გრძელი ფრჩხილები სერიოზულ ყურადღებას და მოვლას საჭიროებს, რადგან ფრჩხილი ინფექციის წყაროა. რაც უფრო გრძელია ფრჩხილი, მით მეტია საფრთხე, რომ ის ბაქტერიების თავშესაფრად გადაიქცეს. დღის განმავლობაში ფრჩხილის ქვეშ დიდი რაოდენობით ჭუჭყი გროვდება, რაც ბაქტერიებს იზიდავს. თუ გრძელი ფრჩხილები გაქვთ და თითს მოულოდნელად პირში ჩაიდებთ, ბაქტერიული ინფექციის განვითარების რისკის წინაშე აღმოჩნდებით.
ფეხის ფრჩხილების მიმართაც განსაკუთრებული სიფრთხილე უნდა გამოიჩინოთ. მართალია ფეხის თითებს პირში არავინ იდებს, მაგრამ ინფექციის განვითარების რისკი ამ შემთხვევაშიც მაღალია. თქვენ ყოველდღიურად ატარებთ დახურულ ფეხსაცმელს, რომელშიც ფეხი ოფლიანდება, ამ დროს გრძელი ფრჩხილების ქვეშ უამრავი ბაქტერია იყრის თავს, რაც თქვენი ჯანმრთელობისთვის საფრთხის შემცველია. გირჩევთ ფეხის ფრჩხილებზე ყოველი კვირის ბოლოს სათანადოდ იზრუნოთ, რათა უსიამოვნო გართულებების თავიდან აცილება შეძლოთ.
გრძელი ფრჩხილები სოკოვანი ინფექციების განვითარების რისკს ზრდის
არ დაგავიწყდეთ !!!
Momsedu.ge-მ თქვენთვის, ქალებისთვის შექმნა ახალი სივრცე, სადაც ყველაზე მცოდნე დედები იყრიან თავს. ჯგუფის დასახელებაც სწორედ ასეა - „მცოდნე დედების ჯგუფი“, რომლის საშუალებით დედები ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ. (ჯგუფში გასაწევრიანებლად ნახეთ ბმული - „მცოდნე დედების ჯგუფი“)
თქვენი ფრჩხილების ქვეშ თავმოყრილ ბაქტერიებს სოკოვანი ინფექციების გამოწვევა შეუძლია. თუ ფრჩხილის ჰიგიენაზე სათანადოდ არ იზრუნებთ, აღნიშნულ გართულებას ვერსად გაექცევით. სოკოვანი ინფექციები უმეტესად ფეხის ფრჩხილზე ვითარდება, თუმცა რიგ შემთხვევებში ხელის ფრჩხილებიც ზიანდება. ინფექციის განვითარების მიზეზად, შესაძლოა, ფრჩხილის მიკროტრავმა ან არასწორად შერჩეული ფეხსაცმელი იქცეს. ჰიგიენის წესების დაცვით მსგავსი გართულებების თავიდან არიდება შეგიძლიათ. ინფექცია ხშირად ემართებათ როგორც ქალბატონებს, ასევე მამაკაცებს.
სოკოვანი ინფექციის განვითარებასთან ერთად ფრჩხილი ფერს იცვლის, ის უფრო სქელი და უხეში ხდება, მისი მოჭრა კი გაცილებით რთულდება. შესაძლოა, ფრჩხილის სოკოს თან ახლდეს კანის სოკოც, რომელიც ფრჩხილის მიმდებარე უბნებზე კანის აქერცვლას და ქავილს იწვევს.
სოკოვანი ინფექციის გარდა არასათანადოდ მოვლილი ფრჩხილები სხვა პრობლემებსაც იწვევენ. ადამიანებს, რომლებსაც ფრჩხილის სრულფასოვნად დაჭრისთვის დრო და ენერგია ენანებათ, საკმაოდ ხშირად აწუხებთ ფრჩხილის ჩაბრუნების პრობლემა. ჩაზრდილი ფრჩხილი კანში იჭრება და უსიამოვნო ტკივილის შეგრძნებას აჩენს. შესაძლოა, აღნიშნულ უბანზე ანთებითი პროცესიც განვითარდეს, დაიწყოს სისხლდენა ან დაგროვდეს სითხე. გამორიცხული არ არის ჰიპერტროფიის განვითარებაც. თუ ფრჩხილის გაზრდას გადაწყვეტთ, ჰიგიენის წესების დაცვა აუცილებლად მოგიწევთ. გაზრდილ ფრჩხილებს ყოველდღიური მოვლა და გასუფთავება ესაჭიროება, წინააღმდეგ შემთხვევაში ინფექციის განვითარების მაღალი რისკის წინაშე დადგებით.
როგორ მოვუაროთ ფრჩხილებს?
ფრჩხილის ჰიგიენის დასაცავად გირჩევთ ფრჩხილები რეგულარულად დაიჭრათ და გაისუფთავოთ. ფრჩხილები საპნითა და თბილი წყლით დაიბანეთ. სრულყოფილი სისუფთავის მისაღწევად კი შეგიძლიათ სპეციალურად ფრჩხილისთვის განკუთვნილი ღრუბელი გამოიყენოთ. ფრჩხილებს მეტისმეტად ნუ გაიზრდით, რადგან გრძელი ფრჩხილის მოვლა ძალიან რთულია. მის ქვეშ უამრავი ბაქტერია იყრის თავს, რომელთაგან გათავისუფლება გაგიჭირდებათ. ფრჩხილის გაწმენდის პროცედურის დაწყებამდე ყველა აქსესუარი გაასუფთავეთ. ნებისმიერი ნივთი, რომელსაც ამ პროცედურის დროს გამოიყენებთ, სტერილური უნდა იყოს.
ფრჩხილების დაჭრამდე აუცილებლად გაასუფთავეთ მაკრატელი. იმ შემთხვევაში, თუ მოულოდნელად თითს გაიჭრით, დარწმუნებული უნდა იყოთ, რომ თქვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება. ფეხისა და ხელის ფრჩხილების დასაჭრელად აუცილებლად სხვადასხვა მაკრატელი უნდა გამოიყენოთ.
ფრჩხილების სიჯანსაღეზე თუ ზრუნავთ, კვების გარკვეული წესების დაცვაც მოგიხდებათ. ყოველდღიურად დიდი რაოდენობით ცილოვანი პროდუქტები უნდა მიირთვათ. უპირატესობა მიანიჭეთ საქონლისა და ღორის ხორცს, ნურც თევზზე იტყვით უარს. თუ ვეგეტარიანელი ხართ, თქვენი რაციონი ისპანახით გაამდიდრეთ, რადგან ეს უკანასკნელი დიდი რაოდენობით ცილას შეიცავს.
ფრჩხილების გასაჯანსაღებლად ხშირად დაიტენიანეთ ხელები. კანის დამატენიანებლის რეგულარული გამოყენებით არამხოლოდ კანს, ფრჩხილებსაც აჯანსაღებთ. ყურადღებით შეარჩიეთ ფრჩხილის მოვლის საშუალებები. ყოველთვის ყურადღებით გაეცანით ფრჩხილის ლაქის შემადგენელ ინგრედიენტებს და ეცადეთ, მაქსიმალურად ჯანსაღი და უსაფრთხო პროდუქტი შეიძინოთ. არაჯანსაღი ფრჩხილის ლაქის რეგულარული გამოყენება არამხოლოდ თქვენს ფრთხილებს აზიანებს, ის ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემების გამომწვევ მიზეზადაც შეიძლება იქცეს.
თარგმნა ია ნაროუშვილმა
იხილეთ ასევე:
რა გემართებათ ასეთი ფრჩხილების ნახვისას?