როგორია D ვიტამინის პროფილაქტიკური დოზა ზრდასრულებსა და ბავშვებში? - აღნიშნულ თემაზე ბავშვთა ენდოკრინოლოგმა ნინო ხელაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „პირადი ექიმი - მარი მალაზონია“ ისაუბრა.
,,D ვიტამინი არ არის მხოლოდ ვიტამინი, ეს არის მნიშვნელოვანი ჰორმონი, რომელიც ადრე ეგონათ, რომ მხოლოდ ძვლის და კალციუმისთვის იყო აუცილებელი, თუმცა ახლა დამტკიცდა, რომ მას აქვს ძალიან მნიშვნელოვანი როლი იმუნური სისტემის გაძლიერებისთვის, ალერგიების პრევენციისთვის, სიმსუქნის შემთხვევაში, გულსისხლძარღვთა სისტემის და დიაბეტის პრევენციისთვის (პირველი ტიპის დიაბეტის პრევენციისთვისაც კი), ონკოლოგიური დაავადებების საწინააღმდეგოდ და ბევრი სხვა. აღმოჩნდა, რომ D ვიტამინის რეცეპტორები თავის ტვინშიც კი არის. ამიტომ ყველა უჯრედისა და ორგანოთა სისტემისთვის არის ძალიან აუცილებელი.
ჩვენთან არის სახელმწიფო გაიდლაინი, სტანდარტი, რომლის მიხედვითაც ყველა ბავშვმა, არა აქვს მნიშვნელობა ძუძუთი იკვებება, თუ ხელოვნურზეა, ორ წლამდე უნდა მიიღოს D ვიტამინის პროფილაქტიკური დოზა, 2 წლის შემდეგ, მათ შორის მოზრდილების ჩათვლით, მნიშვნელოვანია და უკვე აქტუალური ხდება, რომ D ვიტამინი მივიღოთ სეზონურად, როცა მზე ვერ იქნება ამ ვიტამინის აქტიური წყარო.
არის გარკვეული საკვები, რომელიც შეგვივსებს მის დანაკლისს, თუმცა ეს საკმაოდ რთულია, რადგან ამ საკვების დიდი რაოდენობით მიღებაა საჭირო. მაგალითად, 10-15 კვერცხი უნდა მიიღოს ბავშვმა, რომ შეივსოს იმ დღის ნორმა D ვიტამინი, რაც წარმოუდგენელია. ამიტომ ხდება აქტუალური, რომ დანამატის სახით მიიღოს ბავშვმა ასაკის გათვალისწინებით შერჩეული დოზა. ეს ეხება ყველა ჯანმრთელ ბავშვს სეზონურად,'' - აღნიშნა ნინო ხელაძემ.
„სკოლამდელი ასაკის ბავშვის კვება უნდა შედგებოდეს სამი ძირითადი კვებისა და სამი წახემსებისგან,“ - პედიატრი ნინო თოთაძე
პედიატრმა ნინო თოთაძემ სკოლამდელი ასაკის ბავშვის კვების ძირითადი წესების შესახებ ისაუბრა. მან აღნიშნა, რომ ბავშვის კვება სამი ძირითადი და სამი წახემსებისგან უნდა შედგებოდეს:
„წინა სასკოლო ასაკის ბავშვის კვებისთვის უმნიშვნელოვანესია, რომ დღის განმავლობაში მათი კვება შედგებოდეს სამი ძირითადი კვებისგან და სამი წახემსებისგან. ენერგეტიკული ღირებულების მიხედვით, საუზმე არის 20 %. მას მნიშვნელოვანი როლი ენიჭება. შემდეგ მოდის სადილი 30 % და ვახშამი 15 %. პირველი წახემსება, რომელიც არის საუზმესა და სადილს შორის არის 10 %, მეორე წახემსება არის სადილსა და ვახშამს შორის 15 %, შემდეგ 10 % მესამე წახემსება. წახემსების დროს უნდა იყოს ბურღულეული, რომელიც ნაკლებ შაქარს შეიცავს, არის ნაკლები ცხიმის შემცველი. ეს არის აუცილებელი პირობა ამ ასაკის ბავშვისთვის. მეორე კომპონენტი უნდა იყოს რძე და რძის პროდუქტი და ახლად დაჭრილი ხილი. ამ ასაკის ბავშვისთვის რძე და წყალი არის უმნიშვნელოვანესი სასმელი. რძე სჯობს იყოს ქარხნული წარმოების.“
ნინო თოთაძის თქმით, ბავშვმა ყველაზე საუზმეზე 100 მილიგრამი კალციუმის ათვისება უნდა შეძლოს:
„საუზმეზე ისე უნდა იყოს გადანაწილებული რძის პროდუქტი, რომ ბავშვმა ყველა საუზმეზე 100 მილიგრამი კალციუმის ათვისება მოახერხოს. საუზმის პირველი კომპონენტი შეიძლება იყოს პურის ნაჭერი, ორცხობილა, ბურღულის ფანტელი. მეორე კომპონენტი: რძე და რძის პროდუქტი, იოგურტი, ყველი, ხაჭო. მესამე კომპონენტი არის ახალი ხილი. სასმელი კომპონენტი აუცილებლად რძე ან წყალი. ჩაის მიღება კოფეინის შემცველობის გამო არ არის რეკომენდებული. შეიძლება იყოს ხილის ჩაი, რომელიც არ შეიცავს კოფეინს. არ არის სასურველი, რომ ეს იყოს დღის განმავლობაში რამდენჯერმე ან ყოველდღიურად. რეკომენდებულია ხილის წვენის მიწოდება. ამ ასაკობრივ ჯგუფში მაქსიმუმი უნდა იყოს 200 მილილიტრი და სასურველია გაზავება წყლით 50/50-ზე.“
„ბურღულეულის გადანაწილებაც ხდება დღის განმავლობაში. თავისუფლად შესაძლებელია, რომ წახემსების დროს გამოვიყენოთ ბურღულეულის პროდუქტი. ხილი შესაძლებელია, რომ წახემსების დროს რამდენჯერმე შევთავაზოთ. თუ ნატურალურ წვენს ვთავაზობთ ბავშვს, ხილი უნდა იყოს შეზღუდული. აუცილებელია, რომ ბოსტნეული ბავშვის ყოველდღიურ საკვებ მენიუში შედიოდეს. შეიძლება ბავშვმა უარი თქვას გარკვეულ კომპონენტზე. არ არის საჭირო დაძალება, ყვირილი. შეგვიძლია ერთჯერადად შევთავაზოთ წვენი, მაგრამ ეს არ უნდა იყოს ყოველდღიური დათმობის პრინციპი,“ - აღნიშნულ საკითხზე ნინო თოთაძემ ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემაში „დილა ფორმულაზე“ ისაუბრა.