როგორია D ვიტამინის პროფილაქტიკური დოზა ზრდასრულებსა და ბავშვებში? - აღნიშნულ თემაზე ბავშვთა ენდოკრინოლოგმა ნინო ხელაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „პირადი ექიმი - მარი მალაზონია“ ისაუბრა.
,,D ვიტამინი არ არის მხოლოდ ვიტამინი, ეს არის მნიშვნელოვანი ჰორმონი, რომელიც ადრე ეგონათ, რომ მხოლოდ ძვლის და კალციუმისთვის იყო აუცილებელი, თუმცა ახლა დამტკიცდა, რომ მას აქვს ძალიან მნიშვნელოვანი როლი იმუნური სისტემის გაძლიერებისთვის, ალერგიების პრევენციისთვის, სიმსუქნის შემთხვევაში, გულსისხლძარღვთა სისტემის და დიაბეტის პრევენციისთვის (პირველი ტიპის დიაბეტის პრევენციისთვისაც კი), ონკოლოგიური დაავადებების საწინააღმდეგოდ და ბევრი სხვა. აღმოჩნდა, რომ D ვიტამინის რეცეპტორები თავის ტვინშიც კი არის. ამიტომ ყველა უჯრედისა და ორგანოთა სისტემისთვის არის ძალიან აუცილებელი.
ჩვენთან არის სახელმწიფო გაიდლაინი, სტანდარტი, რომლის მიხედვითაც ყველა ბავშვმა, არა აქვს მნიშვნელობა ძუძუთი იკვებება, თუ ხელოვნურზეა, ორ წლამდე უნდა მიიღოს D ვიტამინის პროფილაქტიკური დოზა, 2 წლის შემდეგ, მათ შორის მოზრდილების ჩათვლით, მნიშვნელოვანია და უკვე აქტუალური ხდება, რომ D ვიტამინი მივიღოთ სეზონურად, როცა მზე ვერ იქნება ამ ვიტამინის აქტიური წყარო.
არის გარკვეული საკვები, რომელიც შეგვივსებს მის დანაკლისს, თუმცა ეს საკმაოდ რთულია, რადგან ამ საკვების დიდი რაოდენობით მიღებაა საჭირო. მაგალითად, 10-15 კვერცხი უნდა მიიღოს ბავშვმა, რომ შეივსოს იმ დღის ნორმა D ვიტამინი, რაც წარმოუდგენელია. ამიტომ ხდება აქტუალური, რომ დანამატის სახით მიიღოს ბავშვმა ასაკის გათვალისწინებით შერჩეული დოზა. ეს ეხება ყველა ჯანმრთელ ბავშვს სეზონურად,'' - აღნიშნა ნინო ხელაძემ.
„შენ ყიდულობ მანქანას შენი შვილისთვის, იმიტომ, რომ ის შენი მონა იყოს მერე... ასეთი რამე დაუშვებელია უბრალოდ,“ - თამარ გაგოშიძე
ნეიროფსიქოლოგმა თამარ გაგოშიძემ თანამედროვე სამყაროში ადამიანების მატერიალურ კეთილდღეობაზე მიჯაჭვულობის პრობლემაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მშობლები შვილებს ამ კუთხით ძალიან ანებივრებენ, რაც ბედნიერების მომტანი არ არის:
„ჩვენ ძალიან ვართ მატერიაზე მიწეპებული, ხალხო. ეს საწყალი მშობელი 24 საათი რომ მუშაობს, რათა თავისი შვილი უზრნუველყოს, ამაში არ არის ბედნიერება. ნაცნობმა უცხოელმა პროფესორმა ერთ ნაცნობ პროფესორს უთხრა, რა წარმატებული ახალგაზრდები გყოლიათ, საკუთარ მანქანებზე რომ სხედანო. ეს ვერ მიხვდა, რას ნიშნავს წარმატებული. მან იგულისხმა, რომ თვითონ შეიძინა ამ ახალგაზრდამ მანქანა. როდესაც გაიგო, რომ მშობლები ყიდულობენ, კაცი იყო გაოგნებული. ასეთი რამე დაუშვებელია უბრალოდ.“
„შენ ყიდულობ მანქანას შენი შვილისთვის, იმიტომ, რომ ის შენი მონა იყოს მერე და რაც გინდა, ის გაუკეთო. ეს არის ლოგიკა. გარიგება გაქვს. ძალიან ცუდ რაღაცებს ვიძახი ახლა მე. ვერ აცნობიერებს მშობელი ამას. უნდა, რომ კარგი გაუკეთოს ამ თავის შვილს, მაგრამ ისიც უნდა, რომ შვილი მისი ოცნებებით ცხოვრობდეს. ამიტომ მშობელს არ უხარია, ბავშვსაც არ უხარია ცხოვრება, არავის არ უხარია და ასეთ დეპრესიულ საზოგადოებაში აგრესია იქნება, აბა რა იქნება,“ - აღნიშნულ საკითხზე თამარ გაგოშიძემ რადიო „ფორტუნას“ ეთერში ისაუბრა.