Baby Bag

სახედრის რძე იცავს ბავშვებს და არა მარტო მათ, ვირუსული ინფექციებისა და სასუნთქ გზებთან დაკავშირებული გართულებებისგან!

სახედრის რძე იცავს ბავშვებს და არა მარტო მათ, ვირუსული ინფექციებისა და სასუნთქ გზებთან დაკავშირებული გართულებებისგან!

ცნობილია, რომ სახედრის რძე აძლიერებს იმუნიტეტს, ზრდის მედეგობას სხვადასხვა დაავადების წინააღმდეგ, განსაკუთრებით კი ბავშვებში (ასთმა, ბრონქიტი, სპაზმური ხველა, ყივანახველა, ალერგიული ხველა, ფილტვებთან დაკავშირებული პრობლემები და სხვა.) ეფექტურია ალერგიული გამოვლინებებისა და იმუნიტეტის ასამაღლებლად.

ამ თემაზე უფრო დეტალურად MomsEdu.ge საქართველოში პირველი სახედრების ფერმის, ​„ვირლანდიის“ დირექტორს თორნიკე ტეფნაძეს ესაუბრა.

- რა სასარგებლო თვისებები აქვს სახედრის რძეს?

თორნიკე ტეფნაძე: ჯერ კიდევ ანტიკურ ხანაში, ძველ საბერძნეთში იყენებდნენ სახედრის რძეს და შემდეგ უკვე ევროპის სხვადასხვა ქვეყანაშიც. მაგალითად, საფრანგეთში დედის რძის ჩამნაცვლებლად გამოიყენებოდა. სახედრის რძეს საქართველოშიც მოიხმარდნენ, თუმცა ფართოდ გავრცელებული არ იყო მისი გამოყენება.

პირველ რიგში, კვლევებით დადასტურებულია, რომ სახედრის რძე თავისი შემადგენლობით ყველაზე ახლოს დგას დედის რძესთან. იგი შეიცავს ვიტამინებს, მინერალებს, ანტიალერგიულ და ანტიმიკრობულ ფერმენტს, მდიდარია ომეგა 3-ით, ომეგა 6-ით, მაგნიუმით, თუთიათი და ა.შ.

- ცნობილია, რომ სახედრის რძე აქტიურად გამოიყენება სამკურნალოდ და განსაკუთრებით ბავშვებში. რა დაავადებებთან საბრძოლველად იყენებენ?

თორნიკე ტეფნაძე: ჩვენს პრაქტიკაზე დაყრდნობით, ამ პროდუქტს ყველაზე დიდი სარგებელი მოაქვს ბავშვებისთვის. იგულისხმება სასუნთქი გზების სხვადასხვა გართულება, როგორებიცაა: ასმთმა, ბრონქიტი, ყივანახველა, სპაზმური ხველა. ძალიან კარგია ფილტვებისთვის, ალერგიული გამოვლინებებისა და ასევე, იმუნიტეტის გაძლიერებისთვის. თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ მხოლოდ ბავშვებისთვის გამოიყენება, უფროსებისთვისაც ძალიან ეფექტურია ამავე პრობლემების დროს და დამატებით, გულსისხლძარღვთა დაავადებების, ღვიძლის დეტოქსიკაციის, ქიმიის შემდგომ იმუნოდეფიციტის შესავსებად.

- იმ შემთხვევაში თუ სამკურნალო დანიშნულებით ვიყენებთ, დღის მანძილზე რა რაოდენობის სახედრის რძე უნდა დალიოს ბავშვმა (ასაკის მიხედვით) და დღის რომელ მონაკვეთში?

თორნიკე ტეფნაძე: ლოგიკურია, რომ ამ პროდუქტის მიღება იგივენაირად არ ხდება, როგორც სამედიცინო მედიკამენტების შემთხვევაში (მკაცრი დოზირება). იქიდან გამომდინარე, რომ სახედრის რძე ბუნებრივი პროდუქტია, აქ მკაცრად რეგლამენტირებული მეტ-ნაკლებობით მიღება არ არსებობს, თუმცა პრაქტიკიდან გამომდინარე ჩამოყალიბდა შემდეგი მიღების წესი:

  • 5-6 თვიდან - 2 წლამდე ბავშვებისთვის 10-30 მლ დღეში სამჯერ (დილით - უზმოზე, შუადღით - ჭამამდე, საღამოს - ძილის წინ);
  • 2-3 წლიდან ზევით - 50 მლ დღეში სამჯერ;
  • მოზრდილებში - 50-80 მლ დღეში სამჯერ.

როგორც ასეთი, სიჭარბე და გადამეტება არ არსებობს, თუმცა, გამომდინარე იქიდან, რომ არც ისე ბიუჯეტური პროდუქტია, მცირე რაოდენობით მიღებაც ეფექტურია სამკურნალოდ.

კურსის ხანგრძლივობა დამოკიდებულია დაავადების რაობაზე, სირთულეზე, ინდივიდუალურ მდგომარეობაზე, იმუნურ სისტემაზე. გარკვეული მონახაზისთვის, შემიძლია გითხრათ, რომ მაგალითად, ხველების დროს მისაღებია 1-2-კვირიანი კურსი, პროფილაქტიკისთვის და იმუნიტეტისთვის - 2-4 კვირიანი კურსი.

- უკეთესი შედეგისთვის რძე ადუღებული უნდა მივიღოთ თუ აუდუღარი?

თორნიკე ტეფნაძე: უმჯობესია, მივიღოთ აუდუღარი რძე, ვინაიდან არ დაკარგოს სასარგებლო თვისებების დიდი ნაწილი.

- სახედრის რძეს აქვს თუ არა რაიმე სახის უკუჩვენება?

თორნიკე ტეფნაძე: მრავალწლიან პრაქტიკაზე დაყრდნობით, არანაირი უკუჩვენება არ გამოვლენილა. სახედრის რძეს ბუნებრივად აქვს ანტიოქსიდანტური თვისებები. სახედარს არ ემართება ის დაავადებები, რაც მაგალითად, ძროხას (ბრუცელოზი).

პედიატრების დამოკიდებულება ორად იყოფა. არიან პედიატრები, რომლებსაც არ აქვთ ინფორმაცია ამ პროდუქტზე და არ იციან, რა უპასუხონ მშობლებს. თუმცა, მეორე ნაწილი - იმუნოლოგების, პედიატრებისა და ალერგოლოგებისა იცნობენ პროდუქტს და აქვთ ინფორმაცია მის სარგებლიანობასთან დაკავშირებით. შესაბამისად, მშობლები ხშირად მოდიან ჩვენთან სხვადასხვა ცნობილი პედიატრის რეკომენდაციით, ალერგიის, ხველისა და სხვა პრობლემების სამკურნალოდ.

შესაკვეთად ეწვიეთ ,,ვირლანდიის'' გვერდს - ​https://www.facebook.com/virlandia1​

R.

შეიძლება დაინტერესდეთ

„ხშირად მოავადე ბავშვების მხოლოდ 10 პროცენტს აღენიშნება იმუნოდეფიციტი,“ - პედიატრი ნელი სიმონიშვილი

პედიატრმა ნელი სიმონიშვილმა ხშირად მოავადე ბავშვების შესახებ ისაუბრა და ის მიზეზები დაასახელა, რომელიც ბავშვებში ხშირ ავადობას იწვევს:

„რას ნიშნავს ხშირად მოავადე ბავშვი? ეს ნიშნავს ავადობის სიხშირეს წლის განმავლობაში. სიხშირესთან ერთად გასათვალისწინებელია დაავადების მიმდინარეობა, რამდენად გართულდა ის და საჭირო გახდა ანტიბიოტიკის ჩართვა მკურნალობაში. უხშირესი ასაკი, რომელიც მოგვმართავს ამ ჩივილით არის 5 წლამდე ასაკი, რადგან ამ ასაკში იზრდება უცებ კონტაქტები, ბავშვები მიდიან ბაღში და რესპირატორული ინფექციების სიხშირე მატულობს. სასკოლო ასაკში, განსაკუთრებით 10 წლის შემდეგ ინფექციების სიხშირე იკლებს.

ბავშვი, რომელიც არ დადის ბაღში, შესაძლებელია, წელიწადში მხოლოდ ერთხელ ან ორჯერ ავადობდეს. ბაღში ან ადრეულ სასკოლო პერიოდში ბავშვი შეიძლება 10-12-ჯერაც გახდეს ინფექციით ავად და ეს შეიძლება იყოს ნორმა. ამ ინფექციების უმრავლესობა ვირუსულია. გამოჯანმრთელებას საშუალოდ 8 დღე სჭირდება, სრულფასოვან გამოჯანმრთელებას კი 2 კვირაც შეიძლება დასჭირდეს. თუ ამას წელიწადზე გადავთვლით, წელიწადში 4-5-6 თვეც კი შეიძლება გამოგვივიდეს, რომ ბავშვი იყოს ავად. თუ ეს არის მსუბუქი მიმდინარეობა, არის ვირუსული ინფექციები, ბავშვს აღენიშნება ნორმალური ზრდა-განვითარება, მისი ლაბორატორიული მონაცემები არის ნორმაში, ამ ეპიზოდებს შორის ბავშვი არის სრულიად ჯანმრთელი, მაშინ აქ საგანგაშო არაფერი არ არის.

თუ პირიქით ხდება და ბავშვი ავად გამოიყურება, მისი ინფექციები რთულდება, ხშირად არის ანტიბიოტიკების ჩართვის საჭიროება, შესაძლებელია ბავშვი ქრონიკული დაავადებით იყოს ავად და მას მეტი ყურადღება და გამოკვლევა სჭირდება. შესაძლებელია, რომ იყოს იმუნოდეფიციტიც. ეს საკმაოდ მცირე პროცენტში გვხვდება. ხშირად მოავადე ბავშვების მხოლოდ 10 პროცენტს აღენიშნება იმუნოდეფიციტი, თუმცა მშობლებისგან ძალიან ხშირად ისმის კითხვა: ხომ არ აქვს ჩემს შვილს იმუნიტეტი დაქვეითებული? იმ 10 პროცენტთან, რომელშიც არის იმუნოდეფიციტი,  უფრო ღრმა კვლევები და სულ სხვა ტიპის მკურნალობაა საჭირო. იმუნოდეფიციტური მდგომარეობები შეიძლება იყოს პირველადი და მეორადი. მეორადი იმუნოდეფიციტური მდგომარეობები სხვადასხვა გარემო ფაქტორებით, მედიკამენტებით, დღენაკლულობით არის გამოწვეული. ხშირად მოავადე ბავშვების 30% არის ავად ალერგიული დაავადებებით. ძალიან ხშირად ბავშვებს აქვთ ალერგიული რინიტი და ხველა და ეს აღიქმება როგორც რესპირატორული ინფექცია. ალერგიული ბავშვების სასუნთქ გზებში ვირუსი და ბაქტერია ადვილად აღწევს. მწეველების ოჯახში გაზრდილი ბავშვებიც დიდი რისკის ჯგუფია,“- მოცემულ საკითხზე ნელი სიმონიშვილმა რადიო „იმედის“ ეთერში ისაუბრა.

წყარო:​ რადიო „იმედი“ 

წაიკითხეთ სრულად