Baby Bag

რომელ ცხოველთან კონტაქტია უსაფრთხო ალერგიული ბავშვისთვის?

რომელ ცხოველთან კონტაქტია უსაფრთხო ალერგიული ბავშვისთვის?
ბავშვების ნაწილს ცხოველის ბეწვზე ალერგია აქვს, რის გამოც მათი მშობლები ოჯახში შინაური ცხოველის ყოლას უფრთხიან და თავს არიდებენ. თუ თქვენს შვილს აღნიშნული პრობლემა აწუხებს, მაგრამ ცხოველები ძალიან უყვარს, მისთვის სასიამოვნო სიურპრიზის გაკეთება შეგიძლიათ. თუ ბავშვს ისეთ ცხოველს აჩუქებთ, რომელთან კონტაქტი მისი ჯანმრთელობისთვის აბსოლუტურად უსაფრთხოა, ამით მის გახარებასაც შეძლებთ და ბავშვის უსაფრთხოებაშიც დარწმუნებული იქნებით.

ბავშვები, რომლებსაც ალერგიის მწვავე ფორმა აქვთ, როგორც წესი, მედიკამენტებს რეგულარულად იღებენ და მედიკოსების კონტროლის ქვეშ იმყოფებიან. მსგავს შემთხვევაში, ალერგოლოგთან კონსულტაციის გარეშე ბავშვისთვის შინაური ცხოველის შეძენას არ გირჩევთ. თუ თქვენს შვილს ალერგიის მსუბუქი ფორმა აქვს, შეგიძლიათ გაცილებით თამამად იმოქმედოთ. პირველ რიგში, გაარკვიეთ, თუ რის მიმართ არის ბავშვის ორგანიზმი ალერგიული. ამისთვის სპეციალური ტესტები არსებობს, რომლის ჩატარების შემდეგ ზუსტად გეცოდინებათ, რა აწუხებს თქვენს შვილს. ვიდრე ბავშვისთვის რომელიმე ცხოველის ჩუქებას გადაწყვეტდეთ, უმჯობესია, პატარას ჯერ ალერგიის ტესტი ჩაუტარდეს, რადგან თუ ცხოველთან თანაცხოვრების პირობებში აღმოჩნდება, რომ თქვენი შვილი აღნიშნული ცხოველისადმი ალერგიულია, ეს მისთვის დიდი ტრავმა იქნება. ბავშვს ახალ მეგობართან განშორება ძალიან გაუჭირდება. გაარკვიეთ, რომელი ცხოველის შეძენა შეგიძლიათ და ამის შემდეგ ქვემოთ შემოთავაზებული ნუსხიდან რომელიმე მათგანი შეარჩიეთ.
კატა და ძაღლი
ზოგიერთი ადამიანი ცხოველის გარკვეული ჯიშებისადმი ალერგიულია, თუმცა არ არსებობს ისეთი შინაური ცხოველი, რომელთან კონტაქტიც ყველა ადამიანისთვის თანაბრად უსაფრთხოა. ალერგიის ტესტი გიჩვენებთ, რომელ ცხოველზე გაქვთ ალერგია, მაგრამ ის კონკრეტული ჯიშების იდენტიფიცირებაში ნამდვილად ვერ დაგეხმარებათ. ხშირად მშობლები მეტი უსაფრთხოების მიზნით ნაკლებად ბეწვიან ძაღლებსა და უბეწვო კატებზე აკეთებენ არჩევანს, რაც შეცდომაა, რადგან ბავშვებს ალერგია ცხოველის კანის უჯრედებში არსებულ პროტეინებსა და ნერწყვზე უვითარდებათ და არა მის ბეწვზე. ვიდრე ალერგიულ ბავშვს რომელიმე ცხოველთან კონტაქტის უფლებას მისცემთ, ექიმს გაესაუბრეთ. ალერგოლოგი გირჩევთ, რომელი მედიკამენტი უნდა იქონიოთ თან, რათა ალერგიული რეაქციის შემთხვევაში ბავშვს დაუყოვნებლივ გაუწიოთ პირველადი დახმარება.
ბავშვებთან, რომლებსაც ასთმა აქვთ, მეტი სიფრთხილის გამოჩენა გმართებთ. თუ მათი დაავადება კონტროლს ექვემდებარება, შეგიძლიათ, მას ცხოველთან კონტაქტის ნება დართოთ, მაგრამ მსგავს შემთხვევაში აუცილებლად იქონიეთ თან საჭირო მედიკამენტები. ბავშვი ცხოველთან რამდენჯერმე უნდა მივიდეს და მასთან ახლო კონტაქტი დაამყაროს, რათა დარწმუნდეთ, რომ მის მიმართ ალერგიული არ არის (ან არის). თუ ბავშვს ასთმის მწვავე ფორმა აქვს, მას ცხოველთან მისვლის უფლება არ უნდა მისცეთ, თუ დარწმუნებული არ ხართ, რომ ის ალერგიული არ არის.
თუ დარწმუნდებით, რომ ალერგიული ბავშვი ცხოველთან კონტაქტისას უარყოფით რეაქციას არ ავლენს, ზედმეტ სითამამეს მაინც ნუ გამოიჩენთ. აუცილებლად გადაამოწმეთ, ხომ არ აქვს ბავშვს რეაქცია მტვერზე. შინაურ ცხოველებს სახლში ხშირად მტვერი შემოაქვთ, რამაც ბავშვს, შესაძლოა, ალერგიული რეაქცია მისცეს. თუ თქვენი შვილისთვის ძაღლის ან კატის ჩუქებას გადაწყვეტთ, აუცილებლად მიაქციეთ ყურადღება ცხოველის ჰიგიენას. შინაურ ცხოველს რეგულარულად გაუსუფთავეთ ბეწვი. ოთახი, რომელშიც ცხოველი გყავთ, სველი წესით დაალაგეთ, იყიდეთ ჰაერის გამწმენდი საშუალებები, ავეჯი ყოველდღიურად გაწმინდეთ, რათა მასზე მტვრის ნაწილაკები არ დარჩეს.
ზაზუნა, ზღვის გოჭი, კურდღელი და სხვა პატარა ზომის ცხოველები
პატარა ზომის ცხოველები სახლში დიდ ადგილს არ იკავებენ, რის გამოც მათი ყოლა გაცილებით კომფორტულია. ვიდრე ზაზუნას, ზღვის გოჭს ან კურდღელს შეიძენდეთ, დარწმუნდით, რომ ბავშვი მათ მიმართ ალერგიული არ არის, პატარა აუცილებლად შეამოწმეთ ცხოველის საკვების მიმართ ალერგიულობაზეც, გარდა ამისა ტესტი უნდა ჩატარდეს ცხოველის სამყოფელის (ფიჭვის ან კედრის პატარა სახლი) მიმართ ბავშვის ორგანიზმის რეაქციებზე. განსაკუთრებული სიფრთხილე გმართებთ, თუ ბავშვისთვის კურდღლის ან ზღვის გოჭის შეძენას აპირებთ. ბავშვების უდიდეს ნაწილს ალერგია სწორედ ამ ორ ცხოველზე აქვს, შედარებით პატარა მღრღნელები ნაკლებად სახიფათო ჯიშებად მიიჩნევა. ზაზუნას ან პატარა მექვიშიების შეძენა გაცილებით უსაფრთხოა, თუმცა ალერგიულობაზე ტესტი ამ შემთხვევაშიც უნდა ჩატარდეს.
ძუძუმწოვრების მსგავსად ალერგიული რეაქციების გამოწვევა ბუმბულიან ფრინველებსაც შეუძლიათ. თუ ბავშვისთვის ფრინველის შეძენას გადაწყვეტთ, შედარებით მცირე ზომის ჩიტი შეარჩიეთ, რათა ალერგიულობის რისკი მინიმუმამდე დაიყვანოთ. ყველაზე უსაფრთო საჩუქარი კი თქვენი შვილისთვის პატარა ზღარბია. ალერგოლოგები აღნიშნავენ, რომ პატარებს ალერგიული რეაქციები ყველაზე იშვიათად სწორედ ზღარბებზე უვითარდებათ.
თევზი
თევზებთან ბავშვებს ახლო კონტაქტის დამყარება არ შეუძლიათ, რადგან მათი მოხელთება ძალიან ძნელია, ჰაერზე გაჩერება კი - შეუძლებელი. სწორედ ამიტომ ალერგიული ბავშვებისთვის თევზის ჩუქება საუკეთესო არჩევანია. ყურადღება მიაქციეთ ბავშვს, როდესაც ის თევზთან ახლოს მივა. პატარას მასთან ხელით შეხება აუცილებლად აუკრძალეთ. წყალში უამრავი ბაქტერია გროვდება. თუ თქვენი შვილი აკვარიუმში ხელს ჩაყოფს და თევზთან ითამაშებს, შესაძლოა, ინფექცია განუვითარდეს.
რეპტილიები
რეპტილიების მიმართ ადამიანთა უმეტესობას ნეგატიური განწყობები აქვს, თუმცა ალერგიულობის თვალსაზრისით ისინი უსაფრთხო ცხოველთა კატეგორიას განეკუთვნებიან. გველები, კუები და პატარა ზომის ხვლიკები ბავშვებში ალერგიებს ნაკლებად იწვევენ. მათი კანის უჯრედებში პროტეინები, რომლებიც საშიშ ალერგენებად გვევლინებიან, ნაკლებად გვხვდება. რეპტილიები სალმონელას ბაქტერიის მატარებლები არიან (იშვიათად), რის გამოც მათთან ახლო კონტაქტისგან ბავშვმა თავი უნდა შეიკავოს. სალმონელას პირველი სიმპტომი მუცლის ტკივილია. თუ რეპტილია გყავთ და ამჩნევთ, რომ ბავშვი თავს შეუძლოდ გრძნობს, ექიმთან აუცილებლად წაიყვანეთ. ალერგიულ ბავშვებს სალმონელას გადატანა სწორედ ისევე შეუძლიათ, როგორც სხვებს, ალერგია სიმპტომებს არ ამძიმებს, მიუხედავად ამისა, მაინც სიფრთხილის გამოჩენა გმართებთ.
თუ ალერგიული ბავშვისთვის შინაური ცხოველის ჩუქებას გადაწყვეტთ, საჩუქარი სიფრთხილით შეარჩიეთ. ეცადეთ, ოჯახის ახალ წევრს საცხოვრებლად იზოლირებული სივრცე გამოუყოთ. რეგულარულად დაიბანეთ ხელები და ცხოველის ჰიგიენაზე ყოველდღიურად იზრუნეთ. ალერგიულ ბავშვებს სურვილის შემთხვევაში შინაური ცხოველი აუცილებლად უნდა ჰყავდეთ, მთავარია, თქვენი შვილის უსაფრთხოებაში აბსოლუტურად დარწმუნებული იყოთ.
წყარო: ​parents.com
თარგმნა ია ნაროუშვილმა