Baby Bag

„სიცხეს არ უნდა ვებრძოლოთ“ - რა შემთხვევაში უნდა დავწიოთ ტემპერატურა?

„სიცხეს არ უნდა ვებრძოლოთ“ - რა შემთხვევაში უნდა დავწიოთ ტემპერატურა?
პედიატრი ნანა რურუა ვირუსების შესახებ საუბრობს. მისი თქმით, სიცხეს არ უნდა ვებრძოლოთ, ის უნდა დავწიოთ მხოლოდ მაშინ, როცა არაკომფორტული ხდება:

„როცა ბავშვს ხელ-ფეხი ცივი აქვს, ის უნდა დაათბუნოთ, რადგან ძალიან უსიამოვნოა ამ დროს გახდა. როცა მაქსიმუმზე ავა ტემპერატურა, მხოლოდ მას შემდეგ უნდა გახადოთ, დაზილოთ ოთახის ტემპერატურის, შედარებით ნელ-თბილი წყლით, რომ სისხლძარღვები გაფართოვდეს. ბავშვს როცა ხელები და ფეხები გაუთბება, გავარვარდება ეს ნიშნავს, რომ ტემპერატურა ავიდა. ერთ რაღაცას მინდა, ხაზი გავუსვა. ვირუსს ძალიან ვუმკურნალებთ თუ ცოტას ვუმკურნალებთ (გაურთულებელ შემთხვევაში), ის ერთსა და იმავე დროში დამთავრდება. შესაბამისად, ზედმეტი მკურნალობა საჭირო არ არის. მხოლოდ სიმპტომური მკურნალობაა საჭირო.“

პედიატრმა სიცხის დამწევებს შორის შუალედებზეც ისაუბრა:

„პარაცეტამოლსა და პარაცეტამოლს შორის 4 საათი უნდა იყოს შუალედი. იბუპროფენის მიღების შემთხვევაში, საშუალოდ 6-8 საათი. ზოგადად, სიცხეს არ უნდა ვებრძოლოთ, არ უნდა მოვერიოთ. იმიტომ, რომ სიცხით თავს იცავს ორგანიზმი. ტემპერატურა მაშინ უნდა დავწიოთ, როდესაც ის არაკომფორტულია. ასევე არ არის აუცილებელი, რომ 36,6-მდე დავწიოთ. როდესაც ცხელება არის 39 ან 39,5, მას თუ 38-მდე ჩამოწევთ, უკვე საკმარისია.“

წყარო: ,,შუად​ღე''

შეიძლება დაინტერესდეთ

„მე ვარ საქართველოში პირველი და მსოფლიოში მეშვიდე ვოლფრამის სინდრომიანი დედა,“ – 30 წლის სოფიკო ფარეხელაშვილი

გადაცემაში „პირადი ექიმი“ 30 წლის სოფიკო ფარეხელაშვილი ვოლფრამის სინდრომისა და დედობის გამოცდილების შესახებ საუბრობს:

“ძალიან რთულია უსინათლოდ ცხოვრება. დამოუკიდებლად გადაადგილება ძალიან მიჭირს, დავდივარ ხელჯოხით, მყავს ძმა, რომელიც ზუსტად ჩემნაირად არის. დედა გვეხმარება როგორც გადაადგილებაში, ასევე დილაობით ანალიზებს გვიკეთებს, როცა დაგვჭირდება, გვიმზადებს საუზმეს, სადილს, ვახშამს, სადილს, გვივლის. მე ვარ სოფიკო ფარეხელაშვილი, 30 წლის, მაქვს ვოლფრამის სინდრომი. ვცხოვრობ გორის რაიონის სოფელ სათემოში. მე ვარ საქართველოში პირველი და მსოფლიოში მეშვიდე ვოლფრამის სინდრომიანი დედა. დაოჯახების შემდეგ მინდოდა მყოლოდა შვილი, მიუხედავად იმისა, რომ ვიცოდი, ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე ეს არ შეიძლებოდა, მწამდა და მჯეროდა იმის, რომ შევძლებდი გავმხდარიყავი დედა. ჩემმა შვილმა დადებითად შეცვალა ჩემი ცხოვრება. რაც უნდა გაბრაზებული ვიყო, რასაც უნდა ვაკეთებდე, მოვა, მომეხმარება და ყველაფერი მავიწყდება."

სოფიკოს თქმით, მან ვოლფრამის სინდრომის მქონე ძმისგან ძალიან ბევრი რამ ისწავლა:

„ნიკოლოზისგან ძალიან ბევრი რამ შევისწავლე. ვისწავლე ცხოვრება, რომ ფრთხილად უნდა ვყოფილიყავი, ჩემი ჯანმრთელობისთვის მიმეხედა. მე ვიცი, რომ საქართველოში ვართ ოცი ვოლფრამის სინდრომიანი ადამიანი. მინდა მოვუწოდო ამ ადამიანებს, რომ რაც შეიძლება მეტად გაუფრთხილდნენ საკუთარ თავს, გაუფრთხილდნენ საკუთარ ნერვებს. უნდა გწამდეთ, რომ მოვა დრო, როდესაც უკეთესად ვიქნებით, როგორც ჯანმრთელობით, ასევე ცხოვრებაში ყველანაირად.“

წაიკითხეთ სრულად