როგორია D ვიტამინის პროფილაქტიკური დოზა ზრდასრულებსა და ბავშვებში? - აღნიშნულ თემაზე ბავშვთა ენდოკრინოლოგმა ნინო ხელაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „პირადი ექიმი - მარი მალაზონია“ ისაუბრა.
,,D ვიტამინი არ არის მხოლოდ ვიტამინი, ეს არის მნიშვნელოვანი ჰორმონი, რომელიც ადრე ეგონათ, რომ მხოლოდ ძვლის და კალციუმისთვის იყო აუცილებელი, თუმცა ახლა დამტკიცდა, რომ მას აქვს ძალიან მნიშვნელოვანი როლი იმუნური სისტემის გაძლიერებისთვის, ალერგიების პრევენციისთვის, სიმსუქნის შემთხვევაში, გულსისხლძარღვთა სისტემის და დიაბეტის პრევენციისთვის (პირველი ტიპის დიაბეტის პრევენციისთვისაც კი), ონკოლოგიური დაავადებების საწინააღმდეგოდ და ბევრი სხვა. აღმოჩნდა, რომ D ვიტამინის რეცეპტორები თავის ტვინშიც კი არის. ამიტომ ყველა უჯრედისა და ორგანოთა სისტემისთვის არის ძალიან აუცილებელი.
ჩვენთან არის სახელმწიფო გაიდლაინი, სტანდარტი, რომლის მიხედვითაც ყველა ბავშვმა, არა აქვს მნიშვნელობა ძუძუთი იკვებება, თუ ხელოვნურზეა, ორ წლამდე უნდა მიიღოს D ვიტამინის პროფილაქტიკური დოზა, 2 წლის შემდეგ, მათ შორის მოზრდილების ჩათვლით, მნიშვნელოვანია და უკვე აქტუალური ხდება, რომ D ვიტამინი მივიღოთ სეზონურად, როცა მზე ვერ იქნება ამ ვიტამინის აქტიური წყარო.
არის გარკვეული საკვები, რომელიც შეგვივსებს მის დანაკლისს, თუმცა ეს საკმაოდ რთულია, რადგან ამ საკვების დიდი რაოდენობით მიღებაა საჭირო. მაგალითად, 10-15 კვერცხი უნდა მიიღოს ბავშვმა, რომ შეივსოს იმ დღის ნორმა D ვიტამინი, რაც წარმოუდგენელია. ამიტომ ხდება აქტუალური, რომ დანამატის სახით მიიღოს ბავშვმა ასაკის გათვალისწინებით შერჩეული დოზა. ეს ეხება ყველა ჯანმრთელ ბავშვს სეზონურად,'' - აღნიშნა ნინო ხელაძემ.
„სავალდებულო ვაქცინაციის შესახებ გადაწყვეტილების მიღებას პოლიტიკური პროცესი აყოვნებს,“ - ბიძინა კულუმბეგოვი
ალერგოლოგ-იმუნოლოგმა ბიძინა კულუმბეგოვმა საქართველოში ვაქცინაციის დაბალ ტემპზე ისაუბრა და ის სეგმენტები დაასახელა, რომლებიც ყველაზე მეტად იკავებენ თავს ვაქცინის გაკეთებისგან:
„მინდა გითხრათ ევროკავშირის მაგალითი, სადაც გააანალიზდა, სად არის ვაქცინებისადმი ყოყმანი, რომელ სეგმენტებშია. ადამიანებს, რომლებსაც აქვთ დაბალი განათლების დონე, მათში ყველაზე მეტია ვაქცინებისადმი უნდობლობა. ვაქცინებისადმი უნდობლობა მაღალია ასევე დაუსაქმებელ, უმუშევარი ადამიანების სეგმენტში. ჩვენ ვიცით, რა გავლენების გამო ხდება ეს ძირითადად. არ უნდა გამოვრიცხოთ რელიგიური კომპონენტის ნაწილიც. ჩვენი მართლმადიდებლური ეკლესია ამბობს, რომ არ ვერევით ამ საკითხში, მიუხედავად ამისა, ბევრი ეკლესიის წარმომადგენელი ადამიანებს ეუბნება, რომ არ გაიკეთოთ ეს ვაქცინები.“
ბიძინა კულუმბეგოვის თქმით, მხოლოდ ჯანდაცვის სამინისტრო ვერ გააკეთებს ვაქცინაციის წარმატებულ კამპანიას:
„სახელმწიფოს დააკლდა ის, რომ არ იყო პროაქტიული მოქმედება. არ შეიძლება, რომ მხოლოდ ჯანდაცვის სამინისტრომ ან დაავადებათა კონტროლის ცენტრმა გააკეთოს წარმატებული კამპანია. აქ ყველა ისე უნდა იყოს ჩართული, როგორც დღეს არიან არჩევნების პროცესში ჩართულები. დემოკრატიის შუქურად წოდებული ქვეყნები გარკვეულ სეგმენტებში განიხილავენ სავალდებულო ვაქცინაციას. მე ვფიქრობ, რომ ეს საკითხები კარგად გააზრებულია.“
„ამერიკის შეერთებულმა შტატებმა გადაწყვიტა ფედერალურ სამსახურებში დასაქმებული 80 მილიონამდე ადამიანის სავალდებულო ვაქცინაცია, ჯარის ვაქცინაცია. ბევრმა ქვეყანამ სამედიცინო პერსონალში შემოიღო სავალდებულო ვაქცინაცია. ჩვენმა ქვეყანამაც უნდა მიიღოს გადაწყვეტილება ამ სეგმენტების სავალდებულო ვაქცინაციის. სავალდებულო ვაქცინაციის შესახებ გადაწყვეტილების მიღებას პოლიტიკური პროცესი აყოვნებს და ალბათ, არჩევნების შემდეგ ეს გადაწყვეტილებები უფრო თამამად იქნება მიღებული,“ - აღნიშნულ საკითხებზე ბიძინა კულუმბეგოვმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „დღის თემა“ ისაუბრა.