Baby Bag

„განსაკუთრებით მინდა მივმართო ორსულ ქალბატონებს...“

„განსაკუთრებით მინდა მივმართო ორსულ ქალბატონებს...“

29 ოქტომბერს სახელმწიფომ 100 ათასი დოზა გრიპის საწინააღმდეგო ოთხკომპონენტიანი ვაქცინა შემოიტანა, რომელიც განაწილებულია რეგიონებში, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ამირან გამყრელიძის თქმით, გეგმის მიხედვით აიცრებიან, პირველ რიგში, მაღალი რისკის მქონე ადამიანები:

„მოგეხსენებათ, ჩვენთან ის აქტივირდება ძირითადად ნოემბრის ბოლოს დეკემბერში და პიკზე გადის დეკემბრის ბოლოს იანვარში. აქედან გამომდინარე, ახლა ყველაზე კარგია ვაქცინაციის ჩატარება. 29 ოქტომბერს სახელმწიფომ შემოიტანა 100 ათასი დოზა გრიპის საწინააღმდეგო 4-კომპონენტიანი ვაქცინა, რომელიც არის ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ პრეკვალიფიცირებული. ეს ვაქცინა უკვე განაწილებულია ყველა რეგიონსა და მუნიციპალიტეტში. შესაბამისი გეგმის მიხედვით აიცრებიან, პირველ რიგში, მაღალი რისკის მქონე ადამიანები და შემდგომ იმის მიხედვით, ვაქცინის რაოდენობიდან გამომდინარე, რა თქმა უნდა, გვექნება ვაქცინაციის თავისუფალი დღეები“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი განსაკუთრებით ორსულ ქალბატონებს მიმართავს:

„განსაკუთრებით მინდა, მივმართო ორსულ ქალბატონებს, რადგან განსაკუთრებული რისკი გრიპის გართულებისა, არის სწორედ ორსულ ქალბატონებში. ამიტომ მინდა, მივმართო მათ, რომ მიმართონ შესაბამის პოლიკლინიკებს, აიცრან, რადგან ყველაზე კარგი საშუალება გრიპის გართულების პრევენციისთვის ორსულობის პერიოდში არის ვაქვინაცია. ასევე რისკჯგუფებში შედიან მინისტრის იანვრის ბრძანებით დამტკიცებული ადამიანები და ესენი არიან სამედიცონო მუშაკები. სასურველია, სწრაფად აიცრან მედიცინის მუშაკები, რამეთუ ისინი პირველი ხვდებიან გრიპის ვირუსის მქონე პაციენტს“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

მისი თქმით, გარდა აცრებისა, გრიპის გავრცელების პრევენციის კარგი საშუალებაა ზოგადი ჰიგიენური წესების დაცვა, ხელების ხშირად დაბანა, ოთახების განიავება, სველი წესით ოთახების დასუფთავება.

„მთავარია, რომ თუ გრიპის ზოგადი სიმპტომებია და ეს არის მაღალი ტემპერატურა, თავის ტკივილი, ყელის ტკივილი, ცემინება, აუცილებელია, მივმართოთ ექიმს და ვიმოქმედოთ ექიმის დანიშნულების მიხედვით. თვითმკურნალობა გრიპის დროს არ არის დასაშვები“, - აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.

შეიძლება დაინტერესდეთ

„ასეთ ადამიანებს კოღოები გაცილებით უფრო ხშირად კბენენ,“ - პარაზიტოლოგი ირმა კოკაია

პარაზიტოლოგმა ირმა კოკაიამ განმარტა რატომ იზიდავს ზოგიერთი ადამიანი მწერებს უფრო ხშირად, ვიდრე სხვა ადამიანები:

„ყველა ადამიანის სხეული გამოყოფს გარკვეულ ნივთიერებებს. ეს ყველა ადამიანს ეხება. ბევრი ასეთი ნივთიერება გამოიყოფა ჩვენი კანის გზით. ეს შეიძლება იყოს ამიაკი და ა.შ. გარკვეულ ადამიანებს გაცილებით მეტად გამოეყოფათ ეს ნივთიერებები და აღმოჩნდა, რომ ამ ნივთიერებებიდან არის რაღაც განსაკუთრებული სახეობები, რომელიც იზიდავს მწერებს, განსაკუთრებით კოღოებს.

როდესაც ადამიანის სხეული ჭარბად გამოყოფს ამ ნივთიერებებს, რომელსაც ჩვენ ვერ ვგრძნობთ თვითონ, ეს არის კოღოს მიზიდვის საშუალება. ასეთ ადამიანებს კოღოები გაცილებით უფრო ხშირად კბენენ. არის პირიქითაც... არის ნივთიერებები, რომლებიც პირიქით აფრთხობს მწერებს და კოღოებს. შესაბამისად ეს ადამიანები გაცილებით ნაკლებად ზარალდებიან. ეს ჩვენი ორგანიზმის თავისებურებიდან გამომდინარეობს და ჩვენი მეტაბოლიზმიდან,“ - მოცემულ საკითხზე ირმა კოკაიამ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „პირადი ექიმი - მარი მალაზონია“ ისაუბრა.

წყარო:​ „პირადი ექიმი - მარი მალაზონია“

წაიკითხეთ სრულად