,,ქვეყანაში გრიპის ვირუსის სტატისტიკა აღმავალ მრუდზეა. თუ გადავხედავთ იმ რიცხვებს, რასაც გვაძლევს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი, 2023 წლის 49-ე და 51-ე კვირის მონაცემებს თუ შევადარებთ, პრაქტიკულად, გაორმაგებულია ლაბორატორიულად დადასტურებული, გრიპის შემთხვევების რაოდენობა. თუ 49-ე კვირას ეს რიცხვი იყო 16%, ორი კვირის შემდგომ ეს მაჩვენებელი უკვე 27 პროცენტი გახდა", - ამის შესახებ იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, ივანე ჩხაიძემ განაცხადა.
,,ნებისმიერ ადამიანში, რომელსაც აქვს ტემპერატურა 38 გრადუსი და მეტი, ძლიერი თავის ტკივილი, კუნთების ტკივილი, სახსრების ტკივილი, საერთო სისუსტე, ბავშვების შემთხვევაში ამას ემატება საკვებზე უარის თქმა, მომატებული ძილიანობა, ჭირვეულობა - ყველაფერი ეს მიუთითებს სწორედ გრიპის ვირუსის არსებობაზე. ამიტომ, განსაკუთრებით მცირე ასაკის ბავშვებში, ეს შემთხვევა უნდა იყოს არა მხოლოდ ოჯახის წევრების, არამედ - ექიმის მიერაც მართული", - აღნიშნავს ჩხაიძე.
როგორც ინფექციონისტი, მაია ბუწაშვილი საუბრობს, აცრილ ადამიანებში გრიპის ვირუსი გაცილებით ნაკლები გართულებით მიმდინარეობს.
,,ფიგურირებს ყველაზე მეტად გრიპის ვირუსი. აცრილ ადამიანებში შედარებით ნაკლებად ახასიათებს გართულებები, აუცრელ ნაწილში გართულებული შემთხვევა უფრო მეტია. მიმდინარეობს მაღალი ტემპერატურით. ზოგჯერ ადამიანს საერთოდ არ აქვთ სასუნთქი გზების მხრივ სიმპტომი. ზოგიერთ შემთხვევაში შესაძლოა, გახანგრძლივდეს ტემპერატურა 7-8 დღემდე. ასევე, დამახასიათებელია ძლიერი საერთო სისუსტე. მეორე ასეთი ვირუსი, რომელიც ხშირად გვხვდება, არის რესპირაციულ-სინციტიური ვირუსი - ის იწვევს ხოლმე ბრონქების დაზიანებას, განსაკუთრებით - მცირე ასაკის ბავშვებსა და ხანდაზმულებში. რეკომენდაციაა, რომ თუ ადამიანს აქვს სუნთქვის გაძნელება, ტემპერატურა - რომელიც არ ემორჩილება სიცხის დამწევებს ან ხანგრძლივდება ერთ კვირაზე მეტხანს, აუცილებლად უნდა მიმართოს სამედიცინო დახმარებას. რაც მთავარია,თვითნებურად არ მიიღოთ ანტიობიოტიკები", - აღნიშნავს მაია ბუწაშვილი.