როგორია D ვიტამინის პროფილაქტიკური დოზა ზრდასრულებსა და ბავშვებში? - აღნიშნულ თემაზე ბავშვთა ენდოკრინოლოგმა ნინო ხელაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „პირადი ექიმი - მარი მალაზონია“ ისაუბრა.
,,D ვიტამინი არ არის მხოლოდ ვიტამინი, ეს არის მნიშვნელოვანი ჰორმონი, რომელიც ადრე ეგონათ, რომ მხოლოდ ძვლის და კალციუმისთვის იყო აუცილებელი, თუმცა ახლა დამტკიცდა, რომ მას აქვს ძალიან მნიშვნელოვანი როლი იმუნური სისტემის გაძლიერებისთვის, ალერგიების პრევენციისთვის, სიმსუქნის შემთხვევაში, გულსისხლძარღვთა სისტემის და დიაბეტის პრევენციისთვის (პირველი ტიპის დიაბეტის პრევენციისთვისაც კი), ონკოლოგიური დაავადებების საწინააღმდეგოდ და ბევრი სხვა. აღმოჩნდა, რომ D ვიტამინის რეცეპტორები თავის ტვინშიც კი არის. ამიტომ ყველა უჯრედისა და ორგანოთა სისტემისთვის არის ძალიან აუცილებელი.
ჩვენთან არის სახელმწიფო გაიდლაინი, სტანდარტი, რომლის მიხედვითაც ყველა ბავშვმა, არა აქვს მნიშვნელობა ძუძუთი იკვებება, თუ ხელოვნურზეა, ორ წლამდე უნდა მიიღოს D ვიტამინის პროფილაქტიკური დოზა, 2 წლის შემდეგ, მათ შორის მოზრდილების ჩათვლით, მნიშვნელოვანია და უკვე აქტუალური ხდება, რომ D ვიტამინი მივიღოთ სეზონურად, როცა მზე ვერ იქნება ამ ვიტამინის აქტიური წყარო.
არის გარკვეული საკვები, რომელიც შეგვივსებს მის დანაკლისს, თუმცა ეს საკმაოდ რთულია, რადგან ამ საკვების დიდი რაოდენობით მიღებაა საჭირო. მაგალითად, 10-15 კვერცხი უნდა მიიღოს ბავშვმა, რომ შეივსოს იმ დღის ნორმა D ვიტამინი, რაც წარმოუდგენელია. ამიტომ ხდება აქტუალური, რომ დანამატის სახით მიიღოს ბავშვმა ასაკის გათვალისწინებით შერჩეული დოზა. ეს ეხება ყველა ჯანმრთელ ბავშვს სეზონურად,'' - აღნიშნა ნინო ხელაძემ.
„დაღლილობის მიზეზი ხშირად არის გვიან დიდი რაოდენობით ულუფების მიღება,“ - ნევროგოლი მარინა ჯანელიძე
ნევროლოგმა მარინა ჯანელიძემ ადამიანის ჯანმრთელობისთვის სწორი კვებისა და სითხის სათანადოდ მიღების მნიშვნელობაზე ისაუბრა:
„ტვინში არის ძალიან წვრილი სისხლძარღვები. იქ რომ სისხლმა გაიაროს, უნდა იყოს ძალიან დენადი. თუ წყალს არ დავლევთ, სისხლი ნაკლებად მოძრაობს. ჯანმრთელმა ადამიანმა ყოველ კილოგრამზე 30 მილილიტრი სითხე უნდა მიიღოს.“
მარინა ჯანელიძის თქმით, დაღლილობას ხშირად არასწორი კვების რეჟიმი იწვევს:
„მე მაინც ვთვლი, რომ ჩვენ არასწორი კვების რეჟიმი გვაქვს. განვითარებულ ქვეყნებში დილის და შუადღის კვებაა წამყვანი. ქართველები, სამწუხაროდ, მიჩვეული ვართ საღამოს ჭარბ კვებას. დაღლილობის მიზეზი ხშირად არის გვიან დიდი რაოდენობით ულუფების მიღება. მათი დამუშავება დიდ ენერგიას მოითხოვს. დილას დაღლილი გაღვიძება ხშირად არის ამ წანაცვლების შედეგი.“
„საქართველოში პრაქტიკულად დილას არავინ ნოყიერად არ საუზმოს. ეს იწყება დღის მეორე ნახევრიდან. თუ ამას ჩავანაცვლებთ, დარწმუნებული ვარ, რომ კვებით გამოწვეული დაღლილობა ნამდვილად შეიცვლება. დიდი ულუფა კიდევ უფრო დაღლილობას იწვევს, ვიდრე მცირე ულუფა,“ - აღნიშნულ საკითხზე მარინა ჯანელიძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „პირადი ექიმი - მარი მალაზონია“ ისაუბრა.