Baby Bag

,,ბავშვების პრობლემები უმეტესად არა ცხვირის ღრუში, არამედ - ცხვირ-ხახაშია" - ოტორინოლარინგოლოგი

,,ბავშვების პრობლემები უმეტესად არა ცხვირის ღრუში, არამედ - ცხვირ-ხახაშია" - ოტორინოლარინგოლოგი

,,​როდესაც პაციენტი შემოდის ჩემთან და მეუბნება, რომ მას აქვს ყურის პრობლემა, პირველ შეკითხვას ყოველთვის ცხვირთან დაკავშირებით ვუსვამ ხოლმე და ვაკვირდები  რეაქციასაც - სულ უკვირთ, რა შუაშია ცხვირი, როდესაც ისინი ყურის ჩივილებით მოდიან. განსაკუთრებით, მშობლებს მინდა - გავაგებინო, რომ ეს პირდაპირ კავშირშია, მით უმეტეს, ბავშვებში", - ამის შესახებ ოტორინოლარინგოლოგმა, პროფესორმა გიორგი გოგნიაშვილმა ,,პირველი არხის"  გადაცემაში ,,პირადი ექიმი მარი მალაზონია" ისაუბრა.

,,ბავშვების პრობლემები უმეტესად არა ცხვირის ღრუში, არამედ - ცხვირ-ხახაშია. უნდა გვახსოვდეს, რომ ბავშვებისთვის ცხვირი და სუნთქვის მოწესრიგება ძალიან მნიშვნელოვანია ყურის ფუნქციებისთვის. თუ ამას არ მივაქცევთ ყურადღებას, ბავშვს უკვე შეექმნება პრობლემები სმენის მხრივ და შემდგომ სერიოზული ჩარევები გვიწევს ყურზე. ამიტომ, სულ უნდა გვახსოვდეს, რომ ბავშვებში ნორმალური სუნთქვა წინაპირობაა იმის, რომ არა  მარტო ცხვირის ფუნქცია მოვაწესრიგოთ, არამედ - ყურის ფუნქციაც.

საკმაოდ ხშირია ვირუსული ინფექციების დროს ყელის პრობლემები. მინდა, საზოგადოებას ვთხოვო, რომ პირდაპირ არ დავიწყოთ ანტიბიოტიკოთერაპიით - ეს ორგანიზმისთვის არის დამღუპველი. ანტიბიოტიკი ძალიან კარგი პრეპარატია, მაგრამ უნდა ვიცოდეთ მისი მიზანი და დანიშნულება. ვირუსის დროს, რა თქმა უნდა, არის ხოლმე ყელის ტკივილი - ხშირ შემთხვევაში, უნდა განვასხვავით - ეს ტკივილი არის ვირუსული თუ ბაქტერიული. ამას ძალიან მარტივად გავარკვევთ სისხლის ანალიზის მეშვეობით. თუ ბაქტერიული მონაცემები მომატებულია სისხლის ანალიზში, ეს ტკივილი ბაქტერიულია და უნდა ვიმკურნალოთ ანტიბიოტიკით, თუ ვირუსულია - მაშინ აზრი არ აქვს ანტიბიოტიკების მოხმარებას, რადგან უფრო ვაზიანებთ ჩვენ ამით ორგანიზმს, ვაქვეითებთ იმუნიტეტს და შესაბამის ვირუსს ეძლევა საშუალება, რომ უფრო მეტად დაგვაზიანოს", - აღნიშნა გიორგი გოგნიაშვილმა. 

წყარო: ,​,პირადი ექიმი მარი მალაზონია"

შეიძლება დაინტერესდეთ

„ასეთ ადამიანებს კოღოები გაცილებით უფრო ხშირად კბენენ,“ - პარაზიტოლოგი ირმა კოკაია

პარაზიტოლოგმა ირმა კოკაიამ განმარტა რატომ იზიდავს ზოგიერთი ადამიანი მწერებს უფრო ხშირად, ვიდრე სხვა ადამიანები:

„ყველა ადამიანის სხეული გამოყოფს გარკვეულ ნივთიერებებს. ეს ყველა ადამიანს ეხება. ბევრი ასეთი ნივთიერება გამოიყოფა ჩვენი კანის გზით. ეს შეიძლება იყოს ამიაკი და ა.შ. გარკვეულ ადამიანებს გაცილებით მეტად გამოეყოფათ ეს ნივთიერებები და აღმოჩნდა, რომ ამ ნივთიერებებიდან არის რაღაც განსაკუთრებული სახეობები, რომელიც იზიდავს მწერებს, განსაკუთრებით კოღოებს.

როდესაც ადამიანის სხეული ჭარბად გამოყოფს ამ ნივთიერებებს, რომელსაც ჩვენ ვერ ვგრძნობთ თვითონ, ეს არის კოღოს მიზიდვის საშუალება. ასეთ ადამიანებს კოღოები გაცილებით უფრო ხშირად კბენენ. არის პირიქითაც... არის ნივთიერებები, რომლებიც პირიქით აფრთხობს მწერებს და კოღოებს. შესაბამისად ეს ადამიანები გაცილებით ნაკლებად ზარალდებიან. ეს ჩვენი ორგანიზმის თავისებურებიდან გამომდინარეობს და ჩვენი მეტაბოლიზმიდან,“ - მოცემულ საკითხზე ირმა კოკაიამ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „პირადი ექიმი - მარი მალაზონია“ ისაუბრა.

წყარო:​ „პირადი ექიმი - მარი მალაზონია“

წაიკითხეთ სრულად