Baby Bag

„სიცხეს არ უნდა ვებრძოლოთ“ - რა შემთხვევაში უნდა დავწიოთ ტემპერატურა?

„სიცხეს არ უნდა ვებრძოლოთ“ - რა შემთხვევაში უნდა დავწიოთ ტემპერატურა?
პედიატრი ნანა რურუა ვირუსების შესახებ საუბრობს. მისი თქმით, სიცხეს არ უნდა ვებრძოლოთ, ის უნდა დავწიოთ მხოლოდ მაშინ, როცა არაკომფორტული ხდება:

„როცა ბავშვს ხელ-ფეხი ცივი აქვს, ის უნდა დაათბუნოთ, რადგან ძალიან უსიამოვნოა ამ დროს გახდა. როცა მაქსიმუმზე ავა ტემპერატურა, მხოლოდ მას შემდეგ უნდა გახადოთ, დაზილოთ ოთახის ტემპერატურის, შედარებით ნელ-თბილი წყლით, რომ სისხლძარღვები გაფართოვდეს. ბავშვს როცა ხელები და ფეხები გაუთბება, გავარვარდება ეს ნიშნავს, რომ ტემპერატურა ავიდა. ერთ რაღაცას მინდა, ხაზი გავუსვა. ვირუსს ძალიან ვუმკურნალებთ თუ ცოტას ვუმკურნალებთ (გაურთულებელ შემთხვევაში), ის ერთსა და იმავე დროში დამთავრდება. შესაბამისად, ზედმეტი მკურნალობა საჭირო არ არის. მხოლოდ სიმპტომური მკურნალობაა საჭირო.“

პედიატრმა სიცხის დამწევებს შორის შუალედებზეც ისაუბრა:

„პარაცეტამოლსა და პარაცეტამოლს შორის 4 საათი უნდა იყოს შუალედი. იბუპროფენის მიღების შემთხვევაში, საშუალოდ 6-8 საათი. ზოგადად, სიცხეს არ უნდა ვებრძოლოთ, არ უნდა მოვერიოთ. იმიტომ, რომ სიცხით თავს იცავს ორგანიზმი. ტემპერატურა მაშინ უნდა დავწიოთ, როდესაც ის არაკომფორტულია. ასევე არ არის აუცილებელი, რომ 36,6-მდე დავწიოთ. როდესაც ცხელება არის 39 ან 39,5, მას თუ 38-მდე ჩამოწევთ, უკვე საკმარისია.“

წყარო: ,,შუად​ღე''

შეიძლება დაინტერესდეთ

„მნიშვნელოვანია, რომ პირველი ორი წლის განმავლობაში ბავშვი იყოს დედის და ოჯახის წევრების გარემოცვაში,“ - თამარ ედიბერიძე

​​ბავშვთა ნევროლოგი თამარ ედიბერიძე საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „პირადი ექიმი - მარი მალაზონია“ადრეულ წლებში ბავშვის დედასთან სიახლოვის მნიშვნელობის შესახებ საუბრობს. მისი თქმით, ბავშვი და დედა ერთ ენაზე საუბრობენ, რაც პატარას სიმშვიდის შენარჩუნებაში ეხმარება:

„მას შემდეგ, რაც ბავშვი დაიბადება, პირველი ერთი-ორი წლის მანძილზე, ის ძალიან არის მიჯაჭვული ოჯახის წევრების ემოციებზე, განსაკუთრებით დედაზე. ​ბავშვი უპირობოდ იღებს ყველა იმ ემოციას, რომელსაც განიცდიან დედა და მისი ოჯახის წევრები. ამიტომ ესეც არ უნდა დაგვავიწყდეს არასდროს, რატომ არის მნიშვნელოვანი, რომ ბავშვი იყოს ამ დროს დედის და ოჯახის წევრების გარემოცვაში. არ იყოს მისთვის უცხო ადამიანის, თუნდაც მოსიყვარულე და კეთილსინდისიერი ძიძის იმედად, იმიტომ, რომ დედასთან მას უკვე გაკვალული გზა აქვს, უკვე ერთ ენაზე ლაპარაკობენ ისინი. ძიძამ, მეზობელმა, კეთილმოსურნე ადამიანმა ჯერ კიდევ უნდა ისწავლოს ეს ენა. ამასობაში დრო იკარგება.“

თამარ ედიბერიძის თქმით, სამი წლის ასაკიდან ბავშვებს აჯანყების ეტაპი ეწყებათ:

„ამას არ სჭირდება დიდი მტკიცება, რატომ მშვიდდება ბავშვი უფრო ადვილად დედასთან, ოჯახის წევრთან და არა უცხო ადამიანთან. ​როგორც კი ორ წელს გადავაბიჯებთ და სამ წელს მივუახლოვდებით, აქ იწყება აჯანყების პერიოდი, როდესაც ბავშვი მოსინჯავს ძალებს, თვითონ გააკეთოს დასკვნები. ის უპირობოდ არ ემორჩილება ჩვენს ემოციებს, თვითონ ხდება აქტიური მკვლევარი. ამისთვის გარშემომყოფები უნდა ვიყოთ მზად, რომ დოზირებულად და სწორად მივაწოდოთ გამოწვევები, რომ ემოციურად არ გადაიწვას ბავშვი ან მეტისმეტად ერთფეროვანი არ იყოს მისი გარემო.“

თამარ ედიბერიძე აღნიშნავს, რომ მშობლებს ხშირად ეშლებათ, თუ რა არის ბავშვისთვის კარგი ან საუკეთესო:

„ეს ძალიან კრიტიკული პერიოდია ხოლმე მოზრდილებისთვისაც და ბავშვისთვისაც. ჩვენ ყველაფერი საუკეთესო გვემეტება ბავშვისთვის, თუმცა ეს ​საუკეთესო რაში მდგომარეობს, ამაში ხშირად ვუშვებთ შეცდომებს. ზოგჯერ დოზირებულად უარყოფითი ემოციაც უნდა მივცეთ ბავშვს. არსებობს ასაკის შესაბამისი უარყოფითი ემოციები. ბავშვმა უნდა გამოსცადოს ის, რომ რაღაც უნდა, მაგრამ არ შეიძლება. პატარ-პატარა იმედგაცრუებების მომენტიც უნდა ჰქონდეს. ამ ემოციებთან შეგუებას ადრეული ასაკიდანვე ვეჩვევით.“

„მშობლები ხშირად ამბობენ: „არ მინდა ვანერვიულო, არ მინდა გული ვატკინო, არ მინდა ვატირო.“ პირველ რიგში, ჩვენი ამოცანა არის ის, რომ ბავშვი მეტისმეტი ცდუნების წინაშე არ დადგეს. ის მაქსიმალურად დადებითი, კარგი, სასიამოვნო ემოციებით უნდა დავტივრთოთ. ​ეს არ ნიშნავს იმას, რომ ამით არასასურველი ქცევა განვამტკიცოთ. ორი-სამი წლის შემდეგ ბავშვი უკვე არც გვეკითხება, რა შეიძლება და რა - არა. ბავშვი შეიძლება რაღაცას ელოდა და ეს ასე არ მოხდა, მას იმედი გაუცრუვდა. ამ იმედგაცრუების გადალახვისას დედა გვერდითაა, ეს არ ნიშნავს, რომ მთელი სამყარო მის წინააღმდეგაა. იმედგაცრუების გადალახვაზე მუშაობა ძალიან მნიშვნელოვანია პირველი წლების განმავლობაში,“ - აცხადებს თამარ ედიბერიძე.

წყარო:​ პირადი ექიმი - მარი მალაზონია 

წაიკითხეთ სრულად