როგორია D ვიტამინის პროფილაქტიკური დოზა ზრდასრულებსა და ბავშვებში? - აღნიშნულ თემაზე ბავშვთა ენდოკრინოლოგმა ნინო ხელაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „პირადი ექიმი - მარი მალაზონია“ ისაუბრა.
,,D ვიტამინი არ არის მხოლოდ ვიტამინი, ეს არის მნიშვნელოვანი ჰორმონი, რომელიც ადრე ეგონათ, რომ მხოლოდ ძვლის და კალციუმისთვის იყო აუცილებელი, თუმცა ახლა დამტკიცდა, რომ მას აქვს ძალიან მნიშვნელოვანი როლი იმუნური სისტემის გაძლიერებისთვის, ალერგიების პრევენციისთვის, სიმსუქნის შემთხვევაში, გულსისხლძარღვთა სისტემის და დიაბეტის პრევენციისთვის (პირველი ტიპის დიაბეტის პრევენციისთვისაც კი), ონკოლოგიური დაავადებების საწინააღმდეგოდ და ბევრი სხვა. აღმოჩნდა, რომ D ვიტამინის რეცეპტორები თავის ტვინშიც კი არის. ამიტომ ყველა უჯრედისა და ორგანოთა სისტემისთვის არის ძალიან აუცილებელი.
ჩვენთან არის სახელმწიფო გაიდლაინი, სტანდარტი, რომლის მიხედვითაც ყველა ბავშვმა, არა აქვს მნიშვნელობა ძუძუთი იკვებება, თუ ხელოვნურზეა, ორ წლამდე უნდა მიიღოს D ვიტამინის პროფილაქტიკური დოზა, 2 წლის შემდეგ, მათ შორის მოზრდილების ჩათვლით, მნიშვნელოვანია და უკვე აქტუალური ხდება, რომ D ვიტამინი მივიღოთ სეზონურად, როცა მზე ვერ იქნება ამ ვიტამინის აქტიური წყარო.
არის გარკვეული საკვები, რომელიც შეგვივსებს მის დანაკლისს, თუმცა ეს საკმაოდ რთულია, რადგან ამ საკვების დიდი რაოდენობით მიღებაა საჭირო. მაგალითად, 10-15 კვერცხი უნდა მიიღოს ბავშვმა, რომ შეივსოს იმ დღის ნორმა D ვიტამინი, რაც წარმოუდგენელია. ამიტომ ხდება აქტუალური, რომ დანამატის სახით მიიღოს ბავშვმა ასაკის გათვალისწინებით შერჩეული დოზა. ეს ეხება ყველა ჯანმრთელ ბავშვს სეზონურად,'' - აღნიშნა ნინო ხელაძემ.
როდესაც ბავშვი პრეტენზიული ხდება და ჭირვეულობს, როგორ უნდა მოიქცეს მშობელი ამ შემთხვევაში?
ბავშვის ჭირვეულობის მიზეზი ამ შემთხვევაში ჯანმრთელობის პრობლემები არ არის. ყველა ეს პრობლემა პედაგოგიკის სფეროს განეკუთვნება. თქვენ გადაწყვეტილებას იღებთ, ბავშვი აპროტესტებს, ყვირის, წინააღმდეგობას გიწევთ, რის გამოც თქვენ გადაწყვეტილებას ცვლით. აუცილებელია, რომ მშობლებმა მოილაპარაკონ და გარკვეულ შეთანხმებამდე მივიდნენ. თუ თქვენ გადაწყვეტთ, რომ ჭამის დროა, ან გარკვეული საკვები ბავშვმა არ უნდა მიიღოს, ან რამდენიმე წამით მისი მარტო დატოვება გინდათ, ეს გადაწყვეტილება აღარ უნდა შეცვალოთ.
მშობლებს ეშინიათ, რომ ხანგრძლივი ტირილი ბავშვის ფსიქიკურ განვითარებაზე ნეგატიურად აისახება. ამ შიშის გამო ისინი ხელს უწყობენ ბავშვის ისეთი ქცევის მოდელის ჩამოყალიბებას, რომელიც მის განვითარებაზე უარყოფითად ზემოქმედებს და მას ადამიანებთან ჯანსაღი ურთიერთობების ჩამოყალიბებაში ხელს უშლის. ჩემი გულწრფელი რჩევაა, ატირებულ ბავშვთან თავი ხელში აიყვანოთ და ბავშვი პედაგოგიკის საზოგადოდ აღიარებული კანონების მიხედვით აღზარდოთ. აღზრდის მთავარი პასუხისმგებლობა სწორედ მშობლებს ეკისრებათ და არა ერთი წლის ბავშვს.