Baby Bag

რა ასაკში ვითარდება ყველაზე ხშირად კრუპი, როგორ ამოვიცნოთ და რატომ უწოდებენ კრუპს „ცრუს“? - თემაზე პედიატრი თათია სხირტლაძე საუბრობს

რა ასაკში ვითარდება ყველაზე ხშირად კრუპი, როგორ ამოვიცნოთ და რატომ უწოდებენ კრუპს „ცრუს“? - თემაზე პედიატრი თათია სხირტლაძე საუბრობს

რა ასაკში ვითარდება ყველაზე ხშირად კრუპი, როგორ ამოვიცნოთ და რატომ უწოდებენ კრუპს „ცრუს“? - ამ თემაზე MomsEdu.ge-ს პედიატრი თათია სხირტლაძე ესაუბრა.

- რა არის კრუპი?

- კრუპი ნიშნავს შეცვლილ ხმიანობას, რომელიც ვითარდება ზედა სასუნთქი გზების, უპირატესად ხორხის, ხორხქვეშა მიდამოსა და მბგერავი იოგებისშეშუპების შედეგად, რაც განაპირობებს აღნიშნული მიდამოს დიამეტრის შევიწროებას და შედეგადქმნის დამახასითებელ კლინიკურ ნიშნებს. ეს კლინიკური ნიშნებია: მყეფავი ხასიათის ხველა, ხმის ტემბრის ცვლილება დახმაურიანი ჩასუნთქვა, ანუ ინსპირაციული სტრიდორი.

- რა იწვევს კრუპს და როგორ ხდება მისი გავრცელება?

-კრუპი, ძირითადად, ვირუსული ეტიოლოგიისაა და დაახლოებით 75%-ში იწვევეს პარაგრიპის ვირუსი, რომელიც გადაედება ბავშვს ვირუსული ინფექციის მქონე პირისგან ჰაერ-წვეთოვანი გზით, ანუ ხველების და ცემინების შედეგად.

- რა ასაკში ვითარდება ყველაზე ხშირად კრუპი და ახასიათებს თუ არა სეზონურობა?

- კრუპი ძირითადად ემართებათ6 თვიდან 6 წლამდე ასაკის ბავშვებს.6 წლის ასაკის ზემოთ კრუპის მსგავსი სიმპტომების არსებობის შემთხვევაში განხილული უნდა იქნას ზედა სასუნთქი გზების ანატომიური დეფექტის არსებობა. კრუპიუპირატესად გვიან შემოდგომასა და ადრეულ გაზაფხულზეა, თუმცა გვხდება მთელი წლის განმავლობაშიც.

- როგორ ამოვიცნოთ კრუპი?

- დაავადება იწყება ზედა სასუნთქი გზების ინფექციისთვის დამახასიათხებელი მსუბუქი, ე.წ. გაციების ნიშნებით, როგორიცაა: ყელის ტკივილი,ცხვირით სუნთქვის გაძნელება, ერთეული ხველა, დაბალი ტემპერატურა. ხოლო კრუპისთვის დამახასიათებელი კლინიკური ნიშნები: ხმაურიანი ჩასუნთქვა, მყეფავი ხველა და ხმის ტემბრის ცვლილება ვლინდება ღამით, რომელიც აღვიძებს ბავშვს.

- რა არის კრუპის მკურნალობადა როდის უნდა მივმართოთ ექიმს,ან გამოვიძახოთ სასწრაფო სამედიცინო დახმარება?

- კრუპს ახასიათებს მსუბუქი, საშუალო და მძიმე მიმდინარეობა.

მსუბუქი მიმდინარეობის კრუპის დროს შესაძლებელია ბინაზე მკურნალობა. ხმის ტემბრი შეცვლილია, მაგრამბავშვის ზოგადი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, იღებს სითხეს დაჩასუნთქვის გაძნელება ვლინდება მხოლოდ დატვირთვის დროს.

ბინაზედახმრება მოიცავს შემდეგ ღონისძიებებს:

  • შევუქმნათ მაქსიმალურად კომფორტული გარემო;
  • დაამშვიდეთ, ეცადეთ ბევრი არ იტიროს;
  • გაიყვანეთ გარეთ ან გამოაღეთ ფანჯარა და ასუნთქეთ გრილი ტენიანი ჰაერი;
  • დაალევინეთ თბილი სითხეები;
  • ცხელების შემთხვევაში გამოიყენეთ პარაცეტამოლი ან იბუპროფენი;
  • დარჩით ბავშვთან და აკრძალეთ თამბაქოს მოწევა მასთან ახლოს.

გამოიძახეთ სასწრაფო სამედიცინო დახმარება, თუ სახეზეა კრუპის საშუალო ან მძიმე ფორმა:

  • მყეფავი ხველა;
  • ჩასუნთქვის გაძნელება ვლინდებამოსვენებულ მდგომარეობაში;
  • სუნთქვაში მონაწილებს გულმკერდის კუნთები (ნეკნების ჩადრეკვა);
  • გამოხატულია აგზნება, სიფერმკრთალე ან ძილიანობა;

სასწრაფოს ექიმი მიაწვდის ჟანგბადს და წამალს ინჰალაციის გზით შეშუპების მოსახსნელად.

- და ბოლოს, რატომ უწოდებენ კრუპს „ ცრუს“?

- ცრუ კრუპი ნიშნავს, რომ არსებობს ჭეშმარიტი კრუპიც ანუ დიფტერიით განპირობებული. მათ მსგავსი კლინიკური ნიშნები ახასიათებთ, მაგრამ გამომწვევი არის სხვადასხვა. ჭეშმარიტი კრუპის დროს მძიმე ბაქტერიული ინფექცია- დიფტერია იწვევს ნადების განვითარებას ხორხში, რაც ავიწროებს ხორხის სანათურს, საჭიროებს სასწრაფო გადაუდებელ დახამრებას და მკურნალობის დაწყებას. ხოლო ცრუ, იგივე ვირუსული კრუპის დროს, როგორც ვახსენეთ, ხორხის შევიწროების მიზეზი არისლორწოვანის შეშუპება.დიფტერიული კრუპი გეგმიური ასაკობრივი აცრების სრულყოფილად ჩატარების შედეგადბოლო ათწლეულების განმავლობაშიფაქტობრივად აღარ გვხვდება. 

ესაუბრა მარიამ ჩოქური

შეიძლება დაინტერესდეთ

საყურადღებოა თუ არა ძილის დროს შეკრთომები და უნებლიე მოძრაობები ბავშვებში? - ბავშვთა ნევროლოგი ნინო თარხნიშვილი

ბავშვთა ნევროლოგმა ნინო თარხნიშვილმა ბაშვებში გავრცელებული უნებლიე მოძრაობებისა და ძილის დროს შეკრთომების შესახებ ისაუბრა:

„უმეტესი შემთხვევა ასაკობრივი ნორმის ვარიანტია. ზედმეტი, უნებლიე მოძრაობები მიჰყვება ყველა ასაკს. გამოყოფილია ძილისა და სიფხიზლის ზედმეტი მოძრაობები. ჩვილების უმრავლესობა ძირითად დროს ატარებს ძილში. ძილის დროს ხშირად არის ხოლმე შეკრთომები. შეიძლება იყოს ერთეული შეკრთომები მხოლოდ, ერთი ხელის შეკრთომა, ცალი ფეხის შეკრთომა, შესაძლოა, შეკრთომებს განმეორებითი ხასიათი ჰქონდეს და ხშირად ეს ძილის პერიოდს მოიცავს. ხშირ შემთხვევაში არის ხოლმე, რომ შეკრთომები იმდენად განმეორებითია, ეს მშობელს აშინებს და ამის გამო კითხვით მოგვმართავენ.

ეს არის ჩაძინებისა და ზერელე ძილის ფენომენი. ამ მოდუნების პერიოდში, სანამ ბოლომდე მოეშვება ორგანიზმი და გადავა უკვე ღრმა ძილის ფაზაში, სწორედ ამ დროს ხდება შეკრთომების ეპიზოდები, რომლებიც აბსოლუტურად ფიზიოლოგიურ მომენტს წარმოადგენს. ჩვილებში ძილის სტადიები ისე კარგად დალაგებული არ არის, როგორც მოზრდილებში, თუმცა დაახლოებით მსგავსი ფენომენია. ჩაძინებისას შეკრთომები ყველა ასაკშია. ძილი ერთი უსასრულო პროცესი არ არის. ის სტადიებს მოიცავს და ამ სტადიების მონაცვლეობა კავშირშია ზედმეტ სხვადასხვა ტიპის მოძრაობასთან. ღრმა ძილის სტადიას კიდევ თავისი მოძრაობები ახასიათებს. მონაცვლეობის დროს, როდესაც ერთი სტადია გადადის მეორეში, ეს შეიძლება დაკავშირებული იყოს სხვადასხვა სახის კლინიკურ გამოვლენასთან.

აუცილებლად უნდა ვიყოთ ფრთხილად. ჩვენ ყოველთვის ვაძლევთ რეკომენდაციას, რომ ნებისმიერი მოძრაობა, რომელიც არ მოსწონს მშობელს, რომელზეც ფიქრობს, რომ ჩვეულებრივ მოძრაობაზე ცოტა მეტია, აიღოს ტელეფონი და გადაიღოს კამერით. ეს გვეხმარება ჩვენ, რომ ობიექტურად შევაფასოთ, არის ეს საყურადღებო, არის ეს საშიში, თუ არის ჩვეულებრივი ფიზიოლოგიური ნორმა,“ - მოცემულ საკითხზე ნინო თარხნიშვილმა ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „იმედის დილა“ ისაუბრა.

წყარო: ​„იმედის დილა“ 

წაიკითხეთ სრულად