დიდი რისკია. როდესაც ექიმი გასინჯავს ბავშვს, ის ურჩევს მშობელს, უნდა გამოიყენოს გამაყუჩებელი თუ სხვა გზა არის საჭირო. არ უნდა დავიწყოთ ტკივილგამაყუჩებლით მუცლის ძლიერი და შემაწუხებელი ტკივილის დროს. რაც შეეხება ღებინებას - თავდაპირველად, რა თქმა უნდა, უნდა დავიწყოთ ბავშვისთვის სითხის მიცემა; ვთქვათ, გაზგასული მინერალური წყლის და დავაკვირდეთ, რამდენად იღებს ის სითხეს. თუ ბავშვს სითხე ერგება და ღებინების ინტენსივობა თანდათან მცირდება, ეს ნიშანია იმისა, რომ აქ არაფერი განსაკუთრებული და სერიოზული არ ხდება. უბრალოდ, ბავშვს სჭირდება დაკვირვება, დიეტა და მშობელი უნდა მოიქცეს იმის მიხედვით, თუ როგორ განვითარდება მოვლენები - იქნება თუ არა საჭირო ექიმთან დაკავშირება. ყველაზე საგანგაშო არის მუცლის შემაწუხებელი ტკივილი, რომელიც არ გადის და მატულობს.

ღებინება საგანგაშო ხდება მაშინ, როდესაც ის არ სრულდება და ბავშვი ვერ ახერხებს ვერანაირი სითხის მიღებას. ეს პირდაპირი ნიშანია იმისა, რომ აუცილებლად უნდა მივმართოთ ექიმს. თუ ბავშვს მუცლის ტკივილი აქვს და თან მას არ აქვს კუჭის მოქმედება, ამ მომენტსაც აუცილებლად უნდა მიექცეს ყურადღება. როდესაც მშობელი აღმოაჩენს, რომ რამდენიმე დღეა, მის შვილს არ ჰქონია კუჭის მოქმედება, როცა, ჩვეულებრივ, ამ მხრივ მას პრობლემები არ ჰქონია, ესეც საგანგაშო სინდრომია და პირდაპირი მინიშნებაა იმისა, რომ მან უნდა მიმართოს ექიმს", - აღნიშნა დავით მახათაძემ.

წყარო: ,,პირადი ექიმი მარი მალაზონია"

წაიკითხეთ სრულად