როგორია D ვიტამინის პროფილაქტიკური დოზა ზრდასრულებსა და ბავშვებში? - აღნიშნულ თემაზე ბავშვთა ენდოკრინოლოგმა ნინო ხელაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „პირადი ექიმი - მარი მალაზონია“ ისაუბრა.
,,D ვიტამინი არ არის მხოლოდ ვიტამინი, ეს არის მნიშვნელოვანი ჰორმონი, რომელიც ადრე ეგონათ, რომ მხოლოდ ძვლის და კალციუმისთვის იყო აუცილებელი, თუმცა ახლა დამტკიცდა, რომ მას აქვს ძალიან მნიშვნელოვანი როლი იმუნური სისტემის გაძლიერებისთვის, ალერგიების პრევენციისთვის, სიმსუქნის შემთხვევაში, გულსისხლძარღვთა სისტემის და დიაბეტის პრევენციისთვის (პირველი ტიპის დიაბეტის პრევენციისთვისაც კი), ონკოლოგიური დაავადებების საწინააღმდეგოდ და ბევრი სხვა. აღმოჩნდა, რომ D ვიტამინის რეცეპტორები თავის ტვინშიც კი არის. ამიტომ ყველა უჯრედისა და ორგანოთა სისტემისთვის არის ძალიან აუცილებელი.
ჩვენთან არის სახელმწიფო გაიდლაინი, სტანდარტი, რომლის მიხედვითაც ყველა ბავშვმა, არა აქვს მნიშვნელობა ძუძუთი იკვებება, თუ ხელოვნურზეა, ორ წლამდე უნდა მიიღოს D ვიტამინის პროფილაქტიკური დოზა, 2 წლის შემდეგ, მათ შორის მოზრდილების ჩათვლით, მნიშვნელოვანია და უკვე აქტუალური ხდება, რომ D ვიტამინი მივიღოთ სეზონურად, როცა მზე ვერ იქნება ამ ვიტამინის აქტიური წყარო.
არის გარკვეული საკვები, რომელიც შეგვივსებს მის დანაკლისს, თუმცა ეს საკმაოდ რთულია, რადგან ამ საკვების დიდი რაოდენობით მიღებაა საჭირო. მაგალითად, 10-15 კვერცხი უნდა მიიღოს ბავშვმა, რომ შეივსოს იმ დღის ნორმა D ვიტამინი, რაც წარმოუდგენელია. ამიტომ ხდება აქტუალური, რომ დანამატის სახით მიიღოს ბავშვმა ასაკის გათვალისწინებით შერჩეული დოზა. ეს ეხება ყველა ჯანმრთელ ბავშვს სეზონურად,'' - აღნიშნა ნინო ხელაძემ.
„კვერცხის გული უნდა გაითქვიფოს და ბავშვს წავუსვათ ფეხისგულებზე. ტემპერატურა იკლებს ძალიან სწრაფად,“ - ინგა მამუჩიშვილი
პედიატრმა ინგა მამუჩიშვილმა იმ ბუნებრივი საშუალებების და მეთოდების შესახებ ისაუბრა, რომელიც მოავადე ბავშვთან შეგვიძლია გამოვიყენოთ. მისი თქმით, მსუბუქ შემთხვევებში ბუნებრივი საშუალებების გამოყენება ეფექტიანია:
„ძალიან ბევრმა ფარმაცევტულმა პრეპარატმა დაკარგა ნდობა. რა თქმა უნდა, ეს ყველაზე არ შეიძლება ითქვას. არსებობს ძალიან ბევრი ბუნებრივი საშუალება, რომელიც შეიძლება გამოვიყენოთ. თუ კრიტიკული შემთხვევაა და რაღაც ძალიან სერიოზული სჭირს ბავშვს, ჩვენ ვიყენებთ მედიკამენტებს. მაღალი ტემპერატურის შემთხვევაში, სანამ ბავშვს მედიკამენტს მისცემთ, დაზილეთ ბავშვი ოთახის ტემპერატურის წყლით.“
ინგა მამუჩიშვილის თქმით, ძალიან კარგია გამდნარი კარაქის შეზელვა, როდესაც ბავშვს ცხელება აქვს:
„ძალიან კარგია გამდნარი კარაქის შეზელვა იღლიის ფოსოებში, იქ, სადაც მაგისტრალური სისხლძარღვები გადის, საზარდულში, მუხლის უკანა ზედაპირზე. ძალიან კარგია და ეს მე პირადად მაქვს გამოცდილი, კვერცხის გული. კვერცხის გული უნდა გაითქვიფოს და ბავშვს წავუსვათ ფეხისგულებზე. როგორც ერბო კვერცხი, ისე იწვება კვერცხი, შრება. ტემპერატურა იკლებს ძალიან სწრაფად.“
„ასევე კარგია კომბოსტოს ფურცელიც თავზე ქუდივით. ბავშვები ამას სიამოვნებითაც ასრულებენ და მოსწონთ თავი კომბოსტოს ფურცლის ქვეშ. თუ ცხვირიდან გამონადენი და ხველა დაეწყო ბავშვს, ვიყენებთ ხახვის წვეთებს. ხახვი თავისი ანტისეპტიკური მოქმედებით ძალიან სწრაფად იძლევა ეფექტს. მე მხედველობაში მაქვს მხოლოდ არამწარე, თეთრი ხახვი. მწვანე ვაშლის წვეთები გამოვწუროთ და ჩავაწვეთოთ ცხვირში. ეს ხელს უწყობს ლორწოვანი გარსის დამშვიდებას, დაწყნარებას და ძალიან მარტივად ხდება ცხვირიდან სუნთქვის აღდგენა,“ - აღნიშნულ საკითხებზე ინგა მამუჩიშვილმა ტელეკომპანია „პულსის“ ეთერში ისაუბრა.