როგორია D ვიტამინის პროფილაქტიკური დოზა ზრდასრულებსა და ბავშვებში? - აღნიშნულ თემაზე ბავშვთა ენდოკრინოლოგმა ნინო ხელაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „პირადი ექიმი - მარი მალაზონია“ ისაუბრა.
,,D ვიტამინი არ არის მხოლოდ ვიტამინი, ეს არის მნიშვნელოვანი ჰორმონი, რომელიც ადრე ეგონათ, რომ მხოლოდ ძვლის და კალციუმისთვის იყო აუცილებელი, თუმცა ახლა დამტკიცდა, რომ მას აქვს ძალიან მნიშვნელოვანი როლი იმუნური სისტემის გაძლიერებისთვის, ალერგიების პრევენციისთვის, სიმსუქნის შემთხვევაში, გულსისხლძარღვთა სისტემის და დიაბეტის პრევენციისთვის (პირველი ტიპის დიაბეტის პრევენციისთვისაც კი), ონკოლოგიური დაავადებების საწინააღმდეგოდ და ბევრი სხვა. აღმოჩნდა, რომ D ვიტამინის რეცეპტორები თავის ტვინშიც კი არის. ამიტომ ყველა უჯრედისა და ორგანოთა სისტემისთვის არის ძალიან აუცილებელი.
ჩვენთან არის სახელმწიფო გაიდლაინი, სტანდარტი, რომლის მიხედვითაც ყველა ბავშვმა, არა აქვს მნიშვნელობა ძუძუთი იკვებება, თუ ხელოვნურზეა, ორ წლამდე უნდა მიიღოს D ვიტამინის პროფილაქტიკური დოზა, 2 წლის შემდეგ, მათ შორის მოზრდილების ჩათვლით, მნიშვნელოვანია და უკვე აქტუალური ხდება, რომ D ვიტამინი მივიღოთ სეზონურად, როცა მზე ვერ იქნება ამ ვიტამინის აქტიური წყარო.
არის გარკვეული საკვები, რომელიც შეგვივსებს მის დანაკლისს, თუმცა ეს საკმაოდ რთულია, რადგან ამ საკვების დიდი რაოდენობით მიღებაა საჭირო. მაგალითად, 10-15 კვერცხი უნდა მიიღოს ბავშვმა, რომ შეივსოს იმ დღის ნორმა D ვიტამინი, რაც წარმოუდგენელია. ამიტომ ხდება აქტუალური, რომ დანამატის სახით მიიღოს ბავშვმა ასაკის გათვალისწინებით შერჩეული დოზა. ეს ეხება ყველა ჯანმრთელ ბავშვს სეზონურად,'' - აღნიშნა ნინო ხელაძემ.
„ვაქცინა ისევე უსაფრთხოა ბავშვებისთვის, როგორც ის უსაფრთხოა მოზრდილებისთვის,“ - ინფექციონისტი ალექსანდრე გოგინავა
ინფექციონისტმა ალექსანდრე გოგინავამ მოზარდების ვაქცინაციის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ბავშვებისთვის ვაქცინა უსაფრთხოა:
„პირველ რიგში, მინდა ავღნიშნო, რომ ვაქცინა არის სრულად უსაფრთხო იმ პოპულაციისთვის, რომელშიც ის დაშვებულია, მათ შორის მოზარდებისთვისაც. ეს დაამტკიცა ბევრმა კვლევამ. ამის მინდა ხაზი გავუსვა, რომ ყველამ გაიგოს, ვაქცინა ისევე უსაფრთხოა ბავშვებისთვის, როგორც ის უსაფრთხოა მოზრდილებისთვის.“
ალექსანდრე გოგინავას თქმით, საქართველოში, სავარაუდოდ, ბავშვების ვაქცინაციის დაბალი მაჩვენებელი იქნება:
„რა თქმა უნდა, როგორც მოზრდილ მოსახლეობაში გვაქვს ცუდი მაჩვენებელი, სამწუხაროდ, ვფიქრობ, რომ ბავშვების ვაქცინაციის ტემპიც არ იქნება მაღალი და იქნება დაბალი. ამიტომ, მნიშვნელოვანია მშობლებთან მუშაობა. მათ უნდა ავუხსნათ, რომ შვილებისა და ჩვენი თავის დასაცავად, უნდა ჩავიტაროთ აქტიურად ვაქცინაცია.“
„რატომ არის აუცილებელი მოზარდების ვაქცინაცია? სასწავლო წლის ჩვეულ რეჟიმში განახლებამ გამოიწვია სწრაფადვე ეპიდსიტუაციის გაუარესება. სკოლებში, სხვადასხვა სასწავლებლებში მობილობის გაზრდა პანდემიურ ვითარებაში იწვევს ეპიდსიტუაციის გაუარესებას. თუ ჩვენ ამ სეგმენტშიც კარგად ჩავატარებთ ვაქცინაციას, ეს ხელს შეუწყობს პანდემიის დროულად დასრულებას. ბავშვებში საკმაოდ სწრაფად ვრცელდება ვირუსი მათი ცხოვრების წესიდან გამომდინარე. ეს უკვე დადგენილია, რომ პანდემიის დასამარცხებლად მნიშვნელოვანია ყველა ასაკობრივ ჯგუფში აქტიურად ჩავატაროთ ვაქცინაცია,“ - აღნიშნულ საკითხზე ალექსანდრე გოგინავამ Euronews Georgia-ს ეთერში ისაუბრა.