Baby Bag

შაქრიანი დიაბეტის მართვა ბავშვებში - თემაზე ბავშვთა ენდოკრინოლოგი ნინო ხელაძე საუბრობს

შაქრიანი დიაბეტის მართვა ბავშვებში - თემაზე ბავშვთა ენდოკრინოლოგი ნინო ხელაძე საუბრობს

საახალწლო რეკომენდაციებზე შაქრიანი დიაბეტის დროს „პირადი ექიმი მარი მალაზონიას“ პირდაპირ ეთერში ბავშვთა ენდოკრინოლოგმა ნინო ხელაძემ ისაუბრა.

მისი თქმით, თუ ბავშვს შევუქმნით ძალიან სტრესულ გარემოს და ბევრ რამეს ავუკრძალავთ, შანსი იმისა, რომ ის არ დაემორჩილება წესებს, გაიზრდება. აუცილებელია ვიპოვოთ კომპრომისი და პირველ რიგში, დავიწყოთ შერჩევა პროდუქტებისა, რომელიც ჯანსაღად ჩაანაცვლებს რაფინირებულ ტკბილეულს. მაგალითად, ჩირი, ტყლაპი, ჩურჩხელა, თხილეული უკეთესი ალტერნატივაა, ვიდრე კრემიანი ნამცხვარი. 

,,ამ დროს, რა თქმა უნდა, ყველა ბავშვმა, მოზარდმა და მშობელმა უნდა იცოდეს, როგორ გაიკეთოს ინსულინი იმ მიღებული საკვების შესაბამისად (შაქრიანი დიაბეტის დროს). თუ მივიღებთ ტბილეულს, თუნდაც გოზინაყის ( მიუხედავად იმისა, რომ ფრუქტოზას შეიცავს, შემდეგ გლუკოზად გარდაიქმნება) სახით, მშობელმა სწორად უნდა დაითვალოს და სწორად გაუკეთოს ბავშვს ინსულინი, იმ საკვებზე გათვლით, რასაც იღებს. 

კიდევ ერთი კარგი ღონისძიება იქნება, რომ ბავშვმა მეტი ივარჯიშოს, ფეხით ისეირნოს, იცეკვოს და რაც მიირთვა ფიზიკური დატვირთვის სახით გამოიყენოს. დღესდღეობით, მეტნაკლებად ხელმისაწვდომია სხვადასხვა ხელოვნური დამატკბობლები, რომლითაც შესაძლებელია ტკბილეულის მომზადება. აქაც გასათვალისწინებელია, რომ მშობელმა იცოდეს რომელი დამატკბობელია უსაფრთხო ბავშვისთვის და არ გადააჭარბოს გამოყენების ლიმიტს“- აღნიშნა ნინო ხელაძემ. 

ენდოკრინოლოგმა ჰიპოგლიკემიის შესახებაც ისაუბრა. მისი თქმით, ჰიპოგლიკემია არის მდგომარეობა, რომლის დროსაც სისხლში გლუკოზის დონე ნორმაზე დაბალია. ,,შაქრიანი დიაბეტის დროს ჰიპოგლიკემიის მიზეზი შეიძლება გახდეს: მედიკამენტის დოზის გადაჭარბება, კვების რეჟიმის დარღვევა, საკვების არაადეკვატური ულუფა, გადაჭარბებული ფიზიკური აქტივობა,'' - დასძინა ნინო ხელაძემ. 

ჰიპოგლიკემიის შესაძლო ნიშნებია: ოფლიანობა, გულის ფრიალი, კანკალი, წამოცხელება, სიწითლე ან გაფითრება, მხედველობის გაორება, ტუჩების დაბუჟება. მსუბუქი ჰიპოგლიკემიის დროს, უმჯობესია გამოიყენოთ პურის პატარა ნაჭერი, ნაკლებად ტკბილი ხილი (ვაშლი), ცილოვანი საკვები (რძე ან რძის ნაწარმი). 

დაიმახსოვრეთ! - შაქრის ფხვნილი, თაფლი და საკონდიტრო ნაწარმი გამოიყენეთ მხოლოდ მძიმე შემთხვევაში და მაქსიმალური სიფრთხილით, სისხლში გლუკოზის დონის მკვეთრი მატების თავიდან ასაცილებლად - აღნიშნული რეკომენდაცია გაიცა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში ,,პირადი ექიმი - მარი მალაზონია''. 

„ახალი წლის პერიოდში, როდესაც ყველა ოჯახში სტუმრიანობაა და მშობლებმა შესაძლოა დიდი დრო ვერ დაუთმონ ბავშვებს. თუმცა, ფიზიკური აქტივობა ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილია შაქრიანი დიაბეტის მქონე ბავშვების ცხოვრებაში, ამიტომ ყველა ოჯახმა უნდა გაითვალისწინოს და ყურადღება მიაქციონ ამ საკითხს. თუ დაგეგმილია ფიზიკური აქტივობა, უნდა გაკეთდეს ნაკლები ინსულინი. ჰიპოგლიკემია შესაძლოა, განვითარდეს უშუალოდ ვარჯიშის დროსაც და ვარჯიშიდან 2 საათის მანძილზეც კი (გააჩნია ვარჯიშის ტიპს). თუ მას არ გაუკეთებია ნაკლები ინსულინი, მაშინ მეტი საკვები უნდა მიიღოს (კომბინირებული ნახშირწყლის სახით), რათა ვარჯიში დაიფაროს ნახშირწყლოვანი დატვირთვით (მაგალითად, მჭადი და ყველი ან ნადუღი). განსაკუთრებით საყურადღებოა, თუ აქტივობა მოხდა ღამე, ძილის წინ. არსებობს თანამედროვე მეთოდები, რომელიც ჰიპოგლიკემიას ხსნის, მაგალითად, ინსულინის ტუმბო, გლუკოზის მონიტორინგის სისტემა - ეს საშუალებები ძალიან დაგეხმარებათ“ - აღნიშნა ნინო ხელაძემ.

წყარო: ​,,პირადი ექიმი - მარი მალაზონია''

შეიძლება დაინტერესდეთ

„სჯობს, თოვლის ბაბუის რიტუალი ბავშვისთვის უპირობო სიყვარულთან ასოცირდებოდეს“

„სჯობს, თოვლის ბაბუის რიტუალი ბავშვისთვის უპირობო სიყვარულთან ასოცირდებოდეს“

დღესასწაულების და მასთან დაკავშირებული ატრიბუტიკის მნიშვნელობის შესახებ ​MomsEdu.ge-ს ესაუბრა ფსიქოლოგი თეონა ლოდია, რომელმაც რჩევები მოგვცა, როგორ გავახაროთ სადღესასწაულო დღეებით ჩვენი შვილები.

თეონა ლოდია: მნიშვნელოვანია, რომ დღესასწაული ბავშვისთვის სასიამოვნო ემოციებთან იყოს დაკავშირებული, რასაც პირველ რიგში განაპირობებს გარშემომყოფთა დამოკიდებულება, განწყობილება. ბავშვი სწავლობს მისთვის მნიშვნელოვანი ადამიანების ქცევაზე დაკვირვებით და თუკი ის ხედავს, რომ ადამიანებს მის ირგვლივ ახარებთ დღესასწაულები, საგანგებოდ ემზადებიან ამისთვის, ისიც სწავლობს ამ დღეებს სიხარულით შეხვდეს.

- რამდენად უნდა იყვნენ ბავშვები ჩართულები დიდ წინასადღესასწაულო სამზადისში?

- სადღესასწაულო განწყობას ქმნის სამზადისში, კონკრეტულ რიტუალებში მონაწილეობა. ამით ბავშვი რაღაც მნიშვნელოვანის ნაწილად და, შესაბამისად, თავადაც მნიშვნელოვნად გრძნობს თავს. გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ საქმიანობები, რომლებში ჩართვასაც ბავშვს ვთავაზობთ, მის შესაძლებლობებს უნდა შეესაბამებოდეს - შეეძლოს დამოუკიდებლად ან უფროსის დახმარებით გამკლავება, მხოლოდ ასე მიიღებს ის სიამოვნებას პროცესისგან. დღესასწაულთან დაკავშირებულ რიტუალებში მონაწილეობა ურთიერთმხარდაჭერის, კომუნიკაციის გაუმჯობესების საშუალებად შეგვიძლია ვაქციოთ. აქვე აღვნიშნავ, რომ მომავალში თავიანთ შვილებს ის ადამიანები უწყობენ დღესასწაულებს, რომლებსაც თავად აქვთ ამგვარი გამოცდილება, დადებით ემოციები აკავშირებთ კონკრეტულ დღესასწაულებთან. ამავდროულად, მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ, რომ დღესასწაულების დროს ბავშვს ხანგრძლივად არ უნდა დაერღვეს დღის რუტინა. თუკი ასე მოხდება, ეს უარყოფით გავლენას მოახდენს ბავშვის ემოციურ მდგომარეობაზე.

- თოვლის პაპის რეალურობა-არარეალურობა როგორ დავაბალანსოთ ისე, რომ სასწაულის არსებობაც არ გაუვუქროთ და არც ტრავმა მიიღონ მოზრდილობის ასაკში?

- 6 წლამდე ასაკის ბავშვის აზროვნების განვითარებისთვის ნიშანდობლივია, რომ ფანტაზიასა და რეალობას შორის ზღვრის გავლება უჭირს. ამიტომაც კეთილი ბაბუის არსებობა, რომელსაც ყოველწლიურად საჩუქრები მოაქვს ბავშვისთვის, მისი რეალობის ნაწილია. ეს, ერთი მხრივ, ბავშვის ფანტაზიას ავითარებს, მეორე მხრივ კი, ისევ და ისევ დადებითი ემოციების განცდით მნიშვნელოვან ადამიანად აგრძნობინებს თავს. არ არის რეკომენდებული, თუკი თოვლის ბაბუის მიერ საჩუქრების მოტანას ბავშვის დასასჯელად გამოვიყენებთ („იმიტომ არ მოგიტანა, რომ კარგად არ იქცეოდი“). აჯობებს, თოვლის ბაბუის რიტუალი ბავშვისთვის უპირობო სიყვარულთან ასოცირდებოდეს. ასაკის მატებასთან ერთად, აზროვნების განვითარების კვალდაკვალ, ბავშვს თავად უჩნდება შეკითხვები თოვლის ბაბუის არსებობასთან დაკავშირებით, ხშირად ისეც ხდება, რომ უფრო ინფორმირებული თანატოლი ან უფროსი და-ძმა არის მაპროვოცირებელი ამ შეკითხვის გაჩენის. უნდა გვახსოვდეს, რომ ეს სწორედ ის დროა, როცა სიმართლე უნდა გავამხილოთ, ავუხსნათ, თუ რატომ არ ვუთხარით აქამდე. მნიშვნელოვანია, ბავშვმა გააცნობიეროს, რომ ამ კეთილ ტყუილს მხოლოდ მისი გაბედნიერების მიზანი ჰქონდა. შესაძლოა, ვერ ავაცილოთ თავიდან იმედგაცრუება, მაგრამ იმედგაცრუების დაძლევაც საჭირო უნარია, რომლის განვითარებაშიც უნდა დავეხმაროთ მას.

- საჩუქრების მიმართ მათი დამოკიდებულება როგორი უნდა იყოს და რა საშუალებით შევქმნათ?

- მნიშვნელოვანია, ბავშვი ჩავრთოთ სხვებისთვის საჩუქრების მომზადების პროცესში, ამით ის სხვებზე ზრუნვას სწავლობს და, მეორე მხრივ, უფრო უადვილდება თოვლის ბაბუის არარსებობასთან დაკავშირებული რეალობის მიღება - ხვდება, რომ თურმე დედ-მამა უმზადებდა მას საჩუქრებს. 

ესაუბრა ელენე ოვაშვილი

წაიკითხეთ სრულად