Baby Bag

რომელი საკვები ნივთიერებები უნდა მიიღოს ბავშვმა აუცილებლად?

რომელი საკვები ნივთიერებები უნდა მიიღოს ბავშვმა აუცილებლად?
მშობლებმა კარგად იციან, რომ ბავშვებს ბალანსირებული კვების რეჟიმი უნდა ჰქონდეთაუცილებელია, რომ პატარებმა საკვები ნივთიერებების მარაგი ყოველდღიურად შეივსონ. ჩვენს სტატიაში იმ 9 საკვებ ნივთიერებაზე გესაუბრებით, რომლებიც ბავშვმა აუცილებლად უნდა მიიღოს.

ცილა

ცილა ბავშვის ორგანიზმში უჯრედების განახლების პროცესს ასტიმულირებს, ის საკვებს ენერგიად გარდაქმნის, ორგანიზმს ინფექციების განვითარებისგან იცავს და ჟანგბადითაც ამარაგებს. მაღალცილოვანი პროდუქტები, რომლებიც ბავშვის რაციონში აუცილებლად უნდა ჩართოთ, შემდეგია: საქონლის ხორცი, შინაური ფრინველის ხორცი, თევზი, კვერცხი, თხილეული, ლობიო, რძის ნაწარმი.

ნახშირწყალი

ნახშირწყალი ორგანიზმს ენერგიით ამარაგებს. მისი დახმარებით ბავშვის ორგანიზმი ცილასა და ცხიმს ახალი უჯრედების წარმოქმნისთვის იყენებს. ნახშირწყლები პატარებმა უმეტესად სახამებლისა და ბოჭკოს სახით უნდა მიიღონ, ხოლო შაქრის მაღალი შემცველობის მქონე პროდუქტებს მაქსიმალურად ერიდონ. მაღალნახშირწყლოვანი პროდუქტები, რომლებიც ბავშვის რაციონში აუცილებლად უნდა ჩართოთ, შემდეგია: პური, ბურღულეული, ბრინჯი, კარტოფილი და მაკარონი.

ცხიმი

ცხიმი ბავშვის ორგანიზმში მარტივად ინახება და ის ენერგიის ერთ-ერთი მთავარი წყაროა. მაღალცხიმოვანი პროდუქტები, რომლებიც ბავშვის რაციონში აუცილებლად უნდა ჩართოთ, შემდეგია: რძის ნაწარმი, მცენარეული ზეთი, ხორცი, თევზი, თხილეული.

კალციუმი

კალციუმი ძლიერი ძვლებისა და კბილების ჩამოყალიბებას უწყობს ხელს. ის კუნთების, ნერვებისა და გულის ფუნქციონირებასაც აუმჯობესებს. კალციუმის მაღალი შემცველობის მქონე პროდუქტები, რომლებიც ბავშვის რაციონში აუცილებლად უნდა ჩართოთ, შემდეგია: რძე, ყველი, იოგურტი, ხაჭო, ნაყინი, კვერცხის გული, ბროკოლი და ისპანახი.

რკინა

რკინა ბავშვის ორგანიზმში სისხლის გაჯანსაღებას უწყობს ხელს, რის შედეგადაც ორგანიზმი ჟანგბადით სათანადოდ მარაგდება. რკინით მდიდარი პროდუქტები, რომლებიც ბავშვის რაციონში აუცილებლად უნდა ჩართოთ, შემდეგია: წითელი ხორცი, საქონლის ღვიძლი, შინაური ფრინველის ხორცი, მარცვლეული, ლობიო და თხილეული.

ფოლიუმის მჟავა

ფოლიუმის მჟავა, როგორც ორსული ქალბატონებისთვის, ასევე ბავშვებისთვის უმნიშვნელოვანესი საკვები ნივთიერებაა. მისი დახმარებით ბავშვის ორგანიზმში უჯრედები ჯანსაღდება და მუდმივ განახლებას განიცდის. ფოლიუმის მჟავის დანაკლისი ანემიას იწვევს. აღნიშნული საკვები ნივთიერებით მდიდარი პროდუქტები, რომლებიც ბავშვის რაციონში აუცილებლად უნდა ჩართოთ, შემდეგია: მარცვლეული, ოსპი, თურქული ბარდა, ისპანახი, სატაცური, ლობიო და ბრიუსელის კომბოსტო.

ბოჭკო

ბოჭკო კუჭ-ნაწლავის რეგულარულ მოქმედებას ასტიმულირებს, ის გულის დაავადებებისა და სიმსივნის განვითარების რისკებსაც მნიშვნელოვნად ამცირებს. ბოჭკოთი მდიდარი პროდუქტები, რომლებიც ბავშვის რაციონში აუცილებლად უნდა ჩართოთ, შემდეგია: მარცვლეული, ბარდა, ოსპი, მწვანილი, თხილეული და ბოსტნეული.

A ვიტამინი

A ვიტამინი ბავშვის ჯანმრთელობაზე მრავალმხრივად ზემოქმედებს. ის აუმჯობესებს მხედველობას, აჯანსაღებს კანს, ხელს უწყობს ორგანიზმის ინფექციებისგან დაცვას. ვიტამინი A ბავშვის ზრდისა და განვითარების პროცესში უდიდეს როლს ასრულებს. აღნიშნული საკვები ნივთიერებით მდიდარი პროდუქტები, რომლებიც ბავშვის რაციონში აუცილებლად უნდა ჩართოთ, შემდეგია: სტაფილო, ტკბილი კარტოფილი, გოგრა, გარგარი, ბროკოლი, ისპანახი, თევზის ცხიმი და კვერცხის გული.

C ვიტამინი


C ვიტამინი ბავშვის ორგანიზმს ვირუსებთან და გაციებასთან ბრძოლაში ეხმარება. გარდა ამისა ის სისხლძარღვების კედლების გაძლიერებას უწყობს ხელს, აჯანსაღებს კბილებსა და ძვლებს. C ვიტამინით მდიდარი პროდუქტები, რომლებიც ბავშვის რაციონში აუცილებლად უნდა ჩართოთ, შემდეგია: ციტრუსები, პომიდორი, კარტოფილი, ნესვი, ბროკოლი, ყვავილოვანი კომბოსტო, ისპანახი, პაპაია, მანგო და მარწყვი.

ავტორი: ია ნაროუშვილი

შეიძლება დაინტერესდეთ

„მითია, რომ ბრონქული ასთმის დროს ბავშვისთვის ფიზიკური აქტივობა არ შეიძლება“ - მაია გოთუა

„მითია, რომ ბრონქული ასთმის დროს ბავშვისთვის ფიზიკური აქტივობა არ შეიძლება“ - მაია გოთუა

ალერგოლოგ-იმუნოლოგმა მაია გოთუამ ბრონქულ ასთმაზე ისაუბრა. მისი თქმით, მითია, რომ ბრონქული ასთმის დროს ბავშვი არ უნდა გაინძრეს, ფიზიკური დატვირთვა არ უნდა ჰქონდეს:

„​ხშირად არის, როდესაც ასთმის დროს ბავშვს ეუბნებიან: არ გაინძრე, აბა, რა მოგიტანო, ცუდად არ გახდე. მართალიც არის იმიტომ, რომ შეიძლება ფიზიკური დატვირთვისას, მაგალითად, სიცილზე, მოძრაობაზე, ბავშვს დაეწყოს ხველა. ამ შემთხვევაში აუცილებელია ანტიანთებითი შესაბამისი წამლების დანიშვნა და აბსოლუტურად შეუზღუდავად შეიძლება ბავშვმა განვითარება გააგრძელოს. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. მითია, რომ არ უნდა გაინძრეს, ფიზიკური დატვირთვა არ უნდა ჰქონდეს. თუ დავადგენთ, რაზე აქვს ბავშვს ალერგია, ჩვენ შეიძლება სპეციალურად შევურჩიოთ სპორტი, რომელიც მისცემს მას კარგ ფიზიკურ განვითარებას და გარდა ამისა, მისცემს საშუალებას, რომ ისევე იყოს სოციალურად აქტიური, არამარტო აკადემიურად, არამედ ფიზიკურად, რაც აუცილებელია განვითარებისთვის,“ - აღნიშნულ საკითხზე მაია გოთუამ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „პირადი ექიმი-მარი მალაზონია“ ისაუბრა.

წყარო: „პირადი ექიმი - მარ​ი მალაზონია“

წაიკითხეთ სრულად