Baby Bag

„თუ სქესობრივი განათლება ჯეროვან დონეზე არ აიმაღლა ადამიანმა, მისი ჯანმრთელობა დაინგრევა და განწირული იქნება ტანჯვისთვის“ - სექსოლოგი ზურაბ მარშანია

„თუ სქესობრივი განათლება ჯეროვან დონეზე არ აიმაღლა ადამიანმა, მისი ჯანმრთელობა დაინგრევა და განწირული იქნება ტანჯვისთვის“ - სექსოლოგი ზურაბ მარშანია

რა განაპირობებს საქართველოში სექსის მიმართ არაჯანსაღ დამოკიდებულებას, რატომ არის დღემდე ეს თემა მეტ-ნაკლებად ტაბუდადებული და რამდენად ხშირად მიმართავენ სექსუალური დისფუნქციის პრობლემის მქონე წყვილები სექსოლოგს - ამ და სხვა საინტერსო კითხვებზე ​M​omsedu.ge-ს სექსოლოგმა ზურაბ მარშანიამ უპასუხა. 

- საქართველოში სექსის თემა მეტ-ნაკლებად ტაბუდადებულია. რა მდგომარეობაა ამჟამად. რამდენად არის თქვენთან მომართვიანობა გაზრდილი?

- სანამ აღნიშნულ კითხვას ვუპასუხებდეთ, აუცილებლად უნდა ვთქვათ, რომ სექსი გლობალური და საყოველთაო თვალსაზრისით არის სიცოცხლის საწყისი. თუ არ არის სექსი, ვერ გამრავლდება ადამიანი. პროკრეატიულის გარდა, მას რეკრეატიული (სიამოვნების) ფუნქციაც გააჩნია. სრულფასოვანი და ჰარმონიული სექსუალური ცხოვრების მეშვეობით, ადამიანი ბედნიერი ხდება, რასაც ნამდვილად იმსახურებს.
რაც შეეხება თქვენს შეკითხვას, ჩვენდა სამარცხვინოდ, მართლაც რომ ტაბუირებულია ეს საკითხი და გვრცხვენია ამაზე საუბარი. მიუხედავად ამისა, მაინც იგრძნობა პროგრესი. მთელი ჩემი კარიერის განმავლობაში, რომელიც 30 წელზე მეტს მოიცავს, მე ვარ უშუალო მომსწრე იმისა, რამხელა პროგრესი არის ამ მიმართულებით. ყველაზე სენსიტიური თემა არის ქალის სექსუალური დისფუნქციები და ქალის მომართვა სექსოლოგთან დახმარებისათვის. ადრე, ჩემი კარიერის დასაწყისში, გაცილებით განსხვავებულ სიტუაციას ვაწყდებოდი - 1000 პაციენტიდან, მხოლოდ ერთი ან ორი შეიძლება ყოფილიყო ქალი. დღეს ქალების ხვედრითი წილი თითქმის 25-30%-ს უახლოვდება, რაც დამაიმედებელი და სასიხარულოა.

- მიუხედავად ამისა, სექსის მიმართ მაინც არაჯანსაღი დამოკიდებულებაა. თქვენი აზრით, რა განაპირობებს ამას?

- უპირველეს ყოვლისა, სქესობრივი განათლების დაბალი დონე, ანუ ინფორმაციის არცოდნა. რატომღაც ფიქრობენ, რომ ეს განპირობებულია წვდომის შეუძლებლობით. შეიძლება, წვდომა არ არის შეზღუდული ჩვენს ქვეყანაში, მაგრამ ჩვენთან სხვა პრობლემაა - სურვილიც არ არის, რომ ეს ინფორმაცია მიიღოს. მზაობა არ ჩანს. სამწუხაროდ, არც სამთავრობო სტრუქტურებისგან ჩანს სურვილი.

- ემხრობით თუ არა სკოლებში სექსოლოგიის გაკვეთილების ჩატარებას და ეს შეუწყობს თუ არა ხელს ამ მხრივ განათლების ამაღლებას?

- თუ სქესობრივი განათლება ჯეროვან დონეზე არ აიმაღლა ადამიანმა, მისი სქესობრივი ჯანმრთელობა დაინგრევა და განწირული იქნება ტანჯვისთვის. უცოდინრობა შეზღუდავს მის უნარს, რომ შექმნას ოჯახი და იყოლიოს შვილები. რატომ არ უნდა ისწავლებოდეს? - მაღალ კლასებში, 16 წლის შემდეგ საკმაოდ მისაღებიც კია. პირიქით, რელევანტური ცოდნის არმიღება არის მოზარდის უფლებების დარღვევა.

- თქვენი აზრით, გარდა ამისა, კიდევ რა უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ საქართველოში სექსის მიმართ არაჯანსაღი დამოკიდებულება შეიცვალოს?

- ეს არ არის გადაულახავი პრობლემა, მისი გადაჭრა შესაძლებელია დიალოგებისა და კომპეტენტური დისკუსიების მეშვეობით. ყველაფერი გადალახვადია, თუ არსებობს ამისთვის ნება. უბრალოდ, ჩვენთან ერთი ასეთი სენია გავრცელებული: დილეტანტი ადამიანები იმ თემებზე კამათობენ, რაშიც არაფერი არ გაეგებათ.

- სექსუალურ დისფუნქციებზე რომ გვესაუბროთ. ჯანმრთელობის კუთხით როგორ მოქმედებს ადამიანზე?

- ყველაზე კლასიკური და ტიპური მაგალითი არის დამოკიდებულება ერექციის დარღვევასა და ადამიანის სომატიურ ჯანმრთელობას შორის, კერძოდ, კარდიოლოგიური პრობლემები. მამაკაცები, რომლებსაც დარღვეული აქვთ ერექციული დისფუნქცია, შედიან გულის კუნთის ინფარქტის განვითარების რისკ ფგუფში, ეს არის პირდაპირი კორელაცია.

- საქართველოში სექსუალური დისფუნქცია ქალებში უფრო მეტია თუ კაცებში, თქვენ რომელი სქესი უფრო მეტად მოგმართავთ?

- ეპიდემიური კვლევა საქართველოს მასშტაბით არ ჩატარებულა. მსოფლიო მონაცემებით ქალების დაავადება აჭარბებს. პირადად მე, დიდი მასალა მაქვს, სამეცნიერო თუ პრაქტიკული. თუ დაავადებიანობა ქალებში მეტია, მომართვიანობა ნაკლებია. თუმცა, აღსანიშნავია ისიც, რომ მომართვიანობა არ ნიშნავს დაავადებიანობას.

- თუ წყვილს შორის ერთ-ერთს აქვს სექსუალური დისფუნქცია, კონსულტაციაზე ორივე უნდა მოვიდეს? თქვენ რას ურჩევთ ამ დროს?

- სასურველია. რიგ შემთხვევებში, აუცილებელია, რომ ორივე მოვიდეს კონსულტაციაზე. ზოგადად, წყვილოვანი მიდგომა სექსუალური დისფუნქციების მკურნალობაში არის წარმატების წინაპირობა.

- რას ეტყოდით ადამიანებს, რომელთაც პრობლემა აქვთ ამ კუთხით და თქვენთან მოსვლის გადაწყვეტილებას მაინც ვერ იღებენ გარკვეული კომპლექსების გამო.

- სამწუხაროდ, ეს არ არის მარტო საქართველოს პრობლემა. ყოველი 10 მამაკაციდან, რომელსაც ერექციული დისფუნქცია აწუხებს, რაც ძალიან დრამატული და მწვავე ხასიათის დაავადებაა, მხოლოდ 3 ბედავს დაუყოვნებლივ და გაბეულად მისვლას ექიმთან. ალბათ, ისინიც მივლენ ოდესღაც ... მაგრამ რამდენი წელი გავა, რამდენად გაღრმავდება ეს დისფუნქცია, რამდენად დამძიმდება ჯანმრთელობისა და ფსიქიკის მდგომარეობა? - დასაფიქრებელია.

ესაუბრა თამუნა კიკალიშვილი

არ დაგავიწყდეთ !!!

Momsedu.ge-მ თქვენთვის, ქალებისთვის შექმნა ახალი სივრცე, სადაც ყველაზე მცოდნე დედები იყრიან თავს. ჯგუფის დასახელებაც სწორედ ასეა - „მცოდნე დედების ჯგუფი“, რომლის საშუალებით დედები ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ. (ჯგუფში გასაწევრიანებლად ნახეთ ბმული - „მ​ცოდნე დედების ჯგუფი“)

შეიძლება დაინტერესდეთ

„დადასტურდა, რომ კოვიდი აღწევს ადამიანის თავის ტვინში და აზიანებს მას,“ - პროფესორი გიორგი ფხაკაძე

„დადასტურდა, რომ კოვიდი აღწევს ადამიანის თავის ტვინში და აზიანებს მას,“ - პროფესორი გიორგი ფხაკაძე

პროფესორმა გიორგი ფხაკაძემ სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა, რომელშიც გერმანიასა და დიდ ბრიტანეთში ჩატარებული უახლესი კვლევის შესახებ ისაუბრა:

დადასტურდა, რომ კოვიდი აღწევს ადამიანის თავის ტვინში და აზიანებს მას.გერმანიაში და დიდ ბრიტანეთში ჩატარებულმა კვლევამ დაადასტურა, რომ დაზიანება არის 20-70% ყველა კოვიდ გადატანილში. საფრანგეთში, გერმანიაში და ესპანეთში ჩატარებულმა კვლევამ დაადასტურა რომ კოვიდი კლავს თავის ტვინის უჯრედებს.

არაერთი ათეული კვლევა ჩატარდა და კიდევ მიმდინარეობს მთელი მსოფლიოს მასშტაბით და ამ კვლევების დასკვნა ერთია: კოვიდი აზიანებს ადამიანის თავის ტვინს.არ დაინფიცურდეთ კოვიდით, კოვიდი აზიანებს თავის ტვინს. აიცერით, რომ დაიცვათ თავის ტვინი.

გამოიყენეთ სამედიცინო პირბადე, რომ არ დააზიანოთ თავის ტვინი.გაუფრთხილდით ჩვენს პატარებს, კოვიდი აზიანებს ბავშვების თავის ტვინს.

გვეყოს სირაქლემას პოზიციაში ყოფნა, მდგომარეობა უფრო რთულია, ვიდრე ეს ადრე ჩანდა. გრძელი კოვიდი კიდევ უფრო ვერაგი და ხანგრძლივი აღმოჩნდა.  მოსახლეობის 90% უნდა იქნას აცრილი და ეს უნდა იყოს მთავარი პრიორიტეტი ქვეყანაში. სხვა პრიორიტეტი ქვეყანაში ახლა არ უნდა იყოს. ქვეყანა იღუპება,, მომავალი იღუპება, შეიგნეთ.

უკან დასახევი გზა და ლოდინის დრო არ არის.ჩვენი სამეზობლოდან მხოლოდ თურქეთი არის სწორი მაგალითი და მივბაძოთ მას. არაპროფესიონალიზმი კლავს და აზიანებს თავის ტვინს,“ - აღნიშნა გიორგი ფხაკაძემ.

წაიკითხეთ სრულად