Baby Bag

როგორ ამოვიცნოთ ინსულტი? - ,,დრო გადამწყვეტია, მაშინვე უნდა დარეკოთ სასწრაფოში''

როგორ ამოვიცნოთ ინსულტი? - ,,დრო გადამწყვეტია, მაშინვე უნდა დარეკოთ სასწრაფოში''

სახე, მკლავი, მეტყველება - როგორ ამოვიცნოთ ინსულტი, რომ გადავარჩინოთ ადამიანი - თემაზე გადაცემაში ,,პირადი ექიმი - მარი მალაზონია'' ნევროლოგი, პროფესორი ალექსანდრე ცისკარიძე საუბრობს. 

მისი თქმით, თუ ადამიანს ეცვლება სახე, ვერ იმორჩილებს მკლავს, ვერ საუბრობს - დრო გადამწყვეტია, მაშინვე უნდა დარეკოთ სასწრაფოში:

„ჩვენ ყოველთვის უნდა ვიფიქროთ იმაზე, რომ რაც შეიძლება სწრაფად ვიმოქმედოთ. იმისათვის, რომ სწრაფად ვიმოქმედოთ, ცხადია, დროულად უნდა ამოვიცნოთ ინსულტი და სწორედ, ამერიკაში შექმნილი აბრევიატურა FAST (face, arms, speech, time) გულისხმობს ინსულტის განვითარების ნიშნებს - ადამიანს ეცვლება სახე, მკლავს ვერ იმორჩილებს, ვერ საუბრობს და მეოთხე საწყისი ამ სიტყვისა(დრო) გახლავთ გადამწყვეტი. ოჯახის წევრმა, ქუჩაში გამვლელმა, კოლეგამ მაშინვე უნდა დარეკოს სასწრაფოში და პაციენტი დაუყოვნებლივ იყოს გადაყვანილი კლინიკაში, სადაც სიტუაციას მართავენ თანამედროვე სტანდარტების მიხედვით. გაიდლაინებში, სასწრაფო დახმარების ექიმის დრო მნიშვნელოვნად შემჭიდროებულია, თუ ადამიანის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება, ადგილზე მკურნალობის დაწყებაც არ არის რეკომენდებული.  თითოეული წუთი დაკავშირებულია რამდენიმე მილიონ ტვინის უჯრედის ფუნქციონირების გადარჩენასთან,'' - აღნიშნა ალექსანდრე ცისკარიძემ.

წყარო: ,,პირადი ექიმი - მარი მალაზონია''

შეიძლება დაინტერესდეთ

რა მივირთვათ საუზმეზე, სადილსა და ვახშამზე? - თინათინ კაჭარავას რეკომენდაციები ჯასაღი კვებისთვის

რა მივირთვათ საუზმეზე, სადილსა და ვახშამზე? - თინათინ კაჭარავას რეკომენდაციები ჯასაღი კვებისთვის

მედიაპორტალი MomsEdu.ge ტრადიციულ რუბრიკას - ენდოკრინოლოგის რეკომენდაციებს წარმოგიდგენთ. ამჯერად ენდოკრინოლოგ-ნუტრიციოლოგი თინათინ კაჭარავა მოგაწვდით კომპეტენტურ ინფორმაციას, როგორი უნდა იყოს კვების რაციონი დღის მანძილზე?

ძალიან ბევრ შეტყობინებას ვიღებთ ჩვენი მკითხველისგან, სადაც გვთხოვენ დეტალურად განვიხილოთ დღის მანძილზე, ჯანსაღი კვების დროს, როგორი უნდა იყოს კვების რაციონი და რომელ საათებშია რეკომენდებული კვება. ამიტომ დღეს თქვენს ყურადღებას ამ საკითხზე შევაჩერებ. დასაწყისშივე კიდევ ერთხელ გავუსვათ ხაზი, რასაც პრაქტიკულად ყოველთვის ვიმეორებთ, რომ რეკომენდაციები ეხება პრაქტიკულად ჯანმრთელ მოსახლეობას, რომელთაც არ აქვთ რაიმე თანმხლები დაავადება და ასევე გავიმეორებ, რომ ყველა რეკომენდაცია ყველა ადამიანს ვერ ერგება, რადგან ყველა ადამიანს გააჩნია ინდივიდუალური მეტაბოლიზმი.

თითოეული ჩვენგანის დილა აუცილებელია, იწყებოდეს საუზმით. დაისახეთ წესად, რომ არცერთი დილა არ დაიწყოთ საუზმის გარეშე. დავიმახსოვროთ, რომ პირველი კვების მირთმევა სასურველია არაუგვიანეს 10:00 საათისა. 

რა შეიძლება მივირთვათ საუზმეზე?

საუზმე შეიძლება შედგებოდეს: წყალზე ან რძეზე დამზადებული შვრიის ფაფა ხილთან ან ყველთან ერთად (გემოვნების მიხედვით) ან ნებისმიერი სხვა ბურღულეული, ან მოხარშული კვერცხი და ყველი, ან ყველასთვის საყვარელი ტოსტები ბოსტნეულებით ან ხილით და სხვა. 

​საუზმიდან დაახლოებით სამ საათში ცალკე კვებად უნდა მივირთვათ სეზონური ხილი 300-400 გრამის ოდენობით (ისევ შეგახსენებთ რომ, აკრძალული ხილია: ბანანი, მსხალი, კარალიოკი, ყურძენი, ლეღვი). სეზონურ ხილს ყოველთვის იმიტომ ენიჭება უპირატესობა, რომ მაქსიმალურად მოხდეს მისგან ესოდენ საჭირო მიკრო, მაკრო ელემენტების და ვიტამინების ათვისება. მიმდინარე სეზონი მდიდარია ციტრუსებით. ვისაც ალერგია არ აქვს ციტრუსებზე, სასურველია მათი ყოველდღიურ რაციონში ჩართვა. 

შემდეგი კვება კი არის დღის ძირითადი კვება - სადილი, რომელიც სასურველია დღის 15:00-16:00 საათებში მივირთვათ. სადილი უნდა იყოს რაც შეიძლება მრავალფეროვანი და მდიდარი ცილებით, ჯანსაღი ცხიმით და ასევე უნდა მივიღოთ ზომიერი ოდენობით ნახშირწყლები. სადილზე ერთი ნაჭერი პური (სასურველია იყოს წინა დღის) თავისუფლად შეგვიძლია მივირთვათ, ასევე ზოგადი რეკომენდაციებიდან სადილზე სასურველია, კარტოფილის ხშირი გამოყენებისგან თავი შევიკავოთ. მივირთვათ მრავალფეროვანი და ჯანსაღი საკვები, როგორებიცაა: 300 მლ. ნებისმიერი სახეობის წვნიანი ან 200 გრ. მოხარშული ხორცი ან თევზი სალათთან ერთად ან 300 გრ. ოდენობის ბოსტნეულებისგან შემდგარი ნებისმიერი სალათი (ვიმახსოვრებთ, რომ სალათების შესაზავებლად ​არ ვიყენებთ მაიონეზს, გამოვიყენოთ გაწურული მაწონი ან ლიმ​ონის წვენი) და სხვა. ვიმახსოვრებთ მთავარ პრინციპს, რომ სადილი დავამზადოთ მხოლოდ მცენარეულ ცხიმზე და მარილი გამოვიყენოთ მხოლოდ სუფრაზე მიტანის წინ, ისიც უმცირესი რაოდენობით.

​დღის ბოლო კვება - ვახშამი სასურველია 19:00-დან 20:00-მდე შუალედში, უნდა იყოს მსუბუქი: მაგალითად, ნებისმიერი ნაკლებცხიმიანი რძის ნაწარმი (ხაჭო, მაწონი, კეფირი, იოგურტი) ან 300 გრ. ოდენობით ბოსტნეულის ან ხილის მსუბუქი სალათები. მიმდინარე სეზონთან მიმართებაში ძალიან სასარგებლო ვახშამია ორთქლზე მოხარშული ან ღუმელში გამომცხვარი გოგრა 200-300 გრ ოდენობით და სხვა.

რაც შეეხება ტკბილეულზე მოთხოვნილებას, დღის მანძილზე შეგვიძლია მივირთვათ 25 გრ. ოდენობით შავი შოკოლადი. კვების რაციონთან ერთად არ უნდა დაგვავიწყდეს ​წყლის ბალანსის შენარჩუნებაც ორგანიზმში! 

გისურვებთ ჯანმრთელობას!

წაიკითხეთ სრულად