როგორია D ვიტამინის პროფილაქტიკური დოზა ზრდასრულებსა და ბავშვებში? - აღნიშნულ თემაზე ბავშვთა ენდოკრინოლოგმა ნინო ხელაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „პირადი ექიმი - მარი მალაზონია“ ისაუბრა.
,,D ვიტამინი არ არის მხოლოდ ვიტამინი, ეს არის მნიშვნელოვანი ჰორმონი, რომელიც ადრე ეგონათ, რომ მხოლოდ ძვლის და კალციუმისთვის იყო აუცილებელი, თუმცა ახლა დამტკიცდა, რომ მას აქვს ძალიან მნიშვნელოვანი როლი იმუნური სისტემის გაძლიერებისთვის, ალერგიების პრევენციისთვის, სიმსუქნის შემთხვევაში, გულსისხლძარღვთა სისტემის და დიაბეტის პრევენციისთვის (პირველი ტიპის დიაბეტის პრევენციისთვისაც კი), ონკოლოგიური დაავადებების საწინააღმდეგოდ და ბევრი სხვა. აღმოჩნდა, რომ D ვიტამინის რეცეპტორები თავის ტვინშიც კი არის. ამიტომ ყველა უჯრედისა და ორგანოთა სისტემისთვის არის ძალიან აუცილებელი.
ჩვენთან არის სახელმწიფო გაიდლაინი, სტანდარტი, რომლის მიხედვითაც ყველა ბავშვმა, არა აქვს მნიშვნელობა ძუძუთი იკვებება, თუ ხელოვნურზეა, ორ წლამდე უნდა მიიღოს D ვიტამინის პროფილაქტიკური დოზა, 2 წლის შემდეგ, მათ შორის მოზრდილების ჩათვლით, მნიშვნელოვანია და უკვე აქტუალური ხდება, რომ D ვიტამინი მივიღოთ სეზონურად, როცა მზე ვერ იქნება ამ ვიტამინის აქტიური წყარო.
არის გარკვეული საკვები, რომელიც შეგვივსებს მის დანაკლისს, თუმცა ეს საკმაოდ რთულია, რადგან ამ საკვების დიდი რაოდენობით მიღებაა საჭირო. მაგალითად, 10-15 კვერცხი უნდა მიიღოს ბავშვმა, რომ შეივსოს იმ დღის ნორმა D ვიტამინი, რაც წარმოუდგენელია. ამიტომ ხდება აქტუალური, რომ დანამატის სახით მიიღოს ბავშვმა ასაკის გათვალისწინებით შერჩეული დოზა. ეს ეხება ყველა ჯანმრთელ ბავშვს სეზონურად,'' - აღნიშნა ნინო ხელაძემ.
„ტანტრუმი არ არის ცუდი ქცევა - ამ დროს ორგანიზმში არის ქარიშხალი და ჩვენი მოვალეობაა ბავშვებს ტანჯვა შევუმსუბუქოთ''
ტანტრუმის შესახებ ფსიქოლოგმა ნინო მარგველაშვილმა ისაუბრა. მისი თქმით, ტანტრუმი არის ბოლო ეტაპი, ეს არის პიკი, როდესაც ადამიანის ორგანიზმში ნერვული სისტემა არის აბობოქრებული, ეს არის ქარიშხალი:
,,ჩვენ, მშობლებმა, უნდა დავინახოთ, პირველ რიგში, რომ ადამიანი ცუდად არის, რომ შიგნით არის შტორმი და ბავშვი თვითონ ვერ გაჩერდება. რა უნდა ქნას მშობელმა ამ დროს? - ის უნდა იყოს მყარად, დამშვიდდეს, მივიდეს შვილთან და როგორც ქარიშხლის დროს ხეს მოვეჭიდებით და ვიცით, რომ ქარიშხალი ვერ გაგვაფრენს ვერსად, ისე უნდა ვიყოთ ამ დროს შვილებისთვის იმ მომენტში. მათთან ახლოს უნდა ვიყოთ და ვაგრძნობინოთ, რომ მათ გვერდით ვართ. ტანტრუმი არ არის ცნობიერი გადაწყვეტილება, ეს არის ავტომატური გადართვა, სხვანაირად მშობელს ვერ ატყობინებს, რომ დაიღალა ან შია, ან ძალიან ინერვიულა. ტანტრუმი მშობლისთვის არის სიგნალი, რომ რაღაცები გამოეპარა და ახლა ბავშვს სჭირდება დახმარება - ჯერ დააშვიდოს ახსნების და დარწმუნების გარეშე, რადგან ამ დროს რაციონალური გონება გათიშულია. ჯერ მის გვერდით უნდა ვიყოთ, შევუმსუბუქოთ ტანჯვა თანადგომით, თანაგრძნობით. შემდეგ უკვე შეიძლება მათთან საუბარი,'' - აღნიშნულ საკითხზე ნინო მარგველაშვილმა ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „იმედის დღე“ ისაუბრა.