როგორია D ვიტამინის პროფილაქტიკური დოზა ზრდასრულებსა და ბავშვებში? - აღნიშნულ თემაზე ბავშვთა ენდოკრინოლოგმა ნინო ხელაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „პირადი ექიმი - მარი მალაზონია“ ისაუბრა.
,,D ვიტამინი არ არის მხოლოდ ვიტამინი, ეს არის მნიშვნელოვანი ჰორმონი, რომელიც ადრე ეგონათ, რომ მხოლოდ ძვლის და კალციუმისთვის იყო აუცილებელი, თუმცა ახლა დამტკიცდა, რომ მას აქვს ძალიან მნიშვნელოვანი როლი იმუნური სისტემის გაძლიერებისთვის, ალერგიების პრევენციისთვის, სიმსუქნის შემთხვევაში, გულსისხლძარღვთა სისტემის და დიაბეტის პრევენციისთვის (პირველი ტიპის დიაბეტის პრევენციისთვისაც კი), ონკოლოგიური დაავადებების საწინააღმდეგოდ და ბევრი სხვა. აღმოჩნდა, რომ D ვიტამინის რეცეპტორები თავის ტვინშიც კი არის. ამიტომ ყველა უჯრედისა და ორგანოთა სისტემისთვის არის ძალიან აუცილებელი.
ჩვენთან არის სახელმწიფო გაიდლაინი, სტანდარტი, რომლის მიხედვითაც ყველა ბავშვმა, არა აქვს მნიშვნელობა ძუძუთი იკვებება, თუ ხელოვნურზეა, ორ წლამდე უნდა მიიღოს D ვიტამინის პროფილაქტიკური დოზა, 2 წლის შემდეგ, მათ შორის მოზრდილების ჩათვლით, მნიშვნელოვანია და უკვე აქტუალური ხდება, რომ D ვიტამინი მივიღოთ სეზონურად, როცა მზე ვერ იქნება ამ ვიტამინის აქტიური წყარო.
არის გარკვეული საკვები, რომელიც შეგვივსებს მის დანაკლისს, თუმცა ეს საკმაოდ რთულია, რადგან ამ საკვების დიდი რაოდენობით მიღებაა საჭირო. მაგალითად, 10-15 კვერცხი უნდა მიიღოს ბავშვმა, რომ შეივსოს იმ დღის ნორმა D ვიტამინი, რაც წარმოუდგენელია. ამიტომ ხდება აქტუალური, რომ დანამატის სახით მიიღოს ბავშვმა ასაკის გათვალისწინებით შერჩეული დოზა. ეს ეხება ყველა ჯანმრთელ ბავშვს სეზონურად,'' - აღნიშნა ნინო ხელაძემ.
რამდენ ხანს ეყოფა ადამიანს ორჯერადი აცრის შემდეგ გამომუშავებული იმუნიტეტი? - მაია ბუწაშვილის პასუხი
ინფექციონისტმა მაია ბუწაშვილმა ორჯერადი ვაქცინირებით ჩამოყალიბებული იმუნიტეტის განლევის ვადებზე ისაუბრა. მან აღნიშნა, რომ ისრაელის მაგალითზე 6-8თვის შემდეგ მოსახლეობის გარკვეულ ნაწილში იმუნიტეტის განლევა მოხდა:
„ისრაელის მაგალითი უკვე გვაქვს ჩვენ, რომ 6-8 თვის შემდეგ მოსახლეობის გარკვეულ ნაწილში მოხდა იმუნიტეტის განლევა. მათ შესთავაზეს მესამე ბუსტერ დოზა. ამას უკავშირდებოდა ისრაელის ტალღა. ერთ-ერთი მიზეზი ეს იყო. მესამე დოზით ცრიან 6-8 თვის წინ აცრილებს, მხოლოდ მასიურად არა, აქ უფრო საუბარია ხანდაზმულებზე. ჯერჯერობით ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაცია არ არსებობს, მაგრამ ადრე თუ გვიან ამ გადაწყვეტილებას მიიღებენ, რომ ფაიზერით აცრილებს შესთავაზებენ მესამე დოზას ექვსი-რვა თვის შემდეგ. სხვა ვაქცინებთან დაკავშირებით მყარი ინფორმაცია არ გვაქვს. დაზუსტებული ინფორმაცია, თუ რამდენ ხანს ეყოფა ადამიანს ორჯერადი აცრის შემდეგ გამომუშავებული იმუნიტეტი, ჯერ არ გვაქვს.“
მაია ბუწაშვილის თქმით, ვირუსის ყოველი შემდგომი მუტაცია წინამორბედთან შედარებით მეტად გადამდებია:
„ყოველი შემდგომი მუტაცია იმით განსხვავდება წინამორბედისგან, რომ უფრო ადვილად მრავლდება და გადაეცემა. სამწუხაროდ, ასეთ შემთხვევებში ერთი ნაბიჯით ყოველთვის წინ არის მიკროორგანიზმი თავისი გამჭრიახობით ადამიანთან შედარებით. ადამიანების ინფიცირება უფრო ადვილდება ყოველი შემდგომი შტამის დროს. დელტამ, სამწუხაროდ, რეკორდები მოხსნა საერთოდ.“
„ბევრი კითხვა იყო, რამდენად უფრო იწვევს ლეტალობას დელტა შტამი. საბედნიეროდ, მკაფიო განსხვავება პროგნოზებში არ შეინიშნება. რადგან უფრო გადამდებია დელტა, ის უფრო მეტ ადამიანს აზარალებს. ის სეგმენტი, რომელიც თავიდან უფრო ნაკლებად ზარალდებოდა, ახალგაზრდა ასაკის ადამიანები და ბავშვები, დელტას შემთხვევაში უფრო მეტად აღმოჩნდნენ წინა ხაზზე,“ - აღნიშნულ საკითხებზე მაია ბუწაშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „პირადი ექიმი - მარი მალაზონია“ ისაუბრა.