როგორია D ვიტამინის პროფილაქტიკური დოზა ზრდასრულებსა და ბავშვებში? - აღნიშნულ თემაზე ბავშვთა ენდოკრინოლოგმა ნინო ხელაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „პირადი ექიმი - მარი მალაზონია“ ისაუბრა.
,,D ვიტამინი არ არის მხოლოდ ვიტამინი, ეს არის მნიშვნელოვანი ჰორმონი, რომელიც ადრე ეგონათ, რომ მხოლოდ ძვლის და კალციუმისთვის იყო აუცილებელი, თუმცა ახლა დამტკიცდა, რომ მას აქვს ძალიან მნიშვნელოვანი როლი იმუნური სისტემის გაძლიერებისთვის, ალერგიების პრევენციისთვის, სიმსუქნის შემთხვევაში, გულსისხლძარღვთა სისტემის და დიაბეტის პრევენციისთვის (პირველი ტიპის დიაბეტის პრევენციისთვისაც კი), ონკოლოგიური დაავადებების საწინააღმდეგოდ და ბევრი სხვა. აღმოჩნდა, რომ D ვიტამინის რეცეპტორები თავის ტვინშიც კი არის. ამიტომ ყველა უჯრედისა და ორგანოთა სისტემისთვის არის ძალიან აუცილებელი.
ჩვენთან არის სახელმწიფო გაიდლაინი, სტანდარტი, რომლის მიხედვითაც ყველა ბავშვმა, არა აქვს მნიშვნელობა ძუძუთი იკვებება, თუ ხელოვნურზეა, ორ წლამდე უნდა მიიღოს D ვიტამინის პროფილაქტიკური დოზა, 2 წლის შემდეგ, მათ შორის მოზრდილების ჩათვლით, მნიშვნელოვანია და უკვე აქტუალური ხდება, რომ D ვიტამინი მივიღოთ სეზონურად, როცა მზე ვერ იქნება ამ ვიტამინის აქტიური წყარო.
არის გარკვეული საკვები, რომელიც შეგვივსებს მის დანაკლისს, თუმცა ეს საკმაოდ რთულია, რადგან ამ საკვების დიდი რაოდენობით მიღებაა საჭირო. მაგალითად, 10-15 კვერცხი უნდა მიიღოს ბავშვმა, რომ შეივსოს იმ დღის ნორმა D ვიტამინი, რაც წარმოუდგენელია. ამიტომ ხდება აქტუალური, რომ დანამატის სახით მიიღოს ბავშვმა ასაკის გათვალისწინებით შერჩეული დოზა. ეს ეხება ყველა ჯანმრთელ ბავშვს სეზონურად,'' - აღნიშნა ნინო ხელაძემ.
„როდესაც დედა ხდები, მოდის უშიშრობა: ოღონდ ჩემი შვილები იყვნენ კარგად და ჩემი თავი ჯანდაბას,“ - ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე
ფსიქოლოგმა ნათია ფანჯიკიძემ დედობის დადებით მახასიათებლებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მშობლობა ადამიანს ფუნდამენტურ და ყველზე დიდ შიშს ამარცხებინებს:
„როდესაც დედა ხდები, მოდის უშიშრობა. შენ ფიქრობ: „ოღონდ ჩემი შვილები იყვნენ კარგად და ჩემი თავი ჯანდაბას.“ დამარცხებულია რაღაც ყველაზე დიდი, ფუნდამენტური შიში. ეს შიში ისევ ცოცხალია, უბრალოდ გადატანილია უკვე სხვა ადამიანზე, რომელიც შენს თავზე უფრო ძვირფასი ხდება.“
ნათია ფანჯიკიძის თქმით, ქრისტიანული მოდელის მიხედვით მშობელი გამტარია და შვილი ამქვეყნად ღმერთის ნებით არის მოვლენილი:
„ეს ფილოსოფია განაპირობებს პირველ რიგში იმას, რომ ვიცოდეთ: შვილები ჩვენი საკუთრება არ არიან. ჩვენ უბრალოდ გვერგო პატივი, რომ ვიზრუნოთ მათ უსაფრთხოებაზე მანამ, სანამ ისინი არიან პატარები და პატივი ვცეთ მათ აბსოლუტურ ავტონომიას. დედობა პირად განცდაში, რა თქმა უნდა, უძვირფასესი რამ არის, როდესაც შენ გრძნობ, როგორ შეიძლება გიყვარდეს ვიღაც შენს თავზე მეტად, არსებობს ცოცხალი ადამიანი, რომლის გამოც შენ მზად ხარ გასცე შენი ორგანოებიც, სიცოცხლეც ერთ წამში. მერე ამის განზოგადება თუ შეგიძლია ზოგადად კაცობრიობაზე და მხოლოდ შენს შვილებში არ იკეტები, ეს უკვე ძალიან მაღალი განვითარების შედეგია. განვითარებასთან შეხება პირველ რიგში ხდება შვილის გავლით, თუ როგორ შეიძლება გიყვარდეს სხვა შენს თავზე მეტად,“- აღნიშნა ნათია ფანჯიკიძემ.