როგორია D ვიტამინის პროფილაქტიკური დოზა ზრდასრულებსა და ბავშვებში? - აღნიშნულ თემაზე ბავშვთა ენდოკრინოლოგმა ნინო ხელაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „პირადი ექიმი - მარი მალაზონია“ ისაუბრა.
,,D ვიტამინი არ არის მხოლოდ ვიტამინი, ეს არის მნიშვნელოვანი ჰორმონი, რომელიც ადრე ეგონათ, რომ მხოლოდ ძვლის და კალციუმისთვის იყო აუცილებელი, თუმცა ახლა დამტკიცდა, რომ მას აქვს ძალიან მნიშვნელოვანი როლი იმუნური სისტემის გაძლიერებისთვის, ალერგიების პრევენციისთვის, სიმსუქნის შემთხვევაში, გულსისხლძარღვთა სისტემის და დიაბეტის პრევენციისთვის (პირველი ტიპის დიაბეტის პრევენციისთვისაც კი), ონკოლოგიური დაავადებების საწინააღმდეგოდ და ბევრი სხვა. აღმოჩნდა, რომ D ვიტამინის რეცეპტორები თავის ტვინშიც კი არის. ამიტომ ყველა უჯრედისა და ორგანოთა სისტემისთვის არის ძალიან აუცილებელი.
ჩვენთან არის სახელმწიფო გაიდლაინი, სტანდარტი, რომლის მიხედვითაც ყველა ბავშვმა, არა აქვს მნიშვნელობა ძუძუთი იკვებება, თუ ხელოვნურზეა, ორ წლამდე უნდა მიიღოს D ვიტამინის პროფილაქტიკური დოზა, 2 წლის შემდეგ, მათ შორის მოზრდილების ჩათვლით, მნიშვნელოვანია და უკვე აქტუალური ხდება, რომ D ვიტამინი მივიღოთ სეზონურად, როცა მზე ვერ იქნება ამ ვიტამინის აქტიური წყარო.
არის გარკვეული საკვები, რომელიც შეგვივსებს მის დანაკლისს, თუმცა ეს საკმაოდ რთულია, რადგან ამ საკვების დიდი რაოდენობით მიღებაა საჭირო. მაგალითად, 10-15 კვერცხი უნდა მიიღოს ბავშვმა, რომ შეივსოს იმ დღის ნორმა D ვიტამინი, რაც წარმოუდგენელია. ამიტომ ხდება აქტუალური, რომ დანამატის სახით მიიღოს ბავშვმა ასაკის გათვალისწინებით შერჩეული დოზა. ეს ეხება ყველა ჯანმრთელ ბავშვს სეზონურად,'' - აღნიშნა ნინო ხელაძემ.
„ინტერნეტ სივრცეში არის სპეციალური ანიმაციები, რომლებიც ბავშვის სიტყვათა მარაგის განვითარებას უწყობს ხელს,“ - ადრეული განათლების ექსპერტი ნანა გეგელაშვილი
ადრეული განათლების ექსპერტმა ნანა გეგელაშვილმა ბავშვების სიტყვის მარაგის გამდიდრების ტექნიკებზე ისაუბრა. მისი თქმით, ოჯახებში, სადაც ცოტას საუბრობენ, ბავშვებს მწირი სიტყვის მარაგი აქვთ:
„კვლევებმა აჩვენა, რომ ოჯახები ლინგვისტური კულტურით ერთმანეთისგან განსხვავდებიან. არიან ოჯახები, რომლებიც მთელი დღის განმავლობაში თუ ერთი საათი ელაპარაკნენ ბავშვს, 2000 სიტყვას დებენ ამ ერთ საათში. ოჯახები, რომლებშიც უფრო ცოტას ლაპარაკობენ, 600 სიტყვას სთავაზობენ ბავშვს. დიდი მნიშვნელობა აქვს პოზიტიურ სიტყვებსაც. ათ სიტყვაში თუ ცხრა პოზიტივია, ეს ბევრად უკეთესია.“
ნანა გეგელაშვილის თქმით, ნორმალურ პირობებში სამი წლის ბავშვის ტვინს ოთხი მილიონი სიტყვა აქვს გაგებული:
„დათვლილია, რომ სამი წლის პერიოდში ბავშვების ტვინს ოთხი მილიონი სიტყვა აქვს გაგებული. იმ ოჯახების ბავშვებს კი, ვისაც ცოტას ესაუბრებიან - ერთი მილიონი. სამი მილიონი სიტყვა არის განსხვავება. კვლევებით დგინდება, რომ ბაღის ასაკში სამი წლის ბავშვმა თუ იცის 1500 სიტყვა, იმ ოჯახების ბავშვებმა, სადაც ნაკლებს საუბრობენ, იციან 500 სიტყვა. ეს პირდაპირ აისახება სასკოლო ასაკში. სიტყვის მარაგი თუ მწირი აქვს ბავშვს, კითხვა მისთვის არის წვალება.“
„ინტერნეტ სივრცეში არის სპეციალური ანიმაციები, რომლებიც ბავშვის სიტყვათა მარაგის განვითარებას უწყობს ხელს. თითქოს ეს მარტივი ანიმაციებია, მაგრამ ამის უკან ნეირომეცნიერება დგას. ასეთია მაგალითად „3 შაშვის“ ანიმაცია. „ს“-სა და „შ“-ს შორის განსხვავება ბავშვებს ხშირად უჭირთ. ეს ვითომ გასართობი ანიმაციაა, მაგრამ არის ტექნოლოგია. ასევე არის „ხარის“ ანიმაცია, სადაც ტექსტი არის გარითმული. ბავშვს ძალიან მოსწონს გარითმვა. თამაშების სახით მშობლებმა რომ გაალექსინონ ბავშვს სიტყვები, ძალიან კარგია. ერთი პატარა ანიმაციით ბავშვი უკვე ექვს სიტყვას სწავლობს,“- აღნიშნულ საკითხზე ნანა გეგელაშვილმა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გადაცემაში „სხვა შუადღე“ ისაუბრა.