როგორია D ვიტამინის პროფილაქტიკური დოზა ზრდასრულებსა და ბავშვებში? - აღნიშნულ თემაზე ბავშვთა ენდოკრინოლოგმა ნინო ხელაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „პირადი ექიმი - მარი მალაზონია“ ისაუბრა.
,,D ვიტამინი არ არის მხოლოდ ვიტამინი, ეს არის მნიშვნელოვანი ჰორმონი, რომელიც ადრე ეგონათ, რომ მხოლოდ ძვლის და კალციუმისთვის იყო აუცილებელი, თუმცა ახლა დამტკიცდა, რომ მას აქვს ძალიან მნიშვნელოვანი როლი იმუნური სისტემის გაძლიერებისთვის, ალერგიების პრევენციისთვის, სიმსუქნის შემთხვევაში, გულსისხლძარღვთა სისტემის და დიაბეტის პრევენციისთვის (პირველი ტიპის დიაბეტის პრევენციისთვისაც კი), ონკოლოგიური დაავადებების საწინააღმდეგოდ და ბევრი სხვა. აღმოჩნდა, რომ D ვიტამინის რეცეპტორები თავის ტვინშიც კი არის. ამიტომ ყველა უჯრედისა და ორგანოთა სისტემისთვის არის ძალიან აუცილებელი.
ჩვენთან არის სახელმწიფო გაიდლაინი, სტანდარტი, რომლის მიხედვითაც ყველა ბავშვმა, არა აქვს მნიშვნელობა ძუძუთი იკვებება, თუ ხელოვნურზეა, ორ წლამდე უნდა მიიღოს D ვიტამინის პროფილაქტიკური დოზა, 2 წლის შემდეგ, მათ შორის მოზრდილების ჩათვლით, მნიშვნელოვანია და უკვე აქტუალური ხდება, რომ D ვიტამინი მივიღოთ სეზონურად, როცა მზე ვერ იქნება ამ ვიტამინის აქტიური წყარო.
არის გარკვეული საკვები, რომელიც შეგვივსებს მის დანაკლისს, თუმცა ეს საკმაოდ რთულია, რადგან ამ საკვების დიდი რაოდენობით მიღებაა საჭირო. მაგალითად, 10-15 კვერცხი უნდა მიიღოს ბავშვმა, რომ შეივსოს იმ დღის ნორმა D ვიტამინი, რაც წარმოუდგენელია. ამიტომ ხდება აქტუალური, რომ დანამატის სახით მიიღოს ბავშვმა ასაკის გათვალისწინებით შერჩეული დოზა. ეს ეხება ყველა ჯანმრთელ ბავშვს სეზონურად,'' - აღნიშნა ნინო ხელაძემ.
5 საკვები პროდუქტი, რომელიც ბავშვის კვების რაციონიდან უნდა ამოვიღოთ - ენდოკრინოლოგი ლაშა უჩავა
ენდოკრინოლოგმა ლაშა უჩავამ მშობლებს ბავშვების ჯანმრთელობის დაცვისა და მოფრთხილებისთვის აუცილებელი წესები გააცნო:
„გაუკუღმართებულ ცხოვრების წესს, რომელიც, სამწუხაროდ, მოგვიტანა პანდემიამ, რომელსაც ვერ ავიცილებთ თავიდან, უნდა დავუპირისპირდეთ ჯანსაღი ცხოვრების წესით. ეს არის ჯერადი კვება დღის განმავლობაში და აუცილებლად ნახშირწყლების შეზღუდვა. მიუხედავად იმისა, რომ სახლის პირობებში გვიწევს ცხოვრება, ფიზიკური აქტივობა არის ძალიან მნიშვნელოვანი. სახლის პირობებშიც ბევრი ფიზიკური აქტივობის ჩატარება შეგვიძლია.“
ლაშა უჩავას თქმით, ბავშვის ფიზიკური აქტივობა მშობლებმა უნდა გააკონტროლონ:
„ფიზიკური აქტივობა უნდა გააკონტროლონ მშობლებმა. როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ 14 წლამდე ბავშვთა ასაკზე, აქ მხოლოდ მშობლები არიან დამნაშავეები და არავითარ შემთხვევაში ბავშვები. აქვე მინდა სტატისტიკური მონაცემების შესახებაც ვთქვა. თუ ჩვენ 80-90-იან წლებში ვსაუბრობდით, რომ ბავშვთა ასაკში განვითარებული მაღალი შაქრის ციფრები არის მხოლოდ შაქრიანი დიაბეტი ტიპი 1. სწორედ ამ ჭარბი წონის გამო, გაუკუღმართებული კვების გამო, ბავშვთა ასაკშიც უკვე გაჩნდა შაქრიანი დიაბეტი ტიპი 2.“
„ხუთი პროდუქტი, რომელსაც ბავშვები არასურველ შედეგებამდე მიჰყავს, შემდეგია: ტკბილი გაზიანი სასმელები, ბურგერი, შაურმა, ტკბილეული და ჩიფსები. ეს არის ყველაფერი ის, რაც ყველაზე მეტად უყვართ ბავშვებს,“ - აღნიშნულ საკითხზე ლაშა უჩავამ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გადაცემაში „სხვა შუადღე“ ისაუბრა.