Baby Bag

,,ყველაზე საგანგაშო არის მუცლის შემაწუხებელი ტკივილი, რომელიც არ გადის და მატულობს" - დავით მახათაძე

,,ყველაზე საგანგაშო არის მუცლის შემაწუხებელი ტკივილი, რომელიც არ გადის და მატულობს" - დავით მახათაძე

მუცლის ტკივილის შემთხვევაში, როდის უნდა მიმართოს მშობელმა ექიმს და დასაშვებია თუ არა თვითნებურად მედიკამენტების გამოყენება - ამის შესახებ ბავშვთა გასტროენტეროლოგმა, დავით მახათაძემ ,,პირველი არხის" გადაცემაში ,,პირადი ექიმი მარი მალაზონია" ისაუბრა.

,,თუ ბავშვს მუცელი სტკივა, ის არის მუდმივი და ძალიან შემაწუხებელი, მშობელმა მაქსიმალურად დროულად უნდა მიმართოს ექიმს, რადგან ყველაზე მნიშვნელოვანია, გაიმიჯნოს ქირურგიული და არაქირურგიული პათოლოგია. შესაძლოა, ეს ყველაფერი დაემთხვას ახალი წლის დღეებს, მაგრამ არც ამ დღეებშია გამორიცხული, ბავშვს განუვითარდეს ისეთი დაავადება, როგორიცაა არის, ვთქვათ, მწვავე აპენდიციტი. ამიტომ, თუ მუცლის ტკივილი არ სრულდება, კატეგორიულად და აუცილებლად უნდა ჩაერიოს ექიმი.

მედიკამენტების გამოყენება დიდი რისკია. როდესაც ექიმი გასინჯავს ბავშვს, ის ურჩევს მშობელს, უნდა გამოიყენოს გამაყუჩებელი თუ სხვა გზა არის საჭირო. არ უნდა დავიწყოთ ტკივილგამაყუჩებლით მუცლის ძლიერი და შემაწუხებელი ტკივილის დროს. რაც შეეხება ღებინებას - თავდაპირველად, რა თქმა უნდა, უნდა დავიწყოთ ბავშვისთვის სითხის მიცემა; ვთქვათ, გაზგასული მინერალური წყლის და დავაკვირდეთ, რამდენად იღებს ის სითხეს. თუ ბავშვს სითხე ერგება და ღებინების ინტენსივობა თანდათან მცირდება, ეს ნიშანია იმისა, რომ აქ არაფერი განსაკუთრებული და სერიოზული არ ხდება. უბრალოდ, ბავშვს სჭირდება დაკვირვება, დიეტა და მშობელი უნდა მოიქცეს იმის მიხედვით, თუ როგორ განვითარდება მოვლენები - იქნება თუ არა საჭირო ექიმთან დაკავშირება. ყველაზე საგანგაშო არის მუცლის შემაწუხებელი ტკივილი, რომელიც არ გადის და მატულობს.

ღებინება საგანგაშო ხდება მაშინ, როდესაც ის არ სრულდება და ბავშვი ვერ ახერხებს ვერანაირი სითხის მიღებას. ეს პირდაპირი ნიშანია იმისა, რომ აუცილებლად უნდა მივმართოთ ექიმს. თუ ბავშვს მუცლის ტკივილი აქვს და თან მას არ აქვს კუჭის მოქმედება, ამ მომენტსაც აუცილებლად უნდა მიექცეს ყურადღება. როდესაც მშობელი აღმოაჩენს, რომ რამდენიმე დღეა, მის შვილს არ ჰქონია კუჭის მოქმედება, როცა, ჩვეულებრივ, ამ მხრივ მას პრობლემები არ ჰქონია, ესეც საგანგაშო სინდრომია და პირდაპირი მინიშნებაა იმისა, რომ მან უნდა მიმართოს ექიმს", - აღნიშნა დავით მახათაძემ.

წყარო: ,,პირადი ექიმი მარი მალაზონია"

შეიძლება დაინტერესდეთ

„ასეთ ადამიანებს კოღოები გაცილებით უფრო ხშირად კბენენ,“ - პარაზიტოლოგი ირმა კოკაია

პარაზიტოლოგმა ირმა კოკაიამ განმარტა რატომ იზიდავს ზოგიერთი ადამიანი მწერებს უფრო ხშირად, ვიდრე სხვა ადამიანები:

„ყველა ადამიანის სხეული გამოყოფს გარკვეულ ნივთიერებებს. ეს ყველა ადამიანს ეხება. ბევრი ასეთი ნივთიერება გამოიყოფა ჩვენი კანის გზით. ეს შეიძლება იყოს ამიაკი და ა.შ. გარკვეულ ადამიანებს გაცილებით მეტად გამოეყოფათ ეს ნივთიერებები და აღმოჩნდა, რომ ამ ნივთიერებებიდან არის რაღაც განსაკუთრებული სახეობები, რომელიც იზიდავს მწერებს, განსაკუთრებით კოღოებს.

როდესაც ადამიანის სხეული ჭარბად გამოყოფს ამ ნივთიერებებს, რომელსაც ჩვენ ვერ ვგრძნობთ თვითონ, ეს არის კოღოს მიზიდვის საშუალება. ასეთ ადამიანებს კოღოები გაცილებით უფრო ხშირად კბენენ. არის პირიქითაც... არის ნივთიერებები, რომლებიც პირიქით აფრთხობს მწერებს და კოღოებს. შესაბამისად ეს ადამიანები გაცილებით ნაკლებად ზარალდებიან. ეს ჩვენი ორგანიზმის თავისებურებიდან გამომდინარეობს და ჩვენი მეტაბოლიზმიდან,“ - მოცემულ საკითხზე ირმა კოკაიამ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „პირადი ექიმი - მარი მალაზონია“ ისაუბრა.

წყარო:​ „პირადი ექიმი - მარი მალაზონია“

წაიკითხეთ სრულად