Baby Bag

„სიცხეს არ უნდა ვებრძოლოთ“ - რა შემთხვევაში უნდა დავწიოთ ტემპერატურა?

„სიცხეს არ უნდა ვებრძოლოთ“ - რა შემთხვევაში უნდა დავწიოთ ტემპერატურა?
პედიატრი ნანა რურუა ვირუსების შესახებ საუბრობს. მისი თქმით, სიცხეს არ უნდა ვებრძოლოთ, ის უნდა დავწიოთ მხოლოდ მაშინ, როცა არაკომფორტული ხდება:

„როცა ბავშვს ხელ-ფეხი ცივი აქვს, ის უნდა დაათბუნოთ, რადგან ძალიან უსიამოვნოა ამ დროს გახდა. როცა მაქსიმუმზე ავა ტემპერატურა, მხოლოდ მას შემდეგ უნდა გახადოთ, დაზილოთ ოთახის ტემპერატურის, შედარებით ნელ-თბილი წყლით, რომ სისხლძარღვები გაფართოვდეს. ბავშვს როცა ხელები და ფეხები გაუთბება, გავარვარდება ეს ნიშნავს, რომ ტემპერატურა ავიდა. ერთ რაღაცას მინდა, ხაზი გავუსვა. ვირუსს ძალიან ვუმკურნალებთ თუ ცოტას ვუმკურნალებთ (გაურთულებელ შემთხვევაში), ის ერთსა და იმავე დროში დამთავრდება. შესაბამისად, ზედმეტი მკურნალობა საჭირო არ არის. მხოლოდ სიმპტომური მკურნალობაა საჭირო.“

პედიატრმა სიცხის დამწევებს შორის შუალედებზეც ისაუბრა:

„პარაცეტამოლსა და პარაცეტამოლს შორის 4 საათი უნდა იყოს შუალედი. იბუპროფენის მიღების შემთხვევაში, საშუალოდ 6-8 საათი. ზოგადად, სიცხეს არ უნდა ვებრძოლოთ, არ უნდა მოვერიოთ. იმიტომ, რომ სიცხით თავს იცავს ორგანიზმი. ტემპერატურა მაშინ უნდა დავწიოთ, როდესაც ის არაკომფორტულია. ასევე არ არის აუცილებელი, რომ 36,6-მდე დავწიოთ. როდესაც ცხელება არის 39 ან 39,5, მას თუ 38-მდე ჩამოწევთ, უკვე საკმარისია.“

წყარო: ,,შუად​ღე''

შეიძლება დაინტერესდეთ

„ოჯახში პრიორიტეტების იერარქია ამგვარად უნდა გამოიყურებოდეს: ბავშვის უსაფრთხოება - ბავშვის კვება - დედის ძილი,“ - ევგენი კომაროვსკი

„ოჯახში პრიორიტეტების იერარქია ამგვარად უნდა გამოიყურებოდეს: ბავშვის უსაფრთხოება - ბავშვის  კვება - დედის ძილი,“ - ევგენი კომაროვსკი

დედებისთვის ერთ-ერთ მწვავე პრობლემას ძილის ნაკლებობა წარმოადგენს. ამ პრობლემის მოგვარება ყველაზე მზრუნველ მეუღლეებსაც კი უჭირთ, რადგან მამას არ შეუძლია ატირებული მშიერი ბავშვი მკერდზე მიიკრას და გამოკვებოს. არარაციონალური გადაწყვეტილებების, ოჯახური კონფლიქტებისა და დეპრესიის უმთავრეს საფუძველს სწორედ დედის ძილის ნაკლებობა წარმოადგენს.

​ახალბედა დედის სრულფასოვანი ძილი ბავშვის ჯანმრთელობისა და ოჯახის ჰარმონიული თანაცხოვრებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ოჯახში პრიორიტეტების იერარქია ამგვარად უნდა გამოიყურებოდეს: ​ბავშვის უსაფრთხოება - ბავშვის კვება - დედის ძილი. სხვა დანარჩენზე კი მხოლოდ ამ სამი მიზნის განხორციელების შემდეგ უნდა იზრუნოთ.

დედებო, ძილი გჭირდებათ? არანაირი საოჯახო საქმე არ გააკეთოთ! ჯერ აუცილებლად გამოიძინეთ და მხოლოდ ამის შემდეგ დაალაგეთ სახლი, დარეცხეთ ჭურჭელი, მოამზადეთ სადილი, აღზარდეთ ბავშვი, მოესიყვარულეთ ოჯახის წევრებს და ა.შ. სჯობს მტვერსა და დალაქავებულ ხალათში იყოთ ადეკვატური და მშვიდი, ვიდრე გაღიზიანებული და შეშლილობის ზღვარზე მყოფი სუფთა და მოწესრიგებულ სახლში.

ბავშვის გაჩენას კიდევ თუ გეგმავთ, შემდეგი რჩევა გაითვალისწინეთ: ძილთან დაკავშირებით პრობლემები რომ არ გაჩნდეს, მეუღლესთან ოჯახური საუბარი გამართეთ. წინასწარ გადაანაწილეთ პრიორიტეტები და მოვალეობები, ვიდრე ოჯახს ახალი წევრი შეემატება, რადგან მშვიდად საუბარი, მეუღლის არგუმენტების მოსმენა, დათმობებზე წასვლა და საერთო ენის გამონახვა ძალიან რთულია, როდესაც ​ღამე თეთრად გაათენეთ და ხელში ატირებული ბავშვი გიჭირავთ.

წყარო: ევგენი კომაროვსკი - „365 რჩევა ბავშვის ცხოვრების პირველ წელს“

წაიკითხეთ სრულად