Baby Bag

​„ნიუ ჰოსპიტალსში“ 7 წლის ბიჭს წინაგულთაშუა ძგიდის დეფექტის მკურნალობა არაქირურგიული მეთოდით ჩაუტარდა - ინტერვიუ მკურნალ ექიმებთან

​„ნიუ ჰოსპიტალსში“ 7 წლის ბიჭს წინაგულთაშუა ძგიდის დეფექტის მკურნალობა არაქირურგიული მეთოდით ჩაუტარდა - ინტერვიუ მკურნალ ექიმებთან

7 წლის ანდრიას „ნიუ ჰოსპიტალსში“ ჩაუტარდა წინაგულთაშუა ძგიდის დეფექტის არაქირურგიული (ენდოვასკულური) მეთოდით მკურნალობა, რომელიც წარმატებით დასრულდა. ბიჭი მეორე დღესვე გაეწერა კლინიკიდან. მკურნალობის ეს მეთოდი გამოირჩევა სწრაფი რეაბილიტაციით და გამოცდილ მედპერსონალთან ერთად საჭიროებს უახლეს აპარატურას.

ამ თემაზე ​MomsEdu.ge-სთან პაციენტის მკურნალმა ექიმებმა „ნიუ ჰოსპიტალსის“ ბავშვთა კარდიოლოგიის სამსახურის ხელმძღვანელმა ლიკა კაპანაძემ და ბავშვთა კარდიოლოგიის სამსახურის უფროსმა კარდიოლოგმა ეკატერინე კაპანაძემ ისაუბრეს.

ლიკა კაპანაძე: „ანდრია 7 წლის ბიჭია, რომელმაც მოგვმართა პედიატრის რეკომენდაციით. პედიატრის მიერ გულის არეში მოსმენილ იქნა შუილი. პაციენტს ჩაუტარდა ექოკარდიოგრაფია დადიაგნოსტირდა თანდაყოლილი მანკის ერთ-ერთი ნაირსახეობა ე.წ. წინაგულთაშუა ძგიდის დეფექტი. ეს დეფექტი თანდაყოლილი მანკების 10-15%-ში გვხვდება.

ანდრიას შემთხვევაში იმისათვის, რომ განგვესაზღვრა, რამდენად გამოვიდოდა წინაგულთაშუა ძგიდის დეფექტის არაქირურგიული მეთოდით დახურვა, დაგვჭირდა დამატებითი კვლევა - ტრანსეზოფაგური ექოკარდიოსკოპია, ეს არის გულის ექოსკოპიური კვლევა, რომელიც ტარდება საყლაპავიდან. ამ კვლევით ფასდება ის სტრუქტურები, რაც არის დეფექტის გარშემო, დეფექტის მდებარეობა და კიდეები. უნდა განისაზღვროს, თუ რამდენად მყარი და გამოხატულია ყველა კიდე, რათა ის ოკლუდერი, რასაც ჩვენ ჩავდგამთ, კარგად მოეჭიდოს. ოკლუდერის ზომის შერჩევისას დიდი მნიშვნელობა აქვს ბავშვის წონას, ზომას, ასაკს, ასევე დეფექტის ზომას. შესაბამისად, ხდება იმპლანტის ზომის შერჩევა, რის მიხედვითაც წყდება, რამდენად წარმატებული იქნება შემთხვევა. კონკრეტულ შემთხვევაში გადაწყდა, რომ დეფექტის დახურვა შესაძლებელი იყო არაქირურგიული გზით.

არაქირურგიული მეთოდით მკურნალობის დროს არ იხსნება გულ-მკერდის ღრუ. ეს ხდება ბარძაყის ვენიდან, საზარდულის მიდამოში, ერთი ნაჩხვლეტით შეგვყავს ოკლუდერი გულამდე და ვხურავთ დეფექტს. პაციენტი არ გადის რეაბილიტაციის პერიოდს, მეორე დღეს მიდის სახლში და ჩვეულებრივ აგრძელებს ცხოვრებას. ბავშვებში პროცედურა ტარდება ზოგადი ანესთეზიით და გრძელდება 1 საათის მანძილზე. ანდრია გამოღვიძებისთანავე დედასთან ჩავიდა პალატაში, კლინიკაში მხოლოდ ერთი ღამე გაატარა.

არის შემთხვევები, როდესაც წინაგულთაშუა ძგიდის დეფექტის მკურნალობა არ ექვემდებარება არაქირურგიულ ჩარევას:

  • დეფექტი არის დიდი ზომის (ბავშვის ზომა-წონასთან მიმართებით);
  • დეფექტის კიდეები თხელია და არ არის საკმარისად გამოხატული;
  • პაციენტს აქვს მრავლობითი დეფექტი“.

- რა არის და რამდენად ხშირია გულის თანდაყოლილი და შეძენილი პათოლოგია?

ეკატერინე კაპანაძე: „გულის თანდაყოლილი პათოლოგია გახლავთ გულის სტრუქტურული პათოლოგია, რომლითაც ბავშვი იბადება. ანუ, თანდაყოლილი პათოლოგიის ჩამოყალიბება ხდება მუცლადყოფნის დროს, ძირითადად, ორსულობის პირველი 8 კვირის განმავლობაში. გულის შეძენილი პათოლოგია ყალიბდება სხვადასხვა დაავადების ფონზე, მაგალითად, ვირუსული ან ბაქტერიული ინფექცია (ინფექციური დაავადებების ფონზე დაზიანდეს გულის სარქველები, განვითარდეს გულის მკვებავი სისხლძარღვების კედლების ანთება, მოხდეს ანევრიზმის ჩამოყალიბება), ზოგიერთი მედიკამენტის ფონზე, ასევე შესალებელია სხვა ორგანოთა დაავადების შედეგად (მაგ. ფილტვის, თირკმლის, ფარისებრი ჯირკვლის). ყველაზე ხშირი შეძენილი პათოლოგია გახლავთ გულის რევმატიული დაზიანება, ანუ რევმატიული ცხელების ფონზე შეიძლება მოხდეს გულის სარქველების მნიშვნელოვანი დაზიანება და მივიღოთ გულის რევმატიული პათოლოგიები.ბავშვთა ასაკში შეძენილთან შედარებით, უფრო ხშირად გვხვდება გულის თანდაყოლილი პათოლოგია. გულის თანდაყოლილი მანკის სტატისტიკა კი ასეთია: ახალშობილების 1%-ს აქვს გულის თანდაყოლილი პათოლოგია.

გულის თანდაყოლილი პათოლოგიის მრავალი სახეობა არსებობს. ზოგიერთი პათოლოგია შედარებით მარტივია, ასეთი პათოლოგიების დროს ბავშვს შეიძლება არანაირი ჩარევა არ სჭირდებოდეს, ზოგიერთი კი რთული - კომბინირებული მანკია, რომლის შემთხვევაში საჭიროა რამდენიმე ქირურგიული ჩარევა. ზოგიერთი თანდაყოლილი მანკის მკურნალობა კი ქირურგიული ჩარევის გარეშე არის შესაძლებელი (ე.წ. ენდოვასკულური მანიპულაცია), რაც ჩვენი ანდრიას შემთხვევაში ჩატარდა.

- ზოგადად, რა მეთოდებით ხდება ნიუ-ჰოსპიტალსში გულის პათოლოგიების დიაგნოსტირება და მკურნალობა?

ეკატერინე კაპანაძე: „ნიუ ჰოსპიტალსი“ აღჭურვილია მაღალტექნოლოგიური ინსტრუმენტული აპარატებით, შესაბამისად, ჩვენ გვაქვს მთელი სპექტრი სადიაგნოსტიკო საშუალებების, რაც საჭიროა ბავშვთა ასაკში გულის თანდაყოლილი და შეძენილი დაავადებების დიაგნოსტირებისას.გვაქვს უახლესი ექოკარდიოსკოპიის აპარატები, აღჭურვილი კათეტერიზაციის ლაბორატორია და ქირურგიული ბლოკი.

ლიკა კაპანაძე: „ნიუ ჰოსპიტალსში“ დანერგილია გულის მაგნიტურ-რეზონანსული კვლევა, რომელიც გულის კვლებს შორის ერთ-ერთი მოწინავეა. მრტ კვლევის აპარატი აღჭურვილია სპეციალური პროგრამებით, რომელიც გულის მონაცემების სათანადოდ დამუშავების საშუალებას იძლევა.

როდესაც ხდება სხვადასხვა მანკის დიაგნოსტირება, რიგ შემთხევაში საჭიროა რამდენიმე დიაგნოსტიკური მეთოდის კომბინაცია. ექოკარდიოგრაფია არის საწყისი მეთოდი, შემდეგ შეიძლება აუცილებელი გახდეს დიაგნოსტიკური კათეტერიზაციის, კომპიუტერულ ტომოგრაფიის ანმაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიის ჩატარება. ეს ყველაფერი კეთდება იმისათვის, რომ მივიღოთ სრულყოფილი ინფორმაცია, სანამ დაიგეგმება ქირურგიული ან არაქირურგიული ჩარევა.

თანდაყოლილი მანკის დროს ძირითადად ორი მკურნალობის მეთოდი გამოიყენება, ქირურგიული ან არაქირურგიული. ქირურგიულია, როდესაც გულ-მკერდის ღრუ იხსნება, ზოგ შემთხვევაში პაციენტს სჭირდება სისხლის ხელოვნურ მიმოქცევაზე გადაყვანა. ხოლო არაქირურგიული მეთოდის შემთხვევაში, მცირე ნაჩხვლეტით სხვადასხვა ვენიდან ან არტერიიდან გულამდე შეგვყავს ოკლუდერი. არსებობს ისეთი პათოლოგიებიც, რომლებიც საჭიროებს ამ ორი მეთოდის შერწყმას. ამისთვის კლინიკაში გვაქვს ჰიბრიდული საოპერაციო, სადაც კათეტერიზაციითაც შეგვიძლია მივიტანოთ გარკვეული მასალა გულამდე და ამის პარალელურად, ქირურგიც მუშაობდეს“.

ეკატერინე კაპანაძე: „აღსანიშნავია, რომ გულის შეძენილი დაავადებების დროს, გარდა უმაღლესი დონის დიაგნოსტიკური მეთოდებისა, ძალიან მნიშვნელოვანია გუნდური მიდგომა. კლინიკა „ნიუ ჰოსპიტალსი“ დაკომპლექტებულია კვალიფიციური მედპერსონალით, რომლებიც ერთობლივად არიან ჩართულები დიაგნოსტიკისა დამკურნალობის პროცესში.'' 

R. 

შეიძლება დაინტერესდეთ

„მე რომ მკითხოთ, საერთოდ 7 წლის უნდა შედიოდეს ბავშვი სკოლაში,“- ნეიროფსიქოლოგი თამარ გაგოშიძე ბავშვის სასკოლო მზაობაზე

ნეიროფსიქოლოგმა თამარ გაგოშიძემ ბავშვის სასკოლო მზაობის შესახებ ისაუბრა და მშობლებს საინტერესო რეკომენდაციები მისცა:

„სკოლამდე ხდება ბავშვის ჩამოყალიბება ემოციურად, კოგნიტურად. მშობლების და მასწავლებლების ძირითადი მოთხოვნა არის შემეცნებაზე: ბავშვმა უნდა იცოდეს ბევრი რამ, სკოლაში რომ შევა, იყოს პროფესორი. რეალურად სკოლისთვის მზაობა არ არის მხოლოდ ცოდნა. არის რაღაც შემეცნებითი უნარები, მაგრამ არა გამზადებული ცოდნა. ბავშვი სკოლაში გამზადებული ცოდნით არ უნდა მიდიოდეს. რაღაცები უნდა იცოდეს, ცხადია, რაც მის ასაკს შეეფერება, ფერები, ფორმები, შეიძლება ცნობდეს ასოებს ან ციფრებს, შეიძლება არ ცნობდეს. ბავშვი სამ ენაზე არ უნდა ლაპარაკობდეს. ენის სწავლა ყოველთვის შეიძლება და მითია, რომ რაც ადრე ისწავლის, მით უკეთესი.

ყველაზე მთავარი მაინც არის ის, რომ ბავშვის ემოციური განვითარება არის უგულებელყოფილი. ბავშვს რამდენად შეუძლია დაბრკოლების გადალახვა, მითითების შესრულება, სიბრაზის მართვა, ეს ყველაფერი არის სასკოლო მზაობა. მე რომ მკითხოთ, საერთოდ 7 წლის უნდა შედიოდეს ბავშვი სკოლაში. ფინეთი ძალიან რომ მოსწონთ, იქ 7 წლის ასაკში შეჰყავთ ბავშვი სკოლაში. ჩვენთან დასწიეს კიდევ ასაკი და დეკემბრამდე დაბადებულ ბავშვებსაც იღებენ. 3 თვე თითქოს არაფერს არ ნიშნავს, ეს თქვენთვის არ ნიშნავს უფროსებისთვის. პატარა ბავშვებისთვის 3 თვე ძალიანაც ნიშნავს.

სკოლას, ცხადია, ძალიან დიდი როლი აქვს პირველ კლასში შესული ბავშვების ადაპტაციაში, შეგუებაში. ბავშვის კეთილდღეობა იზომება. ჩვენ ამას ვზომავთ. ჩვენ ზუსტად ვიცით, ბავშვი ამ ჯგუფში ბედნიერია თუ არა. უფროსებს ეს არ გვაინტერესებს. ჩვენ გვაინტერესებს შედეგები, წლის ბოლოს ბავშვმა რა იცის. ჩვენ ვერ წარმოგვიდგენია, ელემენტარული მატრავმირებელი სიტუაცია როგორ უკლავს ბავშვს ნეირონალურ სისტემებს, რომლებიც აღარ მუშაობს მერე. კარგ აღმზრდელთან თანამშრომლობით მშობელი სწავლოს, რას მიაქციოს ყურადღება. ბავშვის ტვინი ისეა მოწყობილი, რომ თუ სასიამოვნო გარემო არ აქვს, არ სწავლობს. ბავშვი სწავლობს მნიშვნელოვანი უფროსისგან, რომლისგანაც გრძნობს პატივისცემას და მისთვის ეს უფროსი მნიშვნელოვანია. პატივისცემა ნიშნავს იმას, რომ შენ იგებ ბავშვის ემოციებს, ფიქრებს, აძლევ მას არჩევანის თავისუფლებას. ბავშვს უნდა შეუქმნა მასტმულირებელი გარემო განვითარებისა და შემეცნებისთვის,“ - მოცემულ საკითხზე თამარ გაგოშიძემ აჭარის ტელევიზიის გადაცემაში „Zoom განათლებაზე“ ისაუბრა.

წყარო:​ „Zoom განათლებაზე“ 

წაიკითხეთ სრულად