Baby Bag

„სიცხეს არ უნდა ვებრძოლოთ“ - რა შემთხვევაში უნდა დავწიოთ ტემპერატურა?

„სიცხეს არ უნდა ვებრძოლოთ“ - რა შემთხვევაში უნდა დავწიოთ ტემპერატურა?
პედიატრი ნანა რურუა ვირუსების შესახებ საუბრობს. მისი თქმით, სიცხეს არ უნდა ვებრძოლოთ, ის უნდა დავწიოთ მხოლოდ მაშინ, როცა არაკომფორტული ხდება:

„როცა ბავშვს ხელ-ფეხი ცივი აქვს, ის უნდა დაათბუნოთ, რადგან ძალიან უსიამოვნოა ამ დროს გახდა. როცა მაქსიმუმზე ავა ტემპერატურა, მხოლოდ მას შემდეგ უნდა გახადოთ, დაზილოთ ოთახის ტემპერატურის, შედარებით ნელ-თბილი წყლით, რომ სისხლძარღვები გაფართოვდეს. ბავშვს როცა ხელები და ფეხები გაუთბება, გავარვარდება ეს ნიშნავს, რომ ტემპერატურა ავიდა. ერთ რაღაცას მინდა, ხაზი გავუსვა. ვირუსს ძალიან ვუმკურნალებთ თუ ცოტას ვუმკურნალებთ (გაურთულებელ შემთხვევაში), ის ერთსა და იმავე დროში დამთავრდება. შესაბამისად, ზედმეტი მკურნალობა საჭირო არ არის. მხოლოდ სიმპტომური მკურნალობაა საჭირო.“

პედიატრმა სიცხის დამწევებს შორის შუალედებზეც ისაუბრა:

„პარაცეტამოლსა და პარაცეტამოლს შორის 4 საათი უნდა იყოს შუალედი. იბუპროფენის მიღების შემთხვევაში, საშუალოდ 6-8 საათი. ზოგადად, სიცხეს არ უნდა ვებრძოლოთ, არ უნდა მოვერიოთ. იმიტომ, რომ სიცხით თავს იცავს ორგანიზმი. ტემპერატურა მაშინ უნდა დავწიოთ, როდესაც ის არაკომფორტულია. ასევე არ არის აუცილებელი, რომ 36,6-მდე დავწიოთ. როდესაც ცხელება არის 39 ან 39,5, მას თუ 38-მდე ჩამოწევთ, უკვე საკმარისია.“

წყარო: ,,შუად​ღე''

შეიძლება დაინტერესდეთ

„ეს დამოკიდებულება ბავშვისთვის სრულიად დამანგრეველ შედეგებს იძლევა,“ - ფსიქოლოგი თეა გოგოტიშვილი

„ეს  დამოკიდებულება ბავშვისთვის სრულიად დამანგრეველ შედეგებს იძლევა,“ - ფსიქოლოგი თეა გოგოტიშვილი

ფსიქოლოგმა თეა გოგოტიშვილმა არათანმიმდევრული აღზრდის შესახებ ისაუბრა. მან აღნიშნა, რომ როდესაც მშობლები ბავშვების მიმართ განსხვავებულ მიდგომებს იყენებენ, მსგავსი დამოკიდებულება ბავშვში დაბნეულობას იწვევს:

„პირველ რიგში, ბავშვი იბნევა, ითრგუნება, ვერ იგებს საით აიღოს გეზი. იქით მიდის, სადაც უფრო მოერგება, ვინც მისი მხარდამჭერია, მის მხარესაა. იქ, სადაც არის​ სრული უდისციპლინობა, განუკითხავი დამოკიდებულება, რომ როგორც გინდა იყავი, სადაც სტრუქტურა არ არის, სადაც ბავშვს ელემენტარული უნარების განვითარება არ შეუძლია, რომელსაც მომავალში გამოიყენებს, ასეთი გარემო საზიანოა. ეს სრულიად დამანგრეველ შედეგებს იძლევა. ყოველი ჩემი დებულება ეყრდნობა კვლევებს. ეს არ არის ჩემი პირადი აზრი.“

თეა გოგოტიშვილის თქმით, ბავშვთან ურთიერთობისას თანამშრომლობითი სტილის გამოყენებაა რეკომენდებული:

„ასეთი „ჯიგარი“ მშობელი, რომელიც ეუბნება ბავშვს: „​რაც გინდა აკეთე, ოღონდ პრობლემა არ შექმნა, ერთად ვიუსაქმუროთ,“ ამას შეიძლება აკეთებდეს ზოგჯერ. ეს უნდა იყოს ბავშვთან შეთანხმებული. თუ ჩვენ ერთად ვაორგანიზებთ დღეს, ვაკეთებთ სასარგებლო საქმეს ერთად, მიზანმიმართულ ქმედებებს ვახორციელებთ, ამის შემდეგ ერთად დავისვენოთ. ეს არის თანამშრომლობითი სტილი. „ოღონდ არ შემაწუხო და აკეთე, რაც გინდა, ოღონდ შენ ჭამე და მოდი, ჩაგირთავ, უყურე, რასაც გინდა,“ ეს მიჯაჭვულობას იწვევს, ინტერნეტდამოკიდებულებას, ეკრანზე დამოკიდებულებას.“

„მომთხოვნი მშობელი ფსიქოლოგიური წნეხის ქვეშ არის. საუკეთესო სურვილებიდან გამომდინარე მას უნდა დისციპლინა, სისტემურობა, ორგანიზებულობა გამოუმუშაოს თავის შვილს. ამ დროს მისი მეორე ნახევარი საპირისპირო გზავნილებს აწვდის ბავშვს.​ როდესაც ზრდასრულებს შორის არის დაპირისპირება, შეურაცხყოფა, უკმაყოფილება, ეს კატასტროფულია. ჩვენ უნდა ვთხოვოთ ამ დროს მშობელს, რომელიც ხედავს, რომ ასეთი მდგომარეობაა, თავისი თანამონაწილეობით დაიწყოს ცვლილება. ერთად რომ გავაკეთოთ ერთობლივი აქტივობები, თუნდაც უქმე დღეებზე, ეს შედეგს მოიტანს,“ - აღნიშნულ საკითხებზე თეა გოგოტიშვილმა ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „იმედის დღე“ ისაუბრა.

წყარო: ​„იმედის დღე“ 

წაიკითხეთ სრულად