Baby Bag

თუ ბავშვს ცხვირით სუნთქვა უჭირს და პირღია სძინავს... - თემაზე ოტორინოლარინგოლოგი შორენა წიკლაური საუბრობს

თუ ბავშვს ცხვირით სუნთქვა უჭირს და პირღია სძინავს... - თემაზე ოტორინოლარინგოლოგი შორენა წიკლაური საუბრობს

ხშირად ბავშვებს ძილის დროს ცხვირით სუნთქვა უჭირთ და პირღია სძინავთ. რა შეიძლება იყოს ამის მიზეზი? - თემაზე ​MomsEdu.ge-ს ოტორინოლარინგოლოგი შორენა წიკლაური ესაუბრა.

- ხშირად ბავშვებს ძილის დროს ცხვირით სუნთქვა უჭირთ და პირღია სძინავთ. რა შეიძლება იყოს ამის მიზეზი?

ცხვირით სუნთქვა არის ძალიან მნიშვნელოვანი, როგორც ბავშვთა ასაკში, ასევე დიდებში. ბავშვთა ასაკში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ მოხდეს სახის სწორად ჩამოყალიბება. თუ ცხვირით სუნთქვა არის გაძნელებული, აუცილებლად უნდა მივაცქიოთ ყურადღება და შესაბამისად პრობლემაც უნდა აღმოვფხვრათ. 

პირღია ძილის ძირითადი მიზეზი მომდინარეობს იქიდან, რომ ბავშვს ცხვირით სუნთქვა უჭირს. რა თქმა უნდა, შესაძლებელია საქმე გვქონდეს საფეთქელ-ქვედა ყბის სახსრის განვითარების თავისებურებასთან ან თანდაყოლილი სახსრის პრობლემასთან, თუმცა უმეტესად ეს მომდინარეობს ცხვირით სუნთქვის გართულებიდან.

რაც შეეხება ცხვირით სუნთქვის გაძნელების შესაძლო მიზეზებს. ყველაზე ხშირად ეს გამომდინარეობის ადენოიდების ჰიპერტროფიიდან. ადენოიდები ეს არის ცხვირ-ხახის ტოლზილა, რომელიც გარკვეული მიზეზების გამო შეიძლება ზომაში გაიზარდოს და მექანიკურად დაახშოს ცხვირ-ხახა, შესაბამისად, ცხვირში გასული ჰაერი არ არის საკმარისი და ბავშვი ახმარს პირს. გარდა ამისა, ბავშვთა ასაკში ცხვირით სუნთქვის გაძნელების ერთ-ერთი მიზეზი ალერგიაც შეიძლება გახდეს, არსებობს გარკვეული შემთხვევები, როდესაც შუპდება ნიჟარები და ავიწროვებს სასუნთქ გზებს.

- როდესაც ბავშვი არ სუნთქვას ცხვირით, ამან რა პრობლემები შეიძლება შეუქმნას ბავშვს?

როდესაც ბავშვი არ სუნთქავს ცხვირით და პირის გავლით ხდება ჟანბადის მიწოდება, უხეშად რომ ვთქვათ, უხარისხო ჟანგბადი მიეწოდება, ანუ ცხვირში გავლილ ჟანგბადს უფრო ადვილად ითვისებს ორგანიზმი. სუნთქვის დროს აუცილებელია, რომ გასული ჰაერი მომზადდეს ფილტვებში ჩასასვლელად, შეიქმნას გარკვეული წნევა ჩასუნთქვის დროს, ჰაერი მაქსიმალურად უნდა გაუთანაბრდეს სხეულის ტემპერატურას და დატენიანდეს. პირით სუნთქვის დროს ეს პირობები დარღვეულია და ჟანგბადის ათვისება დაქვეითებულია, არასწორად ვითარდება სახის ჩონჩხი, უშუალოდ ცხვირი, სასა იღებს მაღალი გუმბათის ფორმას, თანკბილვა ირღვევა, პრობლემები ექმნება სმენასთან დაკავშირებით, ვინაიდან არასრულფასოვნად ხდება შუა ყურის დრენირება. გარდა იმისა, რომ ჟანგბადის მოხმარებაა დარღვეული, ანატომიურად არასწორად ყალიბდება ორგანიზმი.

- მკურნალობის რა მეთოდები არსებობს და როგორ უნდა მოიქცეს მშობელი?

თუ მიზეზი არის ალერგია ან რაიმე ტიპის ანთება (თუნდაც ბაქტერიული), რის გამოც ადენოიდები ზომაში გაზრდილია, საჭიროა სწორად მოხდეს დიაგნოზის დასმა და შეძლებისდაგვარად პრობლემის აღმოფხვრა.

თუ ბაქტერიულია, შესაძლოა ანტიბიოტიკოთერაპია. ალერგიის შემთხვევაში, ანტიალერგიული მკურნალობით მიღწევადია ის, რომ ადენოიდები ზომაში შემცირდეს. მიუხედავად ჩატარებული მკურნალობისა, თუ ვერ ხერხდება სასურველი შედეგის მიღება და ბავშვს მაინც არ ჰყოფნის ცხვირში გასული ჰაერი, იძულებულები ვართ მივმართოთ ქირურგიულ მკურნალობას, რომელიც გულისხმობს ადენოიდური ქსოვილის მექანიკურ მოკვეთას და მის ხარჯზე ცხვირ-ხახის გათავისუფლებას.

- როდის უნდა მივმართოთ სპეციალისტს?

თუ ბავშვი სუნთქავს პირით, სძინავს მოუსვენრად, პირიდან ნერწყვდენა აქვს, კბილებს აკრაჭუნებს და თუ ეს ყველაფერი დიდხანს გრძელდება, აუცილებლად მიმართეთ სპეციალისტს!

ესაუბრა მარიამ ჩოქური 

შეიძლება დაინტერესდეთ

„თუ ფეხშიშველი ისწავლის ბავშვი სიარულს, ეს მისთვის უკეთესია,“ - ბავშვთა ქირურგი ლევან ხარაშვილი

ბავშვთა ქირურგმა ლევან ხარაშვილმა მშობლებს ურჩია, ბავშვებს ფეხშიშველი სიარულის შესაძლებლობა მისცენ:

„თუ ბავშვი სიარულს სწავლობს, ფეხზე დგება, დაყრდნობა იცის და ცდილობს, რომ იაროს, სჯობს, რომ ფეხზე საერთოდ არ ეცვას. ასე ის უკეთესად შეიგრძნობს იმ ზედაპირს, რომელზეც დგას. კონტაქტი მის სხეულსა და ზედაპირს შორის გაცილებით უკეთესად ყალიბდება. ის უკეთესად გრძნობს, რომელი ზედაპირია მყარი, რომელი რბილი, სად შეიძლება ენდოს, სად შეიძლება ფეხი დაუცურდეს. თუ ფეხშიშველი ისწავლის ბავშვი სიარულს, ეს მისთვის უკეთესია. არ არის აუცილებელი ორთოპედიული ფეხსაცმელების და სუპინატორების დამზადება.

ამდენი წელია ბავშვების ექიმი ვარ და ყოველი პაციენტის ჩემს კაბინეტში შემოყვანა იწყება ამაზე საუბრით, რომ გახადეთ ბავშვს, სცხელა. ძალიან დაეჭვებული სახით მიყურებენ ხოლმე, გახდიან, მაგრამ დარწმუნებული ვარ, როგორც კი ჩემი კაბინეტიდან გავლენ, აუცილებლად ჩააცმევენ. რომელიღაც ოჯახის წევრი, ძირითადად ბებიები, ჭკვიან ექიმად არ მომიხსენიებენ ხოლმე, მაგრამ რა ვქნა?! მე უნდა ვიბრძოლო ბავშვებისთვის,“ - მოცემულ საკითხზე ლევან ხარაშვილმა ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემაში „ჯანმრთელობის ფორმულა“ ისაუბრა.

წყარო: ​„ჯანმრთელობის ფორმულა“ 

წაიკითხეთ სრულად