Baby Bag

როგორი უნდა იყოს ბავშვის გულისცემა?

როგორი უნდა იყოს ბავშვის გულისცემა?

ბავშვის გულისცემა ყოველთვის რიტმული და თანმიმდევრული არ არის. შესაძლოა, პატარას გული ზოგჯერ უფრო მეტი სიხშირით ცემდეს, ვიდრე ჩვეულებრივ. რიგ შემთხვევებში გულის შეკუმშვებს შორის ჩავარდნები და გამოტოვებებიც შეინიშნება, რაც ბავშვებში ნორმალური მოვლენაა, თუმცა არა ყოველთვის. არარეგულარული პულსი და არითმია, შეიძლება, სერიოზულ პრობლემაზე მიგანიშნებდეთ.

​ჩვენს სტატიაში ბავშვის გულისცემის შესახებ დეტალურ ინფორმაციას მოგაწვდით. გაგარკვევთ, რა ითვლება ნორმად და რაზე უნდა გაამახვილოთ ყურადღება. ამასთან, არითმიის შესახებ სასარგებლო და საინტერესო ცნობებს მოგაწვდით.

როგორი უნდა იყოს ბავშვის გულისცემა?

ბავშვის გულისცემა მოზრდილი ადამიანების გულისცემისგან მნიშვნელოვნად განსხვავდება. საშუალოდ პატარების ნორმალური პულსის მაჩვენებელი მოსვენებულ მდგომარეობაში წუთში 60 დარტყმას უტოლდება, ხოლო აქტიურობისას ის, შესაძლოა, წუთში 220 დარტყმამადეც კი ავიდეს. ჩვილ ბავშვებს მოზრდილ ბავშვებთან შედარებით მაღალი გულისცემა აქვთ. ბავშვის ნორმალური გულისცემის მაჩვენებელი ასაკთან ერთად იცვლება. ის მოსვენებულ და აქტიურ მდგომარეობაში ერთმანეთისგან მნიშვნელოვნად განსხვავდება. 3-4 წლის ასაკის ბავშვებში გულისცემის ნორმალური მაჩვენებელი მოსვენებულ მდგომარეობაში წუთში 80-120 დარტყმამდე მერყეობს, 5-6 წლის პატარებში 75-110 ბიძგს უტოლდება, 7-9 წლის ბავშვებისთვის წუთში 70-110 დარტყმა სავსებით ნორმალურია, ხოლო 10 წელს გადაცილებული ბავშვისთვის გულისცემის სიხშირე წუთში 60-100 ბიძგამდე მერყეობს. თითოეული ბავშვისთვის აღნიშნული მაჩვენებელი ინდივიდუალურად იცვლება. ყველაფერი მის ასაკსა და ცხოვრების სტილზეა დამოკიდებული.
არითმია ბავშვებში

გულისცემის სიხშირის მაჩვენებლის ცვლა საშიში არ არის. როდესაც ბავშვი დარბის ან თამაშობს, მისი პულსი მატულობს, ხოლო მოსვენებულ მდგომარეობაში გულისცემის სიხშირე იკლებს. ძილის დროს პატარების გულისცემის მაჩვენებელი მნიშვნელოვან ვარდნას განიცდის, ინტენსიური ფიზიკური დატვირთვის დროს კი ძალიან მატულობს. თუ ბავშვის პულსი უმიზეზო ცვლილებას განიცდის, ე.ი. საქმე ჯანმრთელობის გარკვეულ პრობლემასთან გვაქვს. გულისცემის მაჩვენებლის ხშირ და უმიზეზო ცვლილებას სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები არითმიას უწოდებენ. ბავშვები, რომლებსაც არითმია აწუხებთ, ზედმეტად აჩქარებული ან შენელებული პულსით იტანჯებიან, მათ გულის ამოვარდნის, ბიძგების გამოტოვების და მეტისმეტად სწრაფი პულსაციის პრობლემა ხშირად აწუხებთ.

არითმიის სახეები:

არითმიის სხვადასხვა ნაირსახეობა არსებობს. მათგან უმეტესობა სავსებით უვნებელია, თუმცა გარკვეული სახის არითმიები ბავშვის სიცოცხლისთვის სერიოზული საფრთხის შემცველია, რის გამოც გულისცემის მაჩვენებლის უმიზეზო ცვლილებას ყოველთვის ყურადღებით უნდა მოეკიდოთ.

• ტაქიკარდია

ტაქიკარდია ისეთი მდგომარეობაა, როდესაც ბავშვის პულსი წუთში 100 დარტყმაზე მაღალ მაჩვენებელს უტოლდება. გარკვეულ ასაკამდე ბავშვის გულისცემის ნორმალური მაჩვენებელი წუთში 100 დარტყმაზე მაღალია. მსგავს შემთხვევაში ექიმები ტაქიკარდიის დიაგნოზს არ სვამენ. პატარებში ტაქიკარდიის განვითარება, შესაძლოა, ფიზიოლოგიური ცვლილებებით, გარკვეული რიგის მედიკამენტების მიღებით ან სხვა ფორმის არითმიებით იყოს გამოწვეული. ტაქიკარდია 3 ფორმით ვლინდება:

• სინუსური ტაქიკარდია

სინუსური ტაქიკარდიის დროს გულისცემის სიხშირე ბუნებრივად იმატებს. გულის შეკუმშვების სიხშირე სინუსური კვანძების აქტივობაზეა დამოკიდებული. თუ სინუსური კვანძები მეტისმეტად აქტიურია გულისცემის მაჩვენებელი მატულობს. სინუსური ტაქიკარდიის დროს სინუსური რიტმი დარღვეული არ არის. გულისცემის მაჩვენებლის მატება, როგორც წესი, ემთხვევა ბავშვის აქტივობის ხარისხის გაზრდას, ხოლო მოსვენებულ მდგომარეობაში მნიშვნელოვნად იკლებს. სინუსური ტაქიკარდია სწრაფად არ იწყება და მისი განვითარება ნელ-ნელა ხდება. გულის შეკუმშვათა სიხშირე მნიშვნელოვნად იზრდება, თუმცა აღნიშნული ცვლილება ბავშვის სიცოცხლისთვის საფრთხეს არ შეიცავს.

• სუპრავენტიკულარული ტაქიკარდია

აღნიშნული ტიპის ტაქიკარდიის დროს ბავშვის გულისცემის მაჩვენებელი არანორმალურად იზრდება და ის წუთში 220 ბიძგს უტოლდება. სუპრავენტიკულარული ტაქიკარდია ბავშვებში ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული დარღვევაა. როგორც წესი, მსგავს გადახრებს ისეთი ტიპის სინდრომები იწვევს, როგორიცაა: ვოლფ-პარკინსონ-უაიტის სინდრომი და გულის ისეთი კონგენიტალური დაავდება, როგორიც არის ებშტეინის ანომალია. სუპრავენტიკულარული ტაქიკარდია გულის ზედა და ქვედა საკნებზე ვრცელდება, თუცმა, როგორც წესი, ის სიცოცხლისთვის საშიში არ არის. მსგავსი ტიპის ტაქიკარდია გულის პარკუჭების არასათანადო ფუნქციონირებით არის გამოწვეული. იშვიათ შემთხვევებში ის ბავშვის სიცოცხლისთვის საფრთხის შემცველიც შეიძლება გახდეს.

• ბრადიკარდია

ბრადიკარდია ტაქიკარდიის საპირისპირო მოვლენაა. თუ ბავშვის გულისცემის სიხშირე წუთში 50 დარტყმაზე ნაკლებია, ე.ი. მას ბრადიკარდია აწუხებს. სანამ ექიმი ბრადიკარდიის დიაგნოზს დასვამს, ეს დეტალურად იკვლევს ბავშვის ცხოვრების წესს და მისი აქტივობის ხარისხს. ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭება პატარას ასაკსაც.

ბავშვებში გულისცემის პათოლოგიურ მაჩვენებლებს სინუსური კვანძის სისუსტის სინდრომი და გულის ბლოკადაც იწვევს.

სიმპტომები, რომლებიც ბავშვებში გულისცემის ნორმალური რიტმის დარღვევაზე მიგანიშნებთ

არითმია ადამიანს ნებისმიერ ასაკში შეიძლება გამოუვლინდეს. დიაგნოზის დასასმელად კი შესაბამისი სამედიცინო შემოწმების გავლა და დიაგნოსტიკური პროცედურების ჩატარება აუცილებელია. გულისცემის ნორმალური რიტმის დარღვევის შემთხვევაში ბავშვს შემდეგი სახის სიმპტომები გამოუვლინდება:

• აჩქარებული ან შენელებული პულსი

• თავბრუსხვევა

• სისუსტისა და დაღლილობის შეგრძნება

• გულის ძლიერი შეკუმშვის შეგრძნება

• ტკივილი გულ-მკერდის არეში

გულს ნორმალური ფუნქციონირებისთვის შეკუმშვათა რიტმული და თანმიმდევრული რაოდენობა ესაჭიროება. თუ გულისცემა გამუდმებით არითმიულია, ერთ-ერთი მთავარი ორგანო თავის ფუნქციას კარგად ვერ ასრულებს, რის გამოც ორგანიზმში გარკვეული ცვლილებები ხდება, რაც სამომავლოდ ჯანმრთელობის სერიოზული დაზიანების საფუძველიც შეიძლება გახდეს.

ვის აქვს არითმიის განვითარების რისკი?

არითმია ძალიან ხშირად აწუხებთ იმ პატარებს, რომლებსაც გულის კონგენიტალური ანომალიები აქვთ, მაგ. გულის სარქვლოვანი დაავადებები. არითმიის განვითარების რისკ-ჯგუფში იმყოფებიან ის ბავშვებიც, რომლებსაც ძილის აპნოე, დიაბეტი ან სხვადასხვა სახის ინფექციური დაავადებები აწუხებთ. გულისცემის ნორმალური რიტმის დარღვევა, შესაძლოა, ქირურგიული ჩარევით, გარკვეული ტიპის მედიკამენტების მიღებით და სისხლში კალიუმის შემცველობის ნაკლებობით იყოს გამოწვეული.

როდის უნდა მიიყვანოთ ბავშვი ექიმთან?

ბავშვის გულისცემის სიხშირე მისი აქტივობის ხარისხის ცვლილებასთან ერთად იცვლება, თუცმა თუ ამჩნევთ, რომ ბავშვის პულსი გარეგანი გამღიზიანებლების ზემოქმედების გარეშე მატულობს ან იკლებს, აუცილებლად მიაკითხეთ პედიატრს. რიგ შემთხვევებში გულისცემის არანორმალური რიტმი გულის სერიოზული დაავადებებითაც არის გამოწვეული, რაც არ უნდა გამოგეპაროთ.

როგორ უნდა უმკურნალოთ არითმიას?

ბავშვებში გულისცემის რიტმის დარღვევას სხვადასხვაგვარად მკურნალობენ. როგორც წესი, ექიმები ყველაზე ხშირად მედიკამენტოზურ მკურნალობას ნიშნავენ. ისინი აქტიურად იყენებენ კარდიალურ კათეტერიზაციას, კარდიოვერტერ-დეფიბრილატორს, კარდიოვერსიას. შედარებით რთულ შემთხვევებში აუცილებელი ხდება ქირურგიული ჩარევა.

როდის და როგორ უნდა გაზომოთ ბავშვის გულისცემის სიხშირე?

ბავშვის გულისცემის სიხშირის შემოწმება მშობლებმა აუცილებლად უნდა იცოდნენ, განსაკუთრებით იმ შემთხვევებში, როდესაც ბავშვს გულის პრობლემები აქვს. გულისცემის სიხშირის გაზომვა აუცილებელია, თუ:

• ბავშვი წუხს და გულის არეში უსიამოვნო შეგრძნებები უჩნდება

• პატარა გრძნობს ბიძგების გამოტოვებას

• ბავშვს გულ-მკერდის არეში ტკივილის შეგრძნება აქვს

• პატარას მოულოდნელად უძნელდება სუნთქვა (არ აქვს ასთმა)

• ბავშვს ტუჩები და კანი ულურჯდება

იმის გასარკვევად, აქვს თუ არა ბავშს გულისცემის რიტმის დარღვევა, შემდეგი რეკომენდაციებით იხელმძღვანელეთ:

• ბავშვის გულისცემის განსასაზღვრად უმჯობესია, თუ პულსს მაჯაზე გაზომავთ. მოსახერხებელია პულსის კისერზე გაზომვაც, რადგან აღნიშნულ ზონაში არტერია კანთან ახლოს არის.

• პულსის გაზომვამდე ბავშვი 10 წუთის განმავლობაში მოსვენებულ მდგომარეობაში უნდა იყოს.

• ბავშვმა ხელი უნდა გაასწოროს და ხელისგული მაღლა მიმართოს. ამის შემდეგ შუა და საჩვენებელი თითები პატარას მაჯაზე დაადეთ და როდესაც გულისცემას იგრძნობთ, მისი გაზომვა დაიწყეთ.

• აუცილებელია გულისცემის მაჩვენებელი მინიმუმ 15 წამის განმავლობაში მაინც დათვალოთ.

• 15 წამის მანძილზე მიღებული მონაცემები 4-ზე გადაამრავლეთ, რათა წუთში გულისცემის სიხშირე სწორად გამოთვალოთ.

ცხოვრება არითმიასთან ერთად

ბავშვებში არითმიის პრევენცია ყოველთვის შესაძლებელი არ არის, რადგან ის ხშირად გენეტიკურ ხასიათს ატარებს. თუ არითმია მემკვიდრეობითი არ არის, გულის ჯანმრთელობაზე ზრუნვა ბავშვს ბრადიკარდიის ან ტაქიკარდიის განვითარებისგან დაიცავს. თუ ბავშვის გულისცემა ნორმალური არ არის, იზრუნეთ, რომ:

• ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა რეგულარულად გადაამოწმოს პროფესიონალმა ექიმმა.

• სისტემატურად გადაამოწმოთ ბავშვის გულისცემის სიხშირე.

• ბავშვი დაბალცხიმოვანი და ქოლესტერინის ნაკლები შემცველობის მქონე პროდუქტებით ჯანსაღად გამოკვებოთ.

• ბავშვმა ჯანსაღი ცხოვრების წესს მისდიოს, რეგულარულად ივარჯიშოს და სათანადოდ დაისვენოს.

• იყოთ მაქსიმალურად ინფორმირებული არითმიის მკურნალობის ახალი მეთოდებისა და ინოვაციების შესახებ.

ბავშვის მკურნალ ექიმს რეგულარულად მიაწოდეთ ცნობები ბავშვის ზოგადი მდგომარეობის შესახებ. ახალი სიმპტომების გამოვლენა არ უნდა გამოგეპაროთ. თუ აღმოაჩენთ, რომ თქვენს შვილს არითმია აქვს, მის მკურნალობას სათანადო ყურადღება უნდა დაუთმოთ. 

მომზადებულია momjunction.com-ის მიხედვით

თარგმნა ია ნაროუშვილმა

შეიძლება დაინტერესდეთ

მშობლებს აუცილებლად სურთ, გადასხმა ჩატარდეს, რაც, მათი აზრით, სწრაფად გამოაჯანმრთელებს ბავშვს

მშობლებს აუცილებლად სურთ, გადასხმა ჩატარდეს, რაც, მათი აზრით, სწრაფად გამოაჯანმრთელებს ბავშვს

როდის გვჭირდება გადასხმა დიარეის შემთხვევაში? - აღნიშნულ თემაზე პედიატრი თამარ ობგაიძე​ საუბრობს:

„ასე ხშირად ხდება-ვიზიტზე მოჰყავთ ბავშვი ნაწლავთა აშლილობით. მშობლებს აუცილებლად სურთ, გადასხმა ჩატარდეს, რაც, მათი აზრით, სწრაფად გამოაჯანმრთელებს ბავშვს. თუმცა ირკვევა, რომ ის ელექტოლიტური ხსნარს და სხვა სითხეებს კარგად სვამს. გაუწყლოების ნიშნები არ აქვს.

ფიქრობთ, რომ მაინც უნდა გადავუსხათ სითხეები?

მოდით, სულ თავიდან დავიწყოთ. ინტრავენური თერაპია ნიშნავს მედიკამენტის ან სისხლის შეყვანას ვენაში სამკურნალო მიზნით. მისი ისტორია უხსოვარი დროიდან იწყება. მას შემდეგ, რაც ადამიანმა ისწავლა სისხლის გამოშვება ვენიდან და ეს მეთოდი საუკუნეთა მანძილზე გამოიყენებოდა მძიმე დაავადებათა სამკურნალოდ, ხშირად სრულიად გაუმართლებლად და ფატალური შედეგით. ცნობილია, რომ კოლხი მედეა ცხვრის სისხლის გადასხმას ახალგაზრდობის გასახანგრძლივებლად ატარებდა. ცოტა ფანტასტიკის სფერო კია, მაგრამ ლეგენდა სწორედ ასე მოგვითხრობს.

სითხეების ინტრავენური გადასხმა მე-19 საუკუნეში წარმატებით გამოიყენეს ქოლერის ეპიდემიის დროს, ხოლო მას შემდეგ, რაც მე-20 საუკუნეში სისხლის ჯგუფები აღმოაჩინეს, სისხლის გადასხმისათვის ი/ვ მანიპულაციების გამოყენება ხშირად ხდებოდა და და მან ათასობით ადამიანის სიცოცხლე იხსნა.

რა დროს მივმართავთ ინტრავენურ თერაპიას? 

ეს სამი მიზეზით ხდება: სისხლის გადასხმა, სითხეების გადასხმა, მედიკამენტის შეყვანა ვენაში.

დიარეის დროს ელექტროლიტური ხსნარის ინტრავენური შეყვანა მაშინაა ნაჩვენები, როცა ბავშვი სითხეებს ვერ ან არ იღებს, ვთქვათ, ღებინების გამო, ძალიან მისუსტებულია, აქვს ძლიერი გაუწყლოების ნიშნები. შეფასებას ექიმი ახორციელებს და შესაბამის გადაწყვეტილებას იღებს.

ასე, რომ დასაწყისში ჩემს მიერ დასმულ კითხვაზე თუ თქვენი პასუხია „არა”, თქვენ მართალი ხართ - თუ ბავშვი სითხეებს კარგად იღებს, მას ყველა შემთხვევაში გადასხმა არ სჭირდება.

მრავალრიცხოვანი კვლევით დადგენილია, რომ თუ პატარს ელექტროლიტური ხსნარის დალევა შეუძლია და აქტიურად იღებს მას, სარწმუნოდ უფრო სწრაფად უწყდება დიარეა, ვიდრე ელექტროლიტების ინტრავენური გადასხმისას.

ასე, რომ დიარეის დროს შეეცადეთ, აქტიურად მისცეთ ბავშვს სითხეები და ელექტროლიტური ხსნარი გაუწლოების თავიდან ასაცილებლად. გაუწყლოების ნიშნების გამოჩენისას კი გადაუდებლად უნდა მიაკითხოთ ექიმს,“ - აღნიშნავს პედიატრი. 

წაიკითხეთ სრულად