როგორია D ვიტამინის პროფილაქტიკური დოზა ზრდასრულებსა და ბავშვებში? - აღნიშნულ თემაზე ბავშვთა ენდოკრინოლოგმა ნინო ხელაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „პირადი ექიმი - მარი მალაზონია“ ისაუბრა.
,,D ვიტამინი არ არის მხოლოდ ვიტამინი, ეს არის მნიშვნელოვანი ჰორმონი, რომელიც ადრე ეგონათ, რომ მხოლოდ ძვლის და კალციუმისთვის იყო აუცილებელი, თუმცა ახლა დამტკიცდა, რომ მას აქვს ძალიან მნიშვნელოვანი როლი იმუნური სისტემის გაძლიერებისთვის, ალერგიების პრევენციისთვის, სიმსუქნის შემთხვევაში, გულსისხლძარღვთა სისტემის და დიაბეტის პრევენციისთვის (პირველი ტიპის დიაბეტის პრევენციისთვისაც კი), ონკოლოგიური დაავადებების საწინააღმდეგოდ და ბევრი სხვა. აღმოჩნდა, რომ D ვიტამინის რეცეპტორები თავის ტვინშიც კი არის. ამიტომ ყველა უჯრედისა და ორგანოთა სისტემისთვის არის ძალიან აუცილებელი.
ჩვენთან არის სახელმწიფო გაიდლაინი, სტანდარტი, რომლის მიხედვითაც ყველა ბავშვმა, არა აქვს მნიშვნელობა ძუძუთი იკვებება, თუ ხელოვნურზეა, ორ წლამდე უნდა მიიღოს D ვიტამინის პროფილაქტიკური დოზა, 2 წლის შემდეგ, მათ შორის მოზრდილების ჩათვლით, მნიშვნელოვანია და უკვე აქტუალური ხდება, რომ D ვიტამინი მივიღოთ სეზონურად, როცა მზე ვერ იქნება ამ ვიტამინის აქტიური წყარო.
არის გარკვეული საკვები, რომელიც შეგვივსებს მის დანაკლისს, თუმცა ეს საკმაოდ რთულია, რადგან ამ საკვების დიდი რაოდენობით მიღებაა საჭირო. მაგალითად, 10-15 კვერცხი უნდა მიიღოს ბავშვმა, რომ შეივსოს იმ დღის ნორმა D ვიტამინი, რაც წარმოუდგენელია. ამიტომ ხდება აქტუალური, რომ დანამატის სახით მიიღოს ბავშვმა ასაკის გათვალისწინებით შერჩეული დოზა. ეს ეხება ყველა ჯანმრთელ ბავშვს სეზონურად,'' - აღნიშნა ნინო ხელაძემ.
„37-38 კვირაზე საკეისრო კვეთით დაბადებული ახალშობილები 4-ჯერ უფრო ხშირად შეიძლება მოხვდნენ ახალშობილთა რეანიმაციაში, ვიდრე 39-40 კვირაზე დაბადებულები,“- მამუკა ნემსაძე
მეან-გინეკოლოგმა მამუკა ნემსაძემ საკეისრო კვეთით დაბადებული ახალშობილებში გავრცელებული პრობლემების შესახებ ისაუბრა:
„აღმოჩნდა, რომ 37-38 კვირაზე საკეისრო კვეთით დაბადებული ახალშობილები 4-ჯერ უფრო ხშირად შეიძლება მოხვდნენ ახალშობილთა რეანიმაციაში, ვიდრე 39-40 კვირაზე დაბადებულები. ვინც ცდილობს, რომ რაღაც თარიღს დაამთხვიოს ბავშვის დაბადება და არ ელოდება მშობიარობის დაწყებას, როდესაც ნაყოფი გადაწყვეტს ამას, მერე იწყება პრობლემები ახალშობილთან. საკეისრო კვეთის ერთ-ერთი კომპონენტი არის, როდესაც ახალშობილის მოთავსება ხდება ან დედის გულ-მკერდზე, ან მამის. ეს ორივესთან მისაღებია. კორონავირუსის დროს შეზღუდულობის გამო მამის კომპონენტი ბევრ კლინიკაში ამოვარდა და ახალშობილის დაწვენა შეუძლებელი გახდა. ამოვარდა სითბური ჯაჭვი, როდესაც ახალშობილი გამოდის თბილი გარემოდან. ახალშობილი დაბადების შემდეგ ხვდება გარემოში, სადაც არის 20-25 გრადუსი ტემპერატურა. ეს მისთვის სტრესია. ის სითბო, რომელიც შეიძლება ოპერაციის შემდგომ ვერ მიაწოდოს დედამ, ეს ბევრი ფაქტორი იძლევა ისეთ სიტუაციას, რომელიც იმ მომენტში ქმნის პრობლემას.
ამერიკაში იდება უკვე კვლევები, სადაც აღმოჩენილია, რომ საკეისრო კვეთით დაბადებული ახალშობილები რიგ კომპონენტებში ჩამორჩებიან თანატოლებს. პირველ რიგში, ეს არის გადაწყვეტილების მიღების უნარი, მოტივაცია. მას წაართვეს პირველი გადაწყვეტილების მიღების უფლება. ისინი ცხოვრებაში საკმაოდ ჭოჭმანობენ გადაწყვეტილების მიღების დროს. ისინი ინტელექტუალურ ტესტებშიც გაცილებით ნაკლებ ქულებს აჩვენებენ. დღეს მიმდინარეობს ინტენსიური კვლევები, თუ რა აკლია ახალშობილს საკეისრო კვეთის დროს,“- მოცემულ საკითხზე მამუკა ნემსაძემ რადიო „ფორტუნას“ ეთერში ისაუბრა.