როგორია D ვიტამინის პროფილაქტიკური დოზა ზრდასრულებსა და ბავშვებში? - აღნიშნულ თემაზე ბავშვთა ენდოკრინოლოგმა ნინო ხელაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „პირადი ექიმი - მარი მალაზონია“ ისაუბრა.
,,D ვიტამინი არ არის მხოლოდ ვიტამინი, ეს არის მნიშვნელოვანი ჰორმონი, რომელიც ადრე ეგონათ, რომ მხოლოდ ძვლის და კალციუმისთვის იყო აუცილებელი, თუმცა ახლა დამტკიცდა, რომ მას აქვს ძალიან მნიშვნელოვანი როლი იმუნური სისტემის გაძლიერებისთვის, ალერგიების პრევენციისთვის, სიმსუქნის შემთხვევაში, გულსისხლძარღვთა სისტემის და დიაბეტის პრევენციისთვის (პირველი ტიპის დიაბეტის პრევენციისთვისაც კი), ონკოლოგიური დაავადებების საწინააღმდეგოდ და ბევრი სხვა. აღმოჩნდა, რომ D ვიტამინის რეცეპტორები თავის ტვინშიც კი არის. ამიტომ ყველა უჯრედისა და ორგანოთა სისტემისთვის არის ძალიან აუცილებელი.
ჩვენთან არის სახელმწიფო გაიდლაინი, სტანდარტი, რომლის მიხედვითაც ყველა ბავშვმა, არა აქვს მნიშვნელობა ძუძუთი იკვებება, თუ ხელოვნურზეა, ორ წლამდე უნდა მიიღოს D ვიტამინის პროფილაქტიკური დოზა, 2 წლის შემდეგ, მათ შორის მოზრდილების ჩათვლით, მნიშვნელოვანია და უკვე აქტუალური ხდება, რომ D ვიტამინი მივიღოთ სეზონურად, როცა მზე ვერ იქნება ამ ვიტამინის აქტიური წყარო.
არის გარკვეული საკვები, რომელიც შეგვივსებს მის დანაკლისს, თუმცა ეს საკმაოდ რთულია, რადგან ამ საკვების დიდი რაოდენობით მიღებაა საჭირო. მაგალითად, 10-15 კვერცხი უნდა მიიღოს ბავშვმა, რომ შეივსოს იმ დღის ნორმა D ვიტამინი, რაც წარმოუდგენელია. ამიტომ ხდება აქტუალური, რომ დანამატის სახით მიიღოს ბავშვმა ასაკის გათვალისწინებით შერჩეული დოზა. ეს ეხება ყველა ჯანმრთელ ბავშვს სეზონურად,'' - აღნიშნა ნინო ხელაძემ.
გონების სავარჯიშოები მეხსიერების გასაუმჯობესებლად ოთარ ტატიშვილისგან
ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „იმედის დღე“ ექიმმა ოთარ ტატიშვილმა და თამარ კობახიძემ მეხსიერების გასაუმჯობესებელი სპეციალური ვარჯიშები შემოგვთავაზეს. კოვიდ-19-ის გადატანის შემდეგ პაციენტებს მეხსიერების დაქვეითების პრობლემა ხშირად აწუხებთ. თუ მსგავსი პრობლემის წინაშე დგახართ, შემდეგი ვარჯიშები აუცილებლად გამოგადგებათ:
„შევეცდებით გასწავლოთ სავარჯიშოები, რომლითაც ავარჯიშებთ გონებას და შეამოწმებთ თქვენს მეხსიერებას. ეს ყოველდღიურადაც რომ გავაკეთოთ, არანაირი პრობლემა არ იქნება, ჩვენი მეხსიერება ამით მხოლოდ გაუმჯობესდება. პირველი სავარჯიშო შემდეგია: ეკრანზე გამოჩნდება სიტყვები: წითელი, ყვითელი, ლურჯი. თითოეული ეს სიტყვა სხვადასხვა ფერში განათდება, თქვენ უნდა თქვათ ის, რასაც დაინახავთ.თქვენ უნდა დაასახელოთ ფერები და არა სიტყვები.“
მეხსიერების გასაუმჯობესებლად ეფექტიანია ნახატების სავარჯიშოს შესრულებაც. თქვენ ყურადღებით უნდა დააკვირდეთ ნახატებს და შემდგომ შესაბამის კითხვებს გასცეთ პასუხი:
„მეორე სავარჯიშო ნახატების სავარჯიშოა. ეკრანზე გამოჩნდება ნახატები და შეგიძლიათ ამ ფოტოებს 20 წამი დააკვირდეთ. მერე დაიმახსოვრეთ და უნდა უპასუხოთ კითხვებს: რამდენი ნახატი იყო? რა ნახატი იყო მარცხნივ ზედა კუთხეში? ჩამოთვალეთ ეკრანზე არსებული ცოცხალი არსებები.“
„მესამე სავარჯიშოს ჰქვია 10 წუთი ბნელ ოთახში. ოთახს წრე უნდა დაარტყათ თვალებახვეულმა და ნახოთ, რამდენად გაქვთ დამახსოვრებული თქვენი ოთახი,“ - აღნიშნული სავარჯიშოების დახმარებით მეხსიერების გაუმჯობესებას წარმატებით შეძლებთ.