როგორია D ვიტამინის პროფილაქტიკური დოზა ზრდასრულებსა და ბავშვებში? - აღნიშნულ თემაზე ბავშვთა ენდოკრინოლოგმა ნინო ხელაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „პირადი ექიმი - მარი მალაზონია“ ისაუბრა.
,,D ვიტამინი არ არის მხოლოდ ვიტამინი, ეს არის მნიშვნელოვანი ჰორმონი, რომელიც ადრე ეგონათ, რომ მხოლოდ ძვლის და კალციუმისთვის იყო აუცილებელი, თუმცა ახლა დამტკიცდა, რომ მას აქვს ძალიან მნიშვნელოვანი როლი იმუნური სისტემის გაძლიერებისთვის, ალერგიების პრევენციისთვის, სიმსუქნის შემთხვევაში, გულსისხლძარღვთა სისტემის და დიაბეტის პრევენციისთვის (პირველი ტიპის დიაბეტის პრევენციისთვისაც კი), ონკოლოგიური დაავადებების საწინააღმდეგოდ და ბევრი სხვა. აღმოჩნდა, რომ D ვიტამინის რეცეპტორები თავის ტვინშიც კი არის. ამიტომ ყველა უჯრედისა და ორგანოთა სისტემისთვის არის ძალიან აუცილებელი.
ჩვენთან არის სახელმწიფო გაიდლაინი, სტანდარტი, რომლის მიხედვითაც ყველა ბავშვმა, არა აქვს მნიშვნელობა ძუძუთი იკვებება, თუ ხელოვნურზეა, ორ წლამდე უნდა მიიღოს D ვიტამინის პროფილაქტიკური დოზა, 2 წლის შემდეგ, მათ შორის მოზრდილების ჩათვლით, მნიშვნელოვანია და უკვე აქტუალური ხდება, რომ D ვიტამინი მივიღოთ სეზონურად, როცა მზე ვერ იქნება ამ ვიტამინის აქტიური წყარო.
არის გარკვეული საკვები, რომელიც შეგვივსებს მის დანაკლისს, თუმცა ეს საკმაოდ რთულია, რადგან ამ საკვების დიდი რაოდენობით მიღებაა საჭირო. მაგალითად, 10-15 კვერცხი უნდა მიიღოს ბავშვმა, რომ შეივსოს იმ დღის ნორმა D ვიტამინი, რაც წარმოუდგენელია. ამიტომ ხდება აქტუალური, რომ დანამატის სახით მიიღოს ბავშვმა ასაკის გათვალისწინებით შერჩეული დოზა. ეს ეხება ყველა ჯანმრთელ ბავშვს სეზონურად,'' - აღნიშნა ნინო ხელაძემ.
მუცლადმყოფი პატარები იღიმიან, როდესაც დედა სტაფილოს მიირთმევს და სახეს ჭმუხნიან, როდესაც დედა კომბოსტოს იღებს - უახლესი კვლევის შედეგები
მუცლადმყოფი პატარები იღიმიან, ტირიან, დედას უსმენენ, აქვთ სხვადასხვა შეგრძნება, თუმცა ცოტამ თუ იცის, რომ ისინი იწონებენ ან იწუნებენ დედის მიერ მირთმეულ საკვებს. დედის მიერ მიღებული საკვები ბავშვის განწყობაზე ზემოქმედებს.
ორსულ დედებს არაერთხელ სმენიათ შემდეგი სიტყვები: რასაც 9 თვის განმავლობაში მიირთმევ, ეს უდიდეს გავლენას ახდენს შენი შვილის ჯანმრთელობაზე. მკვლევარები ამტკიცებენ, რომ თუ დედას კვების მრავალფეროვანი რაციონი აქვს, მისი შვილი მომავალში ნაკლებად პრეტენზიული მჭამელი იქნება.
მუცლადმყოფ ბავშვს შეუძლია გამოხატოს მისი დამოკიდებულებები საკვების მიმართ და დედას „აგრძნობინოს,“ რომ მას ბროკოლი ან კომბოსტო არ უყვარს. უახლესმა კვლევამ აჩვენა, რომ მუცლადმყოფი ბავშვები სახეს ჭმუხნიდნენ, როდესაც დედა კომბოსტოს მიირთმევდა, თუმცა იღიმოდნენ, როდესაც ის სტაფილოთი იკვებებოდა.
კვლევაში 100 ორსული ქალბატონი იღებდა მონაწილეობას. მათი ასაკი 18-დან 40 წლამდე მერყეობდა. ქალბატონები 32-დან 36 კვირამდე ორსულები იყვნენ.
კვლევის ავტორები აცხადებენ, რომ მათ მიერ ჩატარებული კვლევა პირველია, რომელმაც დედის მიერ მიღებული საკვებისადმი მუცლადმყოფი ბავშვის განწყობის შესასწავლად ულტრაბგერითი კვლევის მონაცემები გამოიყენა.
მკვლევარები იმედოვნებენ, რომ ახალი კვლევა მეცნიერებს შესაძლებლობას მისცემს გამოიკვლიონ, თუ რა გავლენას ახდენს მუცლადმყოფი ბავშვის დამოკიდებულებები დედის მიერ მიღებული საკვების მიმართ მის მომავალ კვებით ჩვევებზე.