Baby Bag

მშობლებს აუცილებლად სურთ, გადასხმა ჩატარდეს, რაც, მათი აზრით, სწრაფად გამოაჯანმრთელებს ბავშვს

მშობლებს აუცილებლად სურთ, გადასხმა ჩატარდეს, რაც, მათი აზრით, სწრაფად გამოაჯანმრთელებს ბავშვს

როდის გვჭირდება გადასხმა დიარეის შემთხვევაში? - აღნიშნულ თემაზე პედიატრი თამარ ობგაიძე​ საუბრობს:

„ასე ხშირად ხდება-ვიზიტზე მოჰყავთ ბავშვი ნაწლავთა აშლილობით. მშობლებს აუცილებლად სურთ, გადასხმა ჩატარდეს, რაც, მათი აზრით, სწრაფად გამოაჯანმრთელებს ბავშვს. თუმცა ირკვევა, რომ ის ელექტოლიტური ხსნარს და სხვა სითხეებს კარგად სვამს. გაუწყლოების ნიშნები არ აქვს.

ფიქრობთ, რომ მაინც უნდა გადავუსხათ სითხეები?

მოდით, სულ თავიდან დავიწყოთ. ინტრავენური თერაპია ნიშნავს მედიკამენტის ან სისხლის შეყვანას ვენაში სამკურნალო მიზნით. მისი ისტორია უხსოვარი დროიდან იწყება. მას შემდეგ, რაც ადამიანმა ისწავლა სისხლის გამოშვება ვენიდან და ეს მეთოდი საუკუნეთა მანძილზე გამოიყენებოდა მძიმე დაავადებათა სამკურნალოდ, ხშირად სრულიად გაუმართლებლად და ფატალური შედეგით. ცნობილია, რომ კოლხი მედეა ცხვრის სისხლის გადასხმას ახალგაზრდობის გასახანგრძლივებლად ატარებდა. ცოტა ფანტასტიკის სფერო კია, მაგრამ ლეგენდა სწორედ ასე მოგვითხრობს.

სითხეების ინტრავენური გადასხმა მე-19 საუკუნეში წარმატებით გამოიყენეს ქოლერის ეპიდემიის დროს, ხოლო მას შემდეგ, რაც მე-20 საუკუნეში სისხლის ჯგუფები აღმოაჩინეს, სისხლის გადასხმისათვის ი/ვ მანიპულაციების გამოყენება ხშირად ხდებოდა და და მან ათასობით ადამიანის სიცოცხლე იხსნა.

რა დროს მივმართავთ ინტრავენურ თერაპიას? 

ეს სამი მიზეზით ხდება: სისხლის გადასხმა, სითხეების გადასხმა, მედიკამენტის შეყვანა ვენაში.

დიარეის დროს ელექტროლიტური ხსნარის ინტრავენური შეყვანა მაშინაა ნაჩვენები, როცა ბავშვი სითხეებს ვერ ან არ იღებს, ვთქვათ, ღებინების გამო, ძალიან მისუსტებულია, აქვს ძლიერი გაუწყლოების ნიშნები. შეფასებას ექიმი ახორციელებს და შესაბამის გადაწყვეტილებას იღებს.

ასე, რომ დასაწყისში ჩემს მიერ დასმულ კითხვაზე თუ თქვენი პასუხია „არა”, თქვენ მართალი ხართ - თუ ბავშვი სითხეებს კარგად იღებს, მას ყველა შემთხვევაში გადასხმა არ სჭირდება.

მრავალრიცხოვანი კვლევით დადგენილია, რომ თუ პატარს ელექტროლიტური ხსნარის დალევა შეუძლია და აქტიურად იღებს მას, სარწმუნოდ უფრო სწრაფად უწყდება დიარეა, ვიდრე ელექტროლიტების ინტრავენური გადასხმისას.

ასე, რომ დიარეის დროს შეეცადეთ, აქტიურად მისცეთ ბავშვს სითხეები და ელექტროლიტური ხსნარი გაუწლოების თავიდან ასაცილებლად. გაუწყლოების ნიშნების გამოჩენისას კი გადაუდებლად უნდა მიაკითხოთ ექიმს,“ - აღნიშნავს პედიატრი. 

შეიძლება დაინტერესდეთ

ეს სამი დაავადება ბავშვებში ნაკლებად მოძრავი ცხოვრების წესის გამო ხდება - ქირურგი შალვა გაბადაძე

ქირურგმა შალვა გაბადაძემ ბავშვებზე ნაკლებად მოძრავი ცხოვრების წესის ნეგატიური ზეგავლენების შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, ცხოვრების უძრავი სტილი ბავშვებში გარკვეული დაავადებების განვითარებას უწყობს ხელს:

„ჰიპოდინამიოზს უზარმაზარი უარყოფითი გავლენა აქვს ბავშვთა ასაკში ბავშვებზე. ეს უპირველესად გამოიხატება ხერხემლის ოსტეოქონდროზით. შეიძლება ეს გამოიხატოს მცირე მენჯის ღრუს ორგანოების ფუნქციების დარღვევით, როგორიც არის შარდვის გახშირება ან შარდვის შეკავება.

მესამე შეიძლება იყოს სქოლიოზი, რომელიც ვითარდება ნელა, შემპარავად და იწვევს ტანდეგობის დარღვევას, რაც მშობლებში თავდაპირველად გამოიწვევს გაკვირვებას, შემდგომ კი შიშს.

ეს სამი დაავადება ბავშვებში სწორედ ცხოვრების ჰიპოდინამიური სტილის გამო ხდება,“- მოცემულ საკითხზე შალვა გაბადაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „პირადი ექიმი - მარი მალაზონია“ ისაუბრა.

წყარო: ​„პირადი ექიმი - მარი მალაზონია“ 

წაიკითხეთ სრულად