Baby Bag

„ბევრი ადამიანი ღელავს მწერის ნაკბენის გამო. ძირითადად ეს ნერვიულობა უკავშირდება დაავადებას, რომელსაც ჰქვია ბორელიოზი“ - მაია ბუწაშვილი

„ბევრი ადამიანი ღელავს მწერის ნაკბენის გამო. ძირითადად ეს ნერვიულობა უკავშირდება დაავადებას, რომელსაც ჰქვია ბორელიოზი“ - მაია ბუწაშვილი
ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი სოციალურ ქსელში მწერის ნაკბენთან დაჯავშირებით წერს, როგორც ექიმი აღნიშნავს, ბევრი ადამიანი ღელავს მწერის ნაკბენის გამო. „ძირითადად ეს ნერვიულობა უკავშირდება დაავადებას, რომელსაც ჰქვია ბორელიოზი (ლაიმის დაავადება). კარგია, რომ გაიზარდა ამ საკითხზე ინფორმირებულობა, მაგრამ ხშირად ამ დაავადებასთან დაკავშირებული შფოთვა გადაჭარბებულია ხოლმე.
ხშირად ნებისმიერი მწერის ნაკბენზე ხდება ეჭვის მიტანა ბორელიოზზე და ზოგჯერ არასაჭირო კვლევები და მკურნალობაც კი.
ბორელიოზის გადამტანია ტკიპა. ზოგჯერ ეჭვი მიაქვთ ძაღლის ტკიპის კბენის შემთხვევაშიც, თუმცა ძაღლის ტკიპა ბორელიოზის გადამტანი არ არის (ზოგიერთი სხვა ინფექციის გადამტანი შეიძლება იყოს). ძაღლის ტკიპა ზომით ბევრად უფრო დიდია, ვიდრე ბორელიოზის გადამტანი ტკიპები, რომელთა ზომა არაუმეტეს 3 მმ-ია და შავი ფერისაა. ეს ტკიპები ძირითადად ტყიან და მცენარეებით მდიდარ გარემოში გვხვდება, ხოლო ძაღლის ტკიპა არ საჭიროებს ამ პირობებს.
გარეთ, ბუნებაში სეირნობის შემდეგ სასურველია შხაპის მიღება და კანის დათვალიერება, განსაკუთრებით ბავშვის, რომ არ გაგვეპაროს ტკიპის კანში ჩაჯდომის ფაქტი და დროულად მოხდეს მოცილება.
ტკიპის მოცილება ხდება პინცეტით, კარგად უნდა მოეჭიდოს კანთან ახლოს და ფრთხილად ამოვიღოთ, შემდეგ კანი და ხელები დავიმუშავოთ სპირტით. ტკიპა არ გავჭყლიტოთ.
არ არის საჭირო ტკიპის ამოსაღებად სამედიცინო დაწესებულებაში მისვლა.
ბორელიოზზე ანალიზის გაკეთებას ტკიპის კბენისთანავე აზრი არა აქვს, 2 კვირა მაინც ჭირდება ანტისხეულების გამომუშავებას.
ბორელიოზის სიმპტომები შეიძლება განვითარდეს კბენიდან 3-30 დღის განმავლობაში. იშვიათად შეიძლება უსიმპტომოდაც წარიმართოს. ყველაზე ხშირი სიმპტომია ე.წ. მიგრირებადი ერითემა, ანუ კანზე წითელი ლაქა, რომელიც გარშემო ფერმკრთალია და შემდეგ წითელი რკალით არის გარშემორტყმული. შეიძლება განვითარდეს სხეულის სხვადასხვა ადგილას (ანუ არ არის აუცილებელი ნაკბენის ადგილზე).
როგორც წესი, ბორელიის გამონაყარს არ ახასითებს ტკივილი და ქავილი.
სხვა შესაძლო სიმპტომებია ცხელება, შემცივნება, კუნთების და სახსრების ტკივილი.
არანამკურნალევ შემთხვევებში შესაძლებელია შორეული გართულებები, ძირითადად ნერვული სისტემის მხრივ.

ნებისმიერი მწერის ნებისმიერი ნაკბენი არ საჭიროებს ბორელიოზზე მკურნალობას!“ - აღნიშნავს ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი.

შეიძლება დაინტერესდეთ

„ასეთ ადამიანებს კოღოები გაცილებით უფრო ხშირად კბენენ,“ - პარაზიტოლოგი ირმა კოკაია

პარაზიტოლოგმა ირმა კოკაიამ განმარტა რატომ იზიდავს ზოგიერთი ადამიანი მწერებს უფრო ხშირად, ვიდრე სხვა ადამიანები:

„ყველა ადამიანის სხეული გამოყოფს გარკვეულ ნივთიერებებს. ეს ყველა ადამიანს ეხება. ბევრი ასეთი ნივთიერება გამოიყოფა ჩვენი კანის გზით. ეს შეიძლება იყოს ამიაკი და ა.შ. გარკვეულ ადამიანებს გაცილებით მეტად გამოეყოფათ ეს ნივთიერებები და აღმოჩნდა, რომ ამ ნივთიერებებიდან არის რაღაც განსაკუთრებული სახეობები, რომელიც იზიდავს მწერებს, განსაკუთრებით კოღოებს.

როდესაც ადამიანის სხეული ჭარბად გამოყოფს ამ ნივთიერებებს, რომელსაც ჩვენ ვერ ვგრძნობთ თვითონ, ეს არის კოღოს მიზიდვის საშუალება. ასეთ ადამიანებს კოღოები გაცილებით უფრო ხშირად კბენენ. არის პირიქითაც... არის ნივთიერებები, რომლებიც პირიქით აფრთხობს მწერებს და კოღოებს. შესაბამისად ეს ადამიანები გაცილებით ნაკლებად ზარალდებიან. ეს ჩვენი ორგანიზმის თავისებურებიდან გამომდინარეობს და ჩვენი მეტაბოლიზმიდან,“ - მოცემულ საკითხზე ირმა კოკაიამ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „პირადი ექიმი - მარი მალაზონია“ ისაუბრა.

წყარო:​ „პირადი ექიმი - მარი მალაზონია“

წაიკითხეთ სრულად