როგორია D ვიტამინის პროფილაქტიკური დოზა ზრდასრულებსა და ბავშვებში? - აღნიშნულ თემაზე ბავშვთა ენდოკრინოლოგმა ნინო ხელაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „პირადი ექიმი - მარი მალაზონია“ ისაუბრა.
,,D ვიტამინი არ არის მხოლოდ ვიტამინი, ეს არის მნიშვნელოვანი ჰორმონი, რომელიც ადრე ეგონათ, რომ მხოლოდ ძვლის და კალციუმისთვის იყო აუცილებელი, თუმცა ახლა დამტკიცდა, რომ მას აქვს ძალიან მნიშვნელოვანი როლი იმუნური სისტემის გაძლიერებისთვის, ალერგიების პრევენციისთვის, სიმსუქნის შემთხვევაში, გულსისხლძარღვთა სისტემის და დიაბეტის პრევენციისთვის (პირველი ტიპის დიაბეტის პრევენციისთვისაც კი), ონკოლოგიური დაავადებების საწინააღმდეგოდ და ბევრი სხვა. აღმოჩნდა, რომ D ვიტამინის რეცეპტორები თავის ტვინშიც კი არის. ამიტომ ყველა უჯრედისა და ორგანოთა სისტემისთვის არის ძალიან აუცილებელი.
ჩვენთან არის სახელმწიფო გაიდლაინი, სტანდარტი, რომლის მიხედვითაც ყველა ბავშვმა, არა აქვს მნიშვნელობა ძუძუთი იკვებება, თუ ხელოვნურზეა, ორ წლამდე უნდა მიიღოს D ვიტამინის პროფილაქტიკური დოზა, 2 წლის შემდეგ, მათ შორის მოზრდილების ჩათვლით, მნიშვნელოვანია და უკვე აქტუალური ხდება, რომ D ვიტამინი მივიღოთ სეზონურად, როცა მზე ვერ იქნება ამ ვიტამინის აქტიური წყარო.
არის გარკვეული საკვები, რომელიც შეგვივსებს მის დანაკლისს, თუმცა ეს საკმაოდ რთულია, რადგან ამ საკვების დიდი რაოდენობით მიღებაა საჭირო. მაგალითად, 10-15 კვერცხი უნდა მიიღოს ბავშვმა, რომ შეივსოს იმ დღის ნორმა D ვიტამინი, რაც წარმოუდგენელია. ამიტომ ხდება აქტუალური, რომ დანამატის სახით მიიღოს ბავშვმა ასაკის გათვალისწინებით შერჩეული დოზა. ეს ეხება ყველა ჯანმრთელ ბავშვს სეზონურად,'' - აღნიშნა ნინო ხელაძემ.
თუ გსურთ, რომ ბავშვის ქცევა გამოსწორდეს, დილით მისი გაღვიძების სწორი ფორმა შეარჩიეთ
დილით გაღვიძების ფორმა ადამიანის დღეს და მის განწყობას მნიშვნელოვნად განსაზღვრავს. ზრდასრულებს კარგად გვესმის, რომ ძილის ხარისხი და დილის განწყობა ჩვენს ხასიათზე გავლენას ახდენს. აღნიშნული წესები ბავშვების შემთხვევაშიც სწორედ ასევე მოქმედებს.
მშობლები ბავშვის გაღვიძებისას დადებით და მხიარულ განწყობაზე უნდა იყვნენ. ეს ბავშვებზეც პოზიტიურად აისახება და მათი დღე სასიამოვნოდ დაიწყება.
მშობლებმა დილით ბავშვებზე ოცი წუთით ადრე მაინც უნდა გაიღვიძონ, რათა ბავშვს მომზადებულები დახვდნენ და საჭიროების შემთხვევაში ნებისმიერი დახმარება აღმოუჩინონ. ბავშვის საგარეო ტანისამოსი წინა ღამით გაამზადეთ, დაეხმარეთ ბავშვს ჩანთის ჩალაგებაში და დარწმუნდით, რომ თქვენს შვილს სკოლის დავალებები მომზადებული აქვს.
არცერთ ზრდასრულს არ სურს, რომ დასტრესილმა ნაჩქარევად გაიღვიძოს, როდესაც დილით სადღაც მიდის. ანალოგიური წესი მოქმედებს ბავშვების შემთხვევაშიც. აუცილებლად გამონახეთ დრო, რომ საწოლიდან ბავშვებზე ადრე ადგეთ, რათა ისინი მშვიდად და აუჩქარებლად გააღვიძოთ. დილით დადებითი ემოციებითა და თბილი განწყობით გაღვიძებული ბავშვი მთელი დღის განმავლობაში მეტად პროდუქტიული და მშვიდი იქნება.