Baby Bag

შაქრიანი დიაბეტის მართვა ბავშვებში - თემაზე ბავშვთა ენდოკრინოლოგი ნინო ხელაძე საუბრობს

შაქრიანი დიაბეტის მართვა ბავშვებში - თემაზე ბავშვთა ენდოკრინოლოგი ნინო ხელაძე საუბრობს

საახალწლო რეკომენდაციებზე შაქრიანი დიაბეტის დროს „პირადი ექიმი მარი მალაზონიას“ პირდაპირ ეთერში ბავშვთა ენდოკრინოლოგმა ნინო ხელაძემ ისაუბრა.

მისი თქმით, თუ ბავშვს შევუქმნით ძალიან სტრესულ გარემოს და ბევრ რამეს ავუკრძალავთ, შანსი იმისა, რომ ის არ დაემორჩილება წესებს, გაიზრდება. აუცილებელია ვიპოვოთ კომპრომისი და პირველ რიგში, დავიწყოთ შერჩევა პროდუქტებისა, რომელიც ჯანსაღად ჩაანაცვლებს რაფინირებულ ტკბილეულს. მაგალითად, ჩირი, ტყლაპი, ჩურჩხელა, თხილეული უკეთესი ალტერნატივაა, ვიდრე კრემიანი ნამცხვარი. 

,,ამ დროს, რა თქმა უნდა, ყველა ბავშვმა, მოზარდმა და მშობელმა უნდა იცოდეს, როგორ გაიკეთოს ინსულინი იმ მიღებული საკვების შესაბამისად (შაქრიანი დიაბეტის დროს). თუ მივიღებთ ტბილეულს, თუნდაც გოზინაყის ( მიუხედავად იმისა, რომ ფრუქტოზას შეიცავს, შემდეგ გლუკოზად გარდაიქმნება) სახით, მშობელმა სწორად უნდა დაითვალოს და სწორად გაუკეთოს ბავშვს ინსულინი, იმ საკვებზე გათვლით, რასაც იღებს. 

კიდევ ერთი კარგი ღონისძიება იქნება, რომ ბავშვმა მეტი ივარჯიშოს, ფეხით ისეირნოს, იცეკვოს და რაც მიირთვა ფიზიკური დატვირთვის სახით გამოიყენოს. დღესდღეობით, მეტნაკლებად ხელმისაწვდომია სხვადასხვა ხელოვნური დამატკბობლები, რომლითაც შესაძლებელია ტკბილეულის მომზადება. აქაც გასათვალისწინებელია, რომ მშობელმა იცოდეს რომელი დამატკბობელია უსაფრთხო ბავშვისთვის და არ გადააჭარბოს გამოყენების ლიმიტს“- აღნიშნა ნინო ხელაძემ. 

ენდოკრინოლოგმა ჰიპოგლიკემიის შესახებაც ისაუბრა. მისი თქმით, ჰიპოგლიკემია არის მდგომარეობა, რომლის დროსაც სისხლში გლუკოზის დონე ნორმაზე დაბალია. ,,შაქრიანი დიაბეტის დროს ჰიპოგლიკემიის მიზეზი შეიძლება გახდეს: მედიკამენტის დოზის გადაჭარბება, კვების რეჟიმის დარღვევა, საკვების არაადეკვატური ულუფა, გადაჭარბებული ფიზიკური აქტივობა,'' - დასძინა ნინო ხელაძემ. 

ჰიპოგლიკემიის შესაძლო ნიშნებია: ოფლიანობა, გულის ფრიალი, კანკალი, წამოცხელება, სიწითლე ან გაფითრება, მხედველობის გაორება, ტუჩების დაბუჟება. მსუბუქი ჰიპოგლიკემიის დროს, უმჯობესია გამოიყენოთ პურის პატარა ნაჭერი, ნაკლებად ტკბილი ხილი (ვაშლი), ცილოვანი საკვები (რძე ან რძის ნაწარმი). 

დაიმახსოვრეთ! - შაქრის ფხვნილი, თაფლი და საკონდიტრო ნაწარმი გამოიყენეთ მხოლოდ მძიმე შემთხვევაში და მაქსიმალური სიფრთხილით, სისხლში გლუკოზის დონის მკვეთრი მატების თავიდან ასაცილებლად - აღნიშნული რეკომენდაცია გაიცა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში ,,პირადი ექიმი - მარი მალაზონია''. 

„ახალი წლის პერიოდში, როდესაც ყველა ოჯახში სტუმრიანობაა და მშობლებმა შესაძლოა დიდი დრო ვერ დაუთმონ ბავშვებს. თუმცა, ფიზიკური აქტივობა ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილია შაქრიანი დიაბეტის მქონე ბავშვების ცხოვრებაში, ამიტომ ყველა ოჯახმა უნდა გაითვალისწინოს და ყურადღება მიაქციონ ამ საკითხს. თუ დაგეგმილია ფიზიკური აქტივობა, უნდა გაკეთდეს ნაკლები ინსულინი. ჰიპოგლიკემია შესაძლოა, განვითარდეს უშუალოდ ვარჯიშის დროსაც და ვარჯიშიდან 2 საათის მანძილზეც კი (გააჩნია ვარჯიშის ტიპს). თუ მას არ გაუკეთებია ნაკლები ინსულინი, მაშინ მეტი საკვები უნდა მიიღოს (კომბინირებული ნახშირწყლის სახით), რათა ვარჯიში დაიფაროს ნახშირწყლოვანი დატვირთვით (მაგალითად, მჭადი და ყველი ან ნადუღი). განსაკუთრებით საყურადღებოა, თუ აქტივობა მოხდა ღამე, ძილის წინ. არსებობს თანამედროვე მეთოდები, რომელიც ჰიპოგლიკემიას ხსნის, მაგალითად, ინსულინის ტუმბო, გლუკოზის მონიტორინგის სისტემა - ეს საშუალებები ძალიან დაგეხმარებათ“ - აღნიშნა ნინო ხელაძემ.

წყარო: ​,,პირადი ექიმი - მარი მალაზონია''

შეიძლება დაინტერესდეთ

​მხედველობის რა პრობლემებია გავრცელებული ბავშვებში და რა სიმპტომებით შეიძლება მათი ამოცნობა?

​მხედველობის რა პრობლემებია გავრცელებული ბავშვებში და რა სიმპტომებით შეიძლება მათი ამოცნობა?

მხედველობის რა პრობლემებია გავრცელებული ბავშვებში, რა სიმპტომებით შეიძლება ამოვიცნოთ და როდის მივმართოთ ექიმს? - ამ და სხვა საკითხებზე ​MomsEdu.ge-ს ესაუბრა პედიატრ-ოფთალმოლოგი ნინო შარიქაძე.

- ქალბატონო ნინო, ზოგადად, მხედველობის რა პრობლემები გვხვდება ბავშვებში და ყველაზე მეტად რომელია გავრცელებული?
- ბავშვთა ასაკში მხედველობის დაქვეითებას საკმაოდ ბევრი პათოლოგია იწვევს, თუმცა ყველაზე ხშირ მიზეზს რეფრაქციული მანკები წარმოადგენს, რომლებიც სამი ტიპის გვხვდება, ესენია:

  • ახლომხედველობა - ანუ მიოპია;
  • შორსმხედველობა - იგივე ჰიპერმეტროპია;
  • ასტიგმატიზმი.

სამივე ტიპის რეფრაქციული მანკი საჭიროებს დროულ დიაგნოსტირებას და სათვალისმიერ ან ლინზისმიერ კორექციას.
რაც შეეხება წლამდე ასაკის ბავშვებს, მათში პროცენტულად ყველაზე ხშირად საცრემლე არხის ნაწილობრივი ან სრული შევიწროვება - სტენოზი გვხვდება. აქაც საყურადღებოა პრობლემის დროულად აღმოჩენა და მკურნალობის სწორი ტაქტიკის შერჩევა.

ბავშვთა ასაკში საკმაოდ ხშირია სიელმეების არსებობა, სამწუხაროდ, არის თანდაყოლილი კატარაქტების და გლაუკომის შემთხვევებიც.

ასევე საყურადღებო და საკმაოდ ხშირია, ზოგად, სისტემურ პათოლოგიებთან, განსაკუთრებით, ორგანიზმში მიმდინარე აუტოიმუნურ პროცესებთან ასოცირებული თვალის ანთებითი მდგომარეობები, რაც საკმაოდ სერიოზულ და სპეციფიკურ მართვას საჭიროებს.

- რა სიმპტომებით შეიძლება, ამოიცნოს მშობელმა თვალთან დაკავშირებული პრობლემა?

- ყველაზე ხშირი მანიშნებელი იმისა, რომ ბავშვს შესაძლოა ჰქონდეს მხედველობის ესა თუ ის პრობლემა, არის:

  • ბავშვი ახლოს მიდის ტელევიზორთან;
  • თვალებთან ახლოს მიაქვს საგნები;
  • ხშირად ავიწროვებს თვალის ნაპრალს, განსაკუთრებით მაშინ, როცა შორ მანძილზე რამის დანახვა სურს;
  • ახლო მანძილზე მხედველობითი დატვირთვის დროს უწითლდება თვალები, აქვს ცრემლდენა, ხშირად ისრისავს ერთ ან ორივე თვალს. ასეთ დროს ხშირია თავის ტკივილებიც;
  • წერა-კითხვის დროს ხშირად იცვლის თავის პოზიციას, ამით ცდილობს ფოკუსის დაჭერას;
  • ცალმხრივი პრობლემის დროს, სპეციფიკურ სიმპტომს წარმოადგენს ცალი თვალის მოჭუტვა, დახუჭვა და მხედველობითი ფუნქციიდან გამოთიშვა;
  • ერთი ან ორივე თვალის გადახრა საფიქსაციო წერტილიდან - სიელმის გაჩენა.

​ყველა ზემოთ ჩამოთვლილი სიმპტომი შეიძლება იყოს მხედველობის დაქვეითების მიზეზი, ამიტომ საჭიროებს დაუყოვნებლივ ყურადღებას.
- კონკრეტულად რას იწვევს ეკრანთან დიდი დროის გატარება? 
- ელექტრომოწყობილობების არანორმირებული მოხმარება, პირველ რიგში, იწვევს თვალის შიგნით არსებული კუნთის - ცილიალური კუნთის გადაღლას, ირღვევა ბალანსი თვალის კუნთის შესაძლებლობასა და მასზე დაკისრებულ დატვირთვას შორის. ეს მდგომარეობა საკმაოდ ხშირია და ცნობილია აკომოდაციის სპაზმის, იგივე ფსევდომიოპიის სახელით.
ამ დროს პაციენტს აღენიშნება საკმაოდ შემაწუხებელი ჩივილები, როგორებიცაა:

  • თავის ტკივილი;
  • თვალბუდის არეში სიმძიმის შეგრძნება;
  • ახლო მანძილზე, სამუშაოს შესრულების დროს, თვალების მარტივად დაღლა;
  • თვალების სიწითლე;
  • ზოგჯერ მხედველობის დაქვეითებაც კი.
ასევე, ძალიან ხშირია მშრალი თვალის სინდრომის განვითარება, რასაც არანაკლებ შემაწუხებელი ჩივილები აქვს, როგორებიცაა: თვალებში წვის, სიმძიმის, ჩხვლეტის, ქავილის, სიმშრალის, უცხო სხეულის (ქვიშის) შეგრძნება.
რაც ყველაზე მთავარია, უკვე მრავალი საერთაშორისო სამედიცინო კვლევით დადასტურდა, რომ ახლო მანძილზე თვალების არანორმირებული დატვირთვა მიოპიის გაჩენის და უკვე არსებული მიოპიის პროგრესირების ხელშემწყობი ფაქტორია.
- ბავშვებში ხშირია სიელმის პრობლემა, როგორ შეიძლება ის მოგვარდეს?
- სიელმე, ანუ თვალის გადახრა მხედველობის ცენტრალური ღერძიდან, ბავშვთა ასაკის ერთ-ერთი საკმაოდ გავრცელებული პრობლემაა.

სიელმე მხოლოდ კოსმეტიკური პრობლემა არ არის. ამ დროს ირღვევა ბინოკულური მხედველობა, ანუ ორივე თვალით ერთდროულად, შერწყმულად ხედვის უნარი.

ხშირია სიელმესთან ერთად მხედველობის დაქვეითებაც, რაც რეფრაქციული მანკების არსებობით არის განპირობებული. შესაბამისად, ამ პრობლემას კომპლექსური მიდგომა და მკურნალობა სჭირდება.

გადახრის მიმართულების მიხედვით გამოყოფენ:

- შიგნითა (თვალი გადახრილია ცხვირისკენ);

- გარეთა (თვალი გადახრილია საფეთქლისკენ);

- ვერტიკალური (თვალი მიმართულია ზემოთ ან ქვემოთ) ტიპის სიელმეს.

სიელმის ძირითადი სახეობებია: შეუღლებული და პარალიზური. ისინი ერთმანეთისგან განსხვავდებიან როგორც კლინიკური გამოვლინებით, ასევე წარმოშობის მექანიზმით და მკურნალობის მეთოდებით.

ბავშვთა ასაკში ყველაზე ხშირია შიგნითა შეუღლებული, პერიოდული ხასიათის სიელმე. ამ დროს გადახრილია ხან ერთი, ხან მეორე თვალი, მონაცვლეობით. ასეთი ტიპის სიელმე უმეტეს შემთხვევაში წლამდე ასაკში თავისით, ყველანაირი ჩარევის გარეშე სწორდება, თუმცა, თუ საქმე გვაქვს ცალმხრივ, მუდმივი ხასიათის სიელმესთან, ეს ყოველთვის მეტად საყურადღებოა. ამ დროს საჭიროა ექიმთან დროულად კონსულტაციის გავლა.

რაც შეეხება მკურნალობას, სიელმის მკურნალობა საკმაოდ ხანგრძლივი და შრომატევადი პროცესია. სიელმის ტიპის და გამოვლინების ასაკის მიხედვით ხდება მკურნალობის ტაქტიკის შერჩევა. ზოგადად, სიელმის მკურნალობა რამდენიმე ეტაპიანია და მოიცავს: კონსერვატიულ და ქირურგიულ ეტაპებს.

კონსერვატიული მკურნალობა მოიაზრებს:

  • სათვალისმიერ კორექციას
  • სპეციალურ, აპარატურულ ვარჯიშებს, ასევე თვალის ახვევებს სახლის პირობებში, რომელთა მიზანიც არის მხედველობის სიმახვილის მომატება, თვალის მამოძრავებელი კუნთების ტონუსის აწევა და მხედველობის აქტში ორივე თვალის ერთდროულად ჩართვა.

თუმცა, ზოგჯერ მაინც გარდაუვალი ხდება ქირურგიული ჩარევა, რაც მოიცავს თვალების სიმეტრიულობის აღდგენას, კუნთების ბალანსის შეცვლის ხარჯზე: ერთი რომელიმე კუნთის გაძლიერებით და მეორე კუნთის მოქმედების შესუსტებით.

ძირითადად, ოპერაციული ჩარევა მოწოდებულია ბავშვის სკოლაში შესვლამდე, 5-6 წლის ასაკში, თუმცა, თანდაყოლილი ფორმების და დიდი გადახრის კუთხის არსებობის შემთხვევაში, შესაძლოა, ოპერაცია ჩატარდეს 2-3 წლის ასაკშიც, ამ ყველაფრის გადაწყვეტა ხდება ყველა პაციენტთან ინდივიდუალურად, მისი ანამნეზიდან გამომდინარე.

- რა დროს უნდა მივმართოთ ექიმს და როდის არის დაგვიანებული ვიზიტი?
- მიიჩნევა, რომ ბავშვის მხედველობის განვითარების კრიტიკული პერიოდი 7-8 წლამდეა. სწორედ ამიტომ, მხედველობის პრობლემის ადრეულ დიაგნოსტიკას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება. ხშირად ადრეულ ასაკში მხედველობის ორგანოს თანდაყოლილი ანომალია ან მხედველობის დაქვეითება მშობლის მიერ შეუმჩნეველი რჩება, სწორედ ამიტომ, ამერიკის პედიატრთა აკადემია გვირჩევს, რომ ბავშვის პირველი ვიზიტი ოფთალმოლოგთან განხორციელდეს 6 თვის ასაკში, შემდეგ 3-4 წლის ასაკში, ხოლო მომდევნო - სკოლამდელ, 5-6 წლის ასაკში. რეკომენდებულია, რომ სასკოლო ასაკის ბავშვმა ყოველ წელს ან 2 წელში ერთხელ მაინც გაიაროს გეგმიური შემოწმება ოფთალმოლოგთან, რათა დროულად მოხდეს ნებისმიერი სახის პრობლემის ადრეულ ეტაპზე დიაგნოსტირება და მკურნალობის დაწყება.

​აქვე მინდა ხაზი გავუსვა, რომ თუ ბავშვის მშობლებიდან რომელიმეს აღენიშნება ამა თუ იმ ტიპის რეფრაქციული მანკი (მიოპია, ჰიპერპეტროპია, ასტიგმატიზმი) ამ შემთხვევაში, ბავშვი მხედველობის პრობლემების განვითარების რისკის ქვეშ არის, რადგან, სამწუხაროდ, ისევე როგორც სხვა ორგანოს პათოლოგიების დროს, თვალის დაავადებებსაც, განსაკუთრებით რეფრაქციულ პრობლემებს, ახასიათებს გენეტიკური წინასწარგანწყობა და რაც უფრო ადრეულ ასაკში დავიწყებთ ასეთი ბავშვების დიაგნოსტირებას და მკურნალობას, მით უფრო კეთილსაიმედო იქნება გამოსავალი და თავიდან ავიცილებთ მრავალ შესაძლო გართულებას.

​დაგვიანებულ ვიზიტს რაც შეეხება, ყველაზე ხშირად დაგვიანებული მომართვიანობის დროს ბავშვებს აღენიშნებათ ამბლიოპია, ანუ ზარმაცი თვალი, რაც გულისხმობს თვალის ფუნქციურ გაზარმაცებას, ამ დროს თვალი ანატომიურად სრულიად ჯანმრთელია, თუმცა მას არ აქვს მაღალი მხედველობის უნარი, სათვალეშიც კი.

​ამბლიოპიის მკურნალობა, გარკვეულ ასაკამდე, სხვადასხვა დამხმარე თერაპიებით შესაძლებელია, თუმცა საკმაოდ ხანგრძლივი პროცესია და ზოგ შემთხვევაში, ისევ და ისევ ძალიან დაგვიანებული მომართვიანობის გამო, სასურველი შედეგის მიღება ვერ ხერხდება.

​საბედნიეროდ, დროული მომართვიანობით და ამა თუ იმ თვალის პათოლოგიის ადრეული დიაგნოსტირებით, დღეს უკვე შესაძლებელია ძალიან ბევრი არასასიამოვნო შედეგის თავიდან აცილება და ბავშვისთვის თითქმის ნებისმიერი მხედველობის პრობლემის მოგვარება, რაც საგრძნობლად აუმჯობესებს მისი ცხოვრების ხარისხს.

ესაუბრა მარიამ ჩოქური

წაიკითხეთ სრულად