Baby Bag

​„ნიუ ჰოსპიტალსში“ 7 წლის ბიჭს წინაგულთაშუა ძგიდის დეფექტის მკურნალობა არაქირურგიული მეთოდით ჩაუტარდა - ინტერვიუ მკურნალ ექიმებთან

​„ნიუ ჰოსპიტალსში“ 7 წლის ბიჭს წინაგულთაშუა ძგიდის დეფექტის მკურნალობა არაქირურგიული მეთოდით ჩაუტარდა - ინტერვიუ მკურნალ ექიმებთან

7 წლის ანდრიას „ნიუ ჰოსპიტალსში“ ჩაუტარდა წინაგულთაშუა ძგიდის დეფექტის არაქირურგიული (ენდოვასკულური) მეთოდით მკურნალობა, რომელიც წარმატებით დასრულდა. ბიჭი მეორე დღესვე გაეწერა კლინიკიდან. მკურნალობის ეს მეთოდი გამოირჩევა სწრაფი რეაბილიტაციით და გამოცდილ მედპერსონალთან ერთად საჭიროებს უახლეს აპარატურას.

ამ თემაზე ​MomsEdu.ge-სთან პაციენტის მკურნალმა ექიმებმა „ნიუ ჰოსპიტალსის“ ბავშვთა კარდიოლოგიის სამსახურის ხელმძღვანელმა ლიკა კაპანაძემ და ბავშვთა კარდიოლოგიის სამსახურის უფროსმა კარდიოლოგმა ეკატერინე კაპანაძემ ისაუბრეს.

ლიკა კაპანაძე: „ანდრია 7 წლის ბიჭია, რომელმაც მოგვმართა პედიატრის რეკომენდაციით. პედიატრის მიერ გულის არეში მოსმენილ იქნა შუილი. პაციენტს ჩაუტარდა ექოკარდიოგრაფია დადიაგნოსტირდა თანდაყოლილი მანკის ერთ-ერთი ნაირსახეობა ე.წ. წინაგულთაშუა ძგიდის დეფექტი. ეს დეფექტი თანდაყოლილი მანკების 10-15%-ში გვხვდება.

ანდრიას შემთხვევაში იმისათვის, რომ განგვესაზღვრა, რამდენად გამოვიდოდა წინაგულთაშუა ძგიდის დეფექტის არაქირურგიული მეთოდით დახურვა, დაგვჭირდა დამატებითი კვლევა - ტრანსეზოფაგური ექოკარდიოსკოპია, ეს არის გულის ექოსკოპიური კვლევა, რომელიც ტარდება საყლაპავიდან. ამ კვლევით ფასდება ის სტრუქტურები, რაც არის დეფექტის გარშემო, დეფექტის მდებარეობა და კიდეები. უნდა განისაზღვროს, თუ რამდენად მყარი და გამოხატულია ყველა კიდე, რათა ის ოკლუდერი, რასაც ჩვენ ჩავდგამთ, კარგად მოეჭიდოს. ოკლუდერის ზომის შერჩევისას დიდი მნიშვნელობა აქვს ბავშვის წონას, ზომას, ასაკს, ასევე დეფექტის ზომას. შესაბამისად, ხდება იმპლანტის ზომის შერჩევა, რის მიხედვითაც წყდება, რამდენად წარმატებული იქნება შემთხვევა. კონკრეტულ შემთხვევაში გადაწყდა, რომ დეფექტის დახურვა შესაძლებელი იყო არაქირურგიული გზით.

არაქირურგიული მეთოდით მკურნალობის დროს არ იხსნება გულ-მკერდის ღრუ. ეს ხდება ბარძაყის ვენიდან, საზარდულის მიდამოში, ერთი ნაჩხვლეტით შეგვყავს ოკლუდერი გულამდე და ვხურავთ დეფექტს. პაციენტი არ გადის რეაბილიტაციის პერიოდს, მეორე დღეს მიდის სახლში და ჩვეულებრივ აგრძელებს ცხოვრებას. ბავშვებში პროცედურა ტარდება ზოგადი ანესთეზიით და გრძელდება 1 საათის მანძილზე. ანდრია გამოღვიძებისთანავე დედასთან ჩავიდა პალატაში, კლინიკაში მხოლოდ ერთი ღამე გაატარა.

არის შემთხვევები, როდესაც წინაგულთაშუა ძგიდის დეფექტის მკურნალობა არ ექვემდებარება არაქირურგიულ ჩარევას:

  • დეფექტი არის დიდი ზომის (ბავშვის ზომა-წონასთან მიმართებით);
  • დეფექტის კიდეები თხელია და არ არის საკმარისად გამოხატული;
  • პაციენტს აქვს მრავლობითი დეფექტი“.

- რა არის და რამდენად ხშირია გულის თანდაყოლილი და შეძენილი პათოლოგია?

ეკატერინე კაპანაძე: „გულის თანდაყოლილი პათოლოგია გახლავთ გულის სტრუქტურული პათოლოგია, რომლითაც ბავშვი იბადება. ანუ, თანდაყოლილი პათოლოგიის ჩამოყალიბება ხდება მუცლადყოფნის დროს, ძირითადად, ორსულობის პირველი 8 კვირის განმავლობაში. გულის შეძენილი პათოლოგია ყალიბდება სხვადასხვა დაავადების ფონზე, მაგალითად, ვირუსული ან ბაქტერიული ინფექცია (ინფექციური დაავადებების ფონზე დაზიანდეს გულის სარქველები, განვითარდეს გულის მკვებავი სისხლძარღვების კედლების ანთება, მოხდეს ანევრიზმის ჩამოყალიბება), ზოგიერთი მედიკამენტის ფონზე, ასევე შესალებელია სხვა ორგანოთა დაავადების შედეგად (მაგ. ფილტვის, თირკმლის, ფარისებრი ჯირკვლის). ყველაზე ხშირი შეძენილი პათოლოგია გახლავთ გულის რევმატიული დაზიანება, ანუ რევმატიული ცხელების ფონზე შეიძლება მოხდეს გულის სარქველების მნიშვნელოვანი დაზიანება და მივიღოთ გულის რევმატიული პათოლოგიები.ბავშვთა ასაკში შეძენილთან შედარებით, უფრო ხშირად გვხვდება გულის თანდაყოლილი პათოლოგია. გულის თანდაყოლილი მანკის სტატისტიკა კი ასეთია: ახალშობილების 1%-ს აქვს გულის თანდაყოლილი პათოლოგია.

გულის თანდაყოლილი პათოლოგიის მრავალი სახეობა არსებობს. ზოგიერთი პათოლოგია შედარებით მარტივია, ასეთი პათოლოგიების დროს ბავშვს შეიძლება არანაირი ჩარევა არ სჭირდებოდეს, ზოგიერთი კი რთული - კომბინირებული მანკია, რომლის შემთხვევაში საჭიროა რამდენიმე ქირურგიული ჩარევა. ზოგიერთი თანდაყოლილი მანკის მკურნალობა კი ქირურგიული ჩარევის გარეშე არის შესაძლებელი (ე.წ. ენდოვასკულური მანიპულაცია), რაც ჩვენი ანდრიას შემთხვევაში ჩატარდა.

- ზოგადად, რა მეთოდებით ხდება ნიუ-ჰოსპიტალსში გულის პათოლოგიების დიაგნოსტირება და მკურნალობა?

ეკატერინე კაპანაძე: „ნიუ ჰოსპიტალსი“ აღჭურვილია მაღალტექნოლოგიური ინსტრუმენტული აპარატებით, შესაბამისად, ჩვენ გვაქვს მთელი სპექტრი სადიაგნოსტიკო საშუალებების, რაც საჭიროა ბავშვთა ასაკში გულის თანდაყოლილი და შეძენილი დაავადებების დიაგნოსტირებისას.გვაქვს უახლესი ექოკარდიოსკოპიის აპარატები, აღჭურვილი კათეტერიზაციის ლაბორატორია და ქირურგიული ბლოკი.

ლიკა კაპანაძე: „ნიუ ჰოსპიტალსში“ დანერგილია გულის მაგნიტურ-რეზონანსული კვლევა, რომელიც გულის კვლებს შორის ერთ-ერთი მოწინავეა. მრტ კვლევის აპარატი აღჭურვილია სპეციალური პროგრამებით, რომელიც გულის მონაცემების სათანადოდ დამუშავების საშუალებას იძლევა.

როდესაც ხდება სხვადასხვა მანკის დიაგნოსტირება, რიგ შემთხევაში საჭიროა რამდენიმე დიაგნოსტიკური მეთოდის კომბინაცია. ექოკარდიოგრაფია არის საწყისი მეთოდი, შემდეგ შეიძლება აუცილებელი გახდეს დიაგნოსტიკური კათეტერიზაციის, კომპიუტერულ ტომოგრაფიის ანმაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიის ჩატარება. ეს ყველაფერი კეთდება იმისათვის, რომ მივიღოთ სრულყოფილი ინფორმაცია, სანამ დაიგეგმება ქირურგიული ან არაქირურგიული ჩარევა.

თანდაყოლილი მანკის დროს ძირითადად ორი მკურნალობის მეთოდი გამოიყენება, ქირურგიული ან არაქირურგიული. ქირურგიულია, როდესაც გულ-მკერდის ღრუ იხსნება, ზოგ შემთხვევაში პაციენტს სჭირდება სისხლის ხელოვნურ მიმოქცევაზე გადაყვანა. ხოლო არაქირურგიული მეთოდის შემთხვევაში, მცირე ნაჩხვლეტით სხვადასხვა ვენიდან ან არტერიიდან გულამდე შეგვყავს ოკლუდერი. არსებობს ისეთი პათოლოგიებიც, რომლებიც საჭიროებს ამ ორი მეთოდის შერწყმას. ამისთვის კლინიკაში გვაქვს ჰიბრიდული საოპერაციო, სადაც კათეტერიზაციითაც შეგვიძლია მივიტანოთ გარკვეული მასალა გულამდე და ამის პარალელურად, ქირურგიც მუშაობდეს“.

ეკატერინე კაპანაძე: „აღსანიშნავია, რომ გულის შეძენილი დაავადებების დროს, გარდა უმაღლესი დონის დიაგნოსტიკური მეთოდებისა, ძალიან მნიშვნელოვანია გუნდური მიდგომა. კლინიკა „ნიუ ჰოსპიტალსი“ დაკომპლექტებულია კვალიფიციური მედპერსონალით, რომლებიც ერთობლივად არიან ჩართულები დიაგნოსტიკისა დამკურნალობის პროცესში.'' 

R. 

შეიძლება დაინტერესდეთ

​რჩევები მეძუძური დედებისთვის - ძუძუთი კვების სწორი ტექნიკა

​რჩევები მეძუძური დედებისთვის - ძუძუთი კვების სწორი ტექნიკა

მსოფლიოს პედიატრები დედებს შვილების ბუნებრივი კვებისკენ მოუწოდებენ, რადგან დედის რძე შეიცავს ბავშვის განვითარებისთვის აუცილებელ და შეუცვლელ კომპონენტებს, რომელთა სრულყოფილად ჩანაცვლებაც ჯერჯერობით ვერცერთი საშუალებით ვერ ხდება. ექიმები ხშირად ამახვილებენ ყურადღებას ძუძუთი კვების სწორ ტექნიკაზე, რომ ლაქტაციის პერიოდი გაგრძელდეს საჭირო დროით და პატარა ნაკლებად შეაწუხოს მუცელმა. დიახ! ექიმები თვლიან, რომ ძალიან ხშირად დედების არასწორი ქცევა არის მიზეზი იმისა, რომ დედებს ლაქტაცია უწყდებათ ნაადრევად და/ან პატარებს „მუცელი გამუდმებით აწუხებთ“. ყოველწლიურად სულ უფრო მეტ ქალს უჩნდება ლაქტაციის პრობლემა და ზოგჯერ ბავშვის ძუძუთი კვების პერიოდი 6 თვეზე ნაკლებ ხანს გრძელდება.

რატომ ხდება ასე? ექიმები ამბობენ, რომ ყველაზე ხშირად ამისი მიზეზი მეძუძურის არასწორი ქცევაა. თანამედროვე სამშობიარო სახლების უმეტესობა ამ საკითხთან დაკავშირებით სწორ რჩევებს აძლევს ახალბედა დედებს, მაგრამ, სამწუხაროდ, საწინააღმდეგო შემთხვევებიც არსებობს. ამიტომ მნიშვნელოვანია, ყველა ქალმა იცოდეს ახალდაბადებული ბავშვის კვების სწორი ტექნიკის ძირითადი პრინციპები.
ძუძუთი კვების სწორი ტექნიკის ოქროს წესი არის ბავშვის სწორ პოზიციაში დაჭერა:
• აირჩიეთ მოხერხებული პოზა, გაითვალისწინეთ, რომ კვება შეიძლება საკმაოდ დიდხანს გაგრძელდეს და თქვენ არ უნდა დაიღალოთ;
• ბავშვის კვება სხვადასხვა მდგომარეობაში შეიძლება, მთავარია, ამ პროცესის განმავლობაში ახალშობილი აუცილებლად იყოს მუცლით დედისკენ, ხოლო მისი სახე - ძუძუს თავისკენ;
• ბავშვის თავი არ უნდა იყოს მყარად დაფიქსირებული, რომ პატარას შეეძლოს ძუძუს თავის მდგომარეობის რეგულირება და დედისთვის შეტყობინება კვების დამთავრების შესახებ;
• ახალშობილის ცხვირი საკმაოდ ახლოს უნდა იყოს ძუძუსთან, მაგრამ არ უნდა ეფლობოდეს მასში, რადგან თუ ბავშვი ძუძუს თავისკენ გაიწევა, დიდია მისი ზედაპირული დაუფლების შესაძლებლობა. განსაკუთრებით ფრთხილად უნდა იყვნენ დიდი მკერდის მქონე ქალები;
• დაიმახსოვრეთ, ძუძუს თავი ბავშვმა დამოუკიდებლად უნდა აიღოს. არ არის საჭირო მისი პირში ხელით ჩადება. სხვაგვარად იგი მიეჩვევა ამას, რაც შემდგომში პრობლემებს წარმოქმნის;
• თუ ბავშვმა ძუძუს თავის მხოლოდ ბოლო ჩაიდო პირში, დედას ყოველთვის შეუძლია განთავისუფლდეს ნიკაპზე ოდნავი ხელის დაჭერით. მაგრამ როგორ მივხვდეთ, რომ ბავშვმა სწორად აიღო ძუძუ? ამისათვის საკმარისია კვების პროცესისათვის ყურადღების მიქცევა;
• ის ასე უნდა გამოიყურებოდეს: ბავშვი იღებს ძუძუს თავს, პატარას ტუჩები გადმობრუნებულია; ბავშვის ცხვირი მჭიდროდ არის მიკრული დედის ძუძუსთან, მაგრამ არ იფლობა მასში; წოვის დროს მხოლოდ ყლაპვის ხმები ისმის; დედა არანაირ უსიამოვნო შეგრძნებებს არ უნდა განიცდიდეს ამ პროცესის დროს;
• ბევრ დედას ეშინია ბავშვის ზედმეტად გაძღომის - მთავარია, პანიკაში არ ჩავარდეთ. ბავშვის ზედმეტად გაძღომა იოლია. დაიმახსოვრეთ, ყველაფერ ზედმეტს ის აუცილებლად ამოიღებს. ამიტომ მისი ჯანმრთელობა არ დაზარალდება;
• მოასწრებს თუ არა საკვების გადამუშავებას ბავშვი, რომელიც ძალიან ხშირად ჭამს? - შეშფოთების საფუძველი არც ამ შემთხვევაში გვაქვს - დედის რძე იმდენად იდეალურად არის ბალანსირებული ბავშვისათვის, რომ მისი გადამუშავებისათვის პატარას განსაკუთრებული ძალისხმევა არ სჭირდება. რძე პრაქტიკულად მაშინვე ხვდება ნაწლავებში, სადაც ძალიან სწრაფად გადამუშავდება;
• როგორ მოვაცილოთ ძუძუ სწორად? იმისათვის, რომ ამ პროცესმა არ გამოიწვიოს უსიამოვნო შეგრძნებები და არ წარმოშვას შემდგომი პრობლემები (ნახეთქი ძუძუს თავზე და სხვა), ძუძუ მხოლოდ მას შემდეგ უნდა მოვაცილოთ, რაც ბავშვმა ის გაუშვა. ამისათვის შეიძლება ნაზად მივაჭიროთ ნიკაპს (როგორც ზემოთ იყო ნახსენები), შეიძლება ნეკა თითის ჩადება პირის კუთხეში და მისი ნახევრად მობრუნება. ეს მანიპულაცია აიძულებს ბავშვს გააღოს პირი და ძუძუს მოცილება მარტივად შეიძლება.
როგორ უნდა მოიქცეს მეძუძური დედა, თუ კვების ტექნიკას ზედმიწევნით იცავს, დიატასაც არ არღვევს, მაგრამ პატარას მაინც სტკივა მუცელი და ღამითაც ხშირად იღვიძებს ტირილით?

ასეთი რამ ხშირად ხდება, რადგან 4-5 თვემდე ახალშობილთა კუჭ-ნაწლავი ჯერ კიდევ ჩამოყალიბების და გარემოსთან შეგუების პროცესშია.
საგანგაშო არაფერია, რადგან ეს მდგომარეობა არ ითვლება პათოლოგიად - ეს ბავშვის ორგანიზმის განვითარების ბუნებრივი პროცესია, ჩვენ მას ვერ „ვუმკურნალებთ“, მაგრამ შეგვიძლია შევამსუბუქოთ სიმპტომები და გარემოსთან შეგუების ეს პროცესი უფრო ასატანი გავხადოთ ბავშვისთვისაც და დედისთვისაც.
ამისთვის არსებობს ბუნებრივი, ნატურალური საშუალებები, რომლებსაც გააჩნიათ უსაფრთხოების უმაღლესი პროფილი, არ იწვევენ გვერდით მოვლენებს და თითქმის 100% შემთხვევებში (მართალია დროებით, მაგრამ მაინც) ეფექტურად აქრობენ სიმპტომებს.
ასეთი საშუალებაა „ბეიბიქალმის“ მცენარეული წვეთები, რომელიც ერთ-ერთ ყველაზე ეფექტურ საშუალებად არის მიჩნეული ახალშობილთა მუცლის ტკივილის სამკურნალოდ მთელი მსოფლიოს მასშტაბით.

რატომ „ბეიბიქალმი“?
„ბეიბიქალმი“ არის მცენარეული ეთერზეთების შემცველი საკვები დანამატი, რომელიც შექმნილია სპეციალურად ახალშობილებისთვის - აირების დაგროვებით გამოწვეული მუცლის ტკივილის სამკურნალოდ.
• შეიცავს 100%-ით ნატურალურ ინგრედიენტებს;
• არ შეიცავს კონსერვანტებსა და საღებავებს;
• არ შეიცავს შაქარსა და ხელოვნურ დამატკბობლებს;
• არ შეიცავს სპირტს;
• არ შეიცავს არანაირ ქიმიურ დანამატს;
• კომფორტულია გამოყენებისთვის;
• მოქმედებს მომენტალურად;
• არ აქვს გვერდითი მოვლენები;
• არ იწვევს შეჩვევას;
• არ შედის ურთიერთქმედებაში სხვა პრეპარატებთან, რის გამოც მისი გამოყენება შესაძლებელია ნებისმიერ ფარმ-პროდუქტთან ერთად;
• გამოყენების ჯერადობა შეუზღუდავია, რაც ნიშნავს, რომ შეგვიძლია გამოვიყენოთ დღეში იმდენჯერ, რამდენჯერაც ბავშვს კოლიკა შეაწუხებს;
• აქვს FDA, ABC, GMP, ISO საერთაშორისო სტანდარტების სერთიფიკატები;
• „ბეიბიქალმი“ უკვე 30 წელია, უზრუნველყოფს მილიონობით ჩვილის მშვიდ ძილს. იგი აღიარებულია ისრაელის, რუსეთის, ჩეხეთის, უკრაინის, სლოვაკეთის, ბულგარეთის, გერმანიის, დიდი ბრიტანეთისა და აშშ-ის მარეგულირებლებლების მიერ. „ბეიბიქალმს“ გამოარჩევენ სხვა მსგავსი პროდუქტებისაგან და ყველაზე ხშირად ურჩევენ მშობლებს ექიმები და ფარმაცევტები.
• „ბეიბიქალმის“ გამოყენების წესი და დოზირება შემდეგია: ბოთლი უნდა შეივსოს ანადუღარი, გაგრილებული წყლით ეტიკეტის ზედა საზღვრამდე (თეთრი ისარი); თავისივე პიპეტით ჩავაწვეთოთ ბავშვს პირში 10 წვეთი ყოველი ჭამის წინ ან კვებასა და კვებას შორის - ნელ-ნელა, წვეთ-წვეთობით (არ გამოიყენოთ კოვზი, რომ არ გადასცდეს პატარას). დღე-ღამის განმავლობაში გამოყენების ჯერადობა შეზღუდული არ არის; ყოველი გამოყენების წინ საჭიროა ბოთლის შენჯღრევა; გამოიყენება გახსნიდან 8 კვირის განმავლობაში.
R
წაიკითხეთ სრულად