Baby Bag

რატომ ვითარდება ლორდოზი, რა სიმპტომებით ხასიათდება და როგორ ხდება დიაგნოზის დასმა?

რატომ ვითარდება ლორდოზი, რა სიმპტომებით ხასიათდება და როგორ ხდება დიაგნოზის დასმა?

რატომ ვითარდება ლორდოზი, რა სიმპტომებით ხასიათდება და როგორ ხდება დიაგნოზის დასმა? - ამ და სხვა საკითხებზე ​MomsEdu.ge-ს ბავშვთა ორთოპედი ამირან შარაბიძე ესაუბრა.

- რატომ ვითარედება ლორდოზი?

- დავიწყოთ განმარტებით - ლორდოზი, ესაა ხერხემლის სვეტის ფიზიოლოგიური მრუდი, რომელიც შედრეკილია სხეულისკენ. ფიზიოლოგიურად არსებობს ორი, წელის და კისრის ლორდოზი. როდესაც ეს ნადრეკი ზომაზე მეტია, უწოდებენ ჰიპერლორდოზს, როდესაც მცირე - ჰიპოლორდოზს. ყველაზე მეტად გავრცელებულია წელის, ანუ ლუმბალური ჰიპერლოდოზი. ის შეიძლება იყოს კონსტიტუციური, თანდაყოლილი, როგორც ანატომიური თავისებურება ან შეძენილი, რომელიც გარკვეული პათოლოგიის ან ხელშემწყობი ფაქტორის გამო ვითარდება.

შეძენილი ლუმბალური ჰიპერლორდოზის გამომწვევი ბევრი მიზეზი არსებობს: კუნთების ჰიპოტონია, ხერხემლის კომპენსაციურიგამრუდება, ბავშვის ჩონჩხის სწრაფი ზრდა, მენჯ-ბარძაყის სახსრების დისპლაზია ან მალფორმაცია, სხეულის ხანგრძლივად არასწორ პოზიციაში ყოფნა, მალთაშუა თიაქარი, სიმსივნური წარმონაქმნები, ინფექციური ან ნევროლოგიური დაავადებები, რაქიტი და სხვა ოსტეოარტიკულარული დაავადებები.

შეძენილი ლუმბალური ჰიპერლორდოზის გამომწვევი მიზეზი ასევე შეიძლება გახდეს ორსულობა, ჭარბი წონა ან სიმსუქნე, ზურგის ტრავმები, მაღალქუსლიანი ფეხსაცმლის ხშირი და ხანგრძლივი გამოყენება, კუნთების სისუსტე, ოსტეოპოროზი.

- რა სიმპტომებით ხასიათდება?

- ზომიერად გამოხატული ჰიპერლორდოზი უხშირესად უსიმპტომოდ მიმდინარეობს და ის შეიძლება შეუმჩნეველიც კი დარჩეს. თუმცა, მკვეთრად გამოხატული ფორმის არსებობისას, წელის მალების კომპრესია დროთა განმავლობაში იწვევს ლოკალურ, განმეორებად ანთებებს, დაბუჟების და ტკივილის შეგრძნებას ზურგის, ზედა და ქვედა კიდურების არეში.

- როგორ ხდება დიაგნოზის დასმა?

- დიაგნოზის დასმა ხდება კლინიკური გასინჯვის საფუძველზე, რაც პირველ რიგში, გულისხმობს ორთოპედის მიერ ტანდეგობის გულდასმით შეფასებას, დეფორმაციის ზონების და ხარისხის ზუსტ განსაზღვრას, ამის შემდეგ დიაგნოზი უნდა დადასტურდეს ხერხემლის სვეტის რენტგენოლოგიური კვლევით. თუმცა, მეორადი პირელორდოზი გამოხატული კლინიკური ნიშნით, მოითხოვს უფრო ღრმა კვლევას, რათა დადგინდეს მისი გამომწვევი ზუსტი მიზეზი და განისაზღვროს მკურნალობის შემდგომი ტაქტიკა.

- როგორ მკურნალობენ მას?

- მკურნალობის მეთოდი ინდივიდუალურად ირჩევა და ის დიდწილად დამოკიდებულია დაავადების გამომწვევ მიზეზზე, თუმცა, ზოგადად ის მიმართულია სიმპტომების შემცირებისკენ. ესენია: ანალგეზიური, მიორელაქსაციური და ანთების საწინააღმდეგო პრეპარატები. ჭარბწონიანობის შემთხვევაში წონის კორექცია, კინეზოთერაპია, კუნთების ელასტიურობის და ძალის შენარჩუნების მიზნით. ზოგიერთ შემთხვევაში შესაძლებელოა საჭირო გახდეს სპეციალური კორსეტის გამოყენება, რათა თავიდან იქნეს აცილებული დაავადების შემდგომი გამწვავება. იშვიათად საჭირო ხდება ქირურგიული ჩარევა, რათა მოხდეს გამომწვევი მიზეზის მოშორება.

თუმცა, მკურნალობაზე მარტივი გზაა დაავადების პრევენცია, რაც გულისხმობს: სხეულის არასწორ პოზიციაში ხანგრძლივად ყოფნის თავიდან არიდებას, წონის კონტროლს, რეგულარულ ვარჯიშს კუნთოვანი ტონუსის შენარჩუნების მიზნით, მაღალქუსლიანი ფეხსაცმელის ხანგრძლივად და ხშირად გამოყენებისგან თავის შეკავებას.

ესაუბრა მარიამ ჩოქური 

შეიძლება დაინტერესდეთ

„დედა თუ მშვიდად არის, თუ ზრუნვის ქვეშაა და კომფორტულადაა, ეს გადადის ბავშვზეც,“ - ფსიქოლოგი ირინა ტაბუციძე

„დედა თუ მშვიდად არის, თუ ზრუნვის ქვეშაა და კომფორტულადაა, ეს გადადის ბავშვზეც,“ - ფსიქოლოგი ირინა ტაბუციძე

ფსიქოლოგმა ირინა ტაბუციძემ ბავშვის ცხოვრების პირველ თვეებსა და წლებში დედასთან ყოფნის მნიშვნელობაზე ისაუბრა:

„პირველ წლებს და პირველ თვეებს დედა ბავშვს სჭირდება ფიზიკურად, რომ ის ბიოლოგიური კავშირი, რაც მუცლადყოფნის პერიოდიდან მოჰყვება, შენარჩუნებული იყოს, მშვიდად იყოს ბავშვი, დაცულად იგრძნოს თავი. დედის ემოციური მდგომარეობა ძალიან მნიშვნელოვანია ამ შემთხვევაში. დედა თუ მშვიდად არის, თუ ზრუნვის ქვეშაა, დაცულად გრძნობს თავს და კომფორტულად არის ზოგადად, ეს გადადის ბავშვზეც.“

„დედა, რომელიც მთელი დღე გასულია, დილიდან გასული გადაღლილი ხუთზე-ექვსზე შემოვა თვეების ბავშვთან, მე არ ვიცი, ან რა ენერგია უნდა ჰქონდეს, ან რა ემოციური რესურსები და უნარები, რომ ბავშვს მისცეს ყველაფერი, რაც თვეების ბავშვს სჭირდება, ჩემთვის წარმოუდგენელია,“- აღნიშნულ საკითხზე ირინა ტაბუციძემ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გადაცემაში „სხვა შუადღე“ ისაუბრა.

წყარო: ​„სხვა შუადღე“

წაიკითხეთ სრულად