როგორია D ვიტამინის პროფილაქტიკური დოზა ზრდასრულებსა და ბავშვებში? - აღნიშნულ თემაზე ბავშვთა ენდოკრინოლოგმა ნინო ხელაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „პირადი ექიმი - მარი მალაზონია“ ისაუბრა.
,,D ვიტამინი არ არის მხოლოდ ვიტამინი, ეს არის მნიშვნელოვანი ჰორმონი, რომელიც ადრე ეგონათ, რომ მხოლოდ ძვლის და კალციუმისთვის იყო აუცილებელი, თუმცა ახლა დამტკიცდა, რომ მას აქვს ძალიან მნიშვნელოვანი როლი იმუნური სისტემის გაძლიერებისთვის, ალერგიების პრევენციისთვის, სიმსუქნის შემთხვევაში, გულსისხლძარღვთა სისტემის და დიაბეტის პრევენციისთვის (პირველი ტიპის დიაბეტის პრევენციისთვისაც კი), ონკოლოგიური დაავადებების საწინააღმდეგოდ და ბევრი სხვა. აღმოჩნდა, რომ D ვიტამინის რეცეპტორები თავის ტვინშიც კი არის. ამიტომ ყველა უჯრედისა და ორგანოთა სისტემისთვის არის ძალიან აუცილებელი.
ჩვენთან არის სახელმწიფო გაიდლაინი, სტანდარტი, რომლის მიხედვითაც ყველა ბავშვმა, არა აქვს მნიშვნელობა ძუძუთი იკვებება, თუ ხელოვნურზეა, ორ წლამდე უნდა მიიღოს D ვიტამინის პროფილაქტიკური დოზა, 2 წლის შემდეგ, მათ შორის მოზრდილების ჩათვლით, მნიშვნელოვანია და უკვე აქტუალური ხდება, რომ D ვიტამინი მივიღოთ სეზონურად, როცა მზე ვერ იქნება ამ ვიტამინის აქტიური წყარო.
არის გარკვეული საკვები, რომელიც შეგვივსებს მის დანაკლისს, თუმცა ეს საკმაოდ რთულია, რადგან ამ საკვების დიდი რაოდენობით მიღებაა საჭირო. მაგალითად, 10-15 კვერცხი უნდა მიიღოს ბავშვმა, რომ შეივსოს იმ დღის ნორმა D ვიტამინი, რაც წარმოუდგენელია. ამიტომ ხდება აქტუალური, რომ დანამატის სახით მიიღოს ბავშვმა ასაკის გათვალისწინებით შერჩეული დოზა. ეს ეხება ყველა ჯანმრთელ ბავშვს სეზონურად,'' - აღნიშნა ნინო ხელაძემ.
რა უნდა გავაკეთოთ, რომ თავიდან ავირიდოთ ნაღვლის ბუშტის პრობლემები? - ენდოკრინოლოგ-ნუტრიციოლოგ თინათინ კაჭარავას რჩევები
დღეს სამშაბათია და მედიაპორტალი MomsEdu.ge ტრადიციულ რუბრიკას - ენდოკრინოლოგის რეკომენდაციებს წარმოგიდგენთ. საქართველოში განსაკუთრებით დღესასწაულების შემდგომ აქტუალური ხდება ნაღვლის ბუშტის პრობლემები და ამ მხრივ ჩივილები - როგორიცაა: დისკომფორტი მარჯვენა ფერდქვეშა არეში, გულისრევის შეგრძნება, ღებინება, მუცლის შებერილობა,შეკრულობა - ფაღარათის მონაცველეობა, უსიამოვნო გამო პირის ღრუში და სხვა. რა უნდა გავაკეთოთ, რომ თავიდან ავირიდოთ ნაღვლის ბუშტის პრობლემები. ამჯერად ამ თემაზე მოგაწვდით კომპეტენტურ ინფორმაციას ენდოკრინოლოგ-ნუტრიციოლოგი თინათინ კაჭარავა.
მიუხედავად იმისა გაწუხდებთ თუ არა ზემოთ აღნიშნული ჩივილები, ყოველთვის რეკომენდებულია თქვენი სხეულის ჯანმრთელი წონის შენარჩუნება და საკვების მიღება, რომელიც შეიცავს მცირე ოდენობით ცხიმებს, არის ზომიერი კალორიულობის და მდიდარია ბოჭკოებით (მცენარეული საკვები).
ქვემოთ ჩამოთვლილია საკვები, რომელიც არ აღიზიანებს ნაღვლის ბუშტს და მოაქვს სარგებელი ჯანმრთელობისთვის:
ახალი ხილი და ბოსტნეული
მთელი მარცვლეული (მთლიანი ხორბლის პური, ყავისფერი ბრინჯი, შვრია, ქატოს ბურღულეული)
უცხიმო საქონლის ხორცი, ფრინველის ხორცი და თევზი
უცხიმო რძის პროდუქტები
რომელი საკვები უნდა შევზღუდოთ რაციონში ნაღვლის ბუშტის პრობლემების დროს? - შეეცადეთ თავიდან აიცილოთ ან შეზღუდოთ:
შემწვარი საკვები
მცენარეული ზეთების ჭარბი მოხმარება
საკონდიტრო ნაწარმი
ცხიამიანი წითელი ხორცი
ტრანსცხიმების შემცველი საკვები ( „სწრაფი კვება“)
ალკოჰოლი
თამბაქო
სწორი საკვების მიღება დაგეხმარებათ თავიდან აირიდოთ ნაღვლის ბუშტის პრობლემები და ასევე შეინარჩუნოთ ჯანმრთელობა!