Baby Bag

„სიცხეს არ უნდა ვებრძოლოთ“ - რა შემთხვევაში უნდა დავწიოთ ტემპერატურა?

„სიცხეს არ უნდა ვებრძოლოთ“ - რა შემთხვევაში უნდა დავწიოთ ტემპერატურა?
პედიატრი ნანა რურუა ვირუსების შესახებ საუბრობს. მისი თქმით, სიცხეს არ უნდა ვებრძოლოთ, ის უნდა დავწიოთ მხოლოდ მაშინ, როცა არაკომფორტული ხდება:

„როცა ბავშვს ხელ-ფეხი ცივი აქვს, ის უნდა დაათბუნოთ, რადგან ძალიან უსიამოვნოა ამ დროს გახდა. როცა მაქსიმუმზე ავა ტემპერატურა, მხოლოდ მას შემდეგ უნდა გახადოთ, დაზილოთ ოთახის ტემპერატურის, შედარებით ნელ-თბილი წყლით, რომ სისხლძარღვები გაფართოვდეს. ბავშვს როცა ხელები და ფეხები გაუთბება, გავარვარდება ეს ნიშნავს, რომ ტემპერატურა ავიდა. ერთ რაღაცას მინდა, ხაზი გავუსვა. ვირუსს ძალიან ვუმკურნალებთ თუ ცოტას ვუმკურნალებთ (გაურთულებელ შემთხვევაში), ის ერთსა და იმავე დროში დამთავრდება. შესაბამისად, ზედმეტი მკურნალობა საჭირო არ არის. მხოლოდ სიმპტომური მკურნალობაა საჭირო.“

პედიატრმა სიცხის დამწევებს შორის შუალედებზეც ისაუბრა:

„პარაცეტამოლსა და პარაცეტამოლს შორის 4 საათი უნდა იყოს შუალედი. იბუპროფენის მიღების შემთხვევაში, საშუალოდ 6-8 საათი. ზოგადად, სიცხეს არ უნდა ვებრძოლოთ, არ უნდა მოვერიოთ. იმიტომ, რომ სიცხით თავს იცავს ორგანიზმი. ტემპერატურა მაშინ უნდა დავწიოთ, როდესაც ის არაკომფორტულია. ასევე არ არის აუცილებელი, რომ 36,6-მდე დავწიოთ. როდესაც ცხელება არის 39 ან 39,5, მას თუ 38-მდე ჩამოწევთ, უკვე საკმარისია.“

წყარო: ,,შუად​ღე''

შეიძლება დაინტერესდეთ

რას გულისხმობს ცილოვანი დიეტა და რამდენად უსაფრთხოა მისი დაცვა?

რას გულისხმობს ცილოვანი დიეტა და რამდენად უსაფრთხოა მისი დაცვა?

მედიაპორტალი MomsEdu.ge ტრადიციულ რუბრიკას - ენდოკრინოლოგის რეკომენდაციებს წარმოგიდგენთ. ჯანსაღი ცხოვრების წესი, სხვადასხვა ტიპის დიეტები, წონაში კლება მუდმივად ინტერესის სფეროა ჩვენი მკითხველისთვის. ამჯერად ენდოკრინოლოგ-ნუტრიციოლოგი თინათინ კაჭარავა მოგაწვდით კომპეტენტურ ინფორმაციას ე.წ ცილოვან დიეტაზე.

პირველ რიგში, განვიხილოთ რომელი პროდუქტებია ცილით მდიდარი. ცილით მდიდარია ცხოველური საკვები: ხორცი, კვერცხი, რძის ნაწარმი, თეზვეული და სხვა ზღვის პროდუქტები. ხილში და ბოსტნეულში ცილები მცირე ოდენობით მოიპოვება.

ცილოვანი დიეტის დროს ადამიანის დღის რაციონი შეადგება მხოლოდ ცხოველური ცილებისგან. ამ პერიოდში არ ხდება ხილის და ბოსტნეულის მიღება. ძალიან დიდი შეცდომაა, როდესაც ცილოვან დიეტას მიმართავენ თვითნებურად, თან ხანგრძლივად, რადგან ასეთ დროს შესაძლებელია, ორგანიზმს დიდი ზიანი მივაყენოთ. 

ცილოვან დიეტას შეიძლება თან ახლდეს გვერდითი მოვლენები: შეკრულობა (რადგან ამ დროს პაციენტი არ იღებს ხილს და ბოსტნეულს და ფერხდება ნაწლავთა პერისტალტიკა), იზრდება გულსისხლძარღვთა დაავადებების განვითარების რისკი, დიდი დატვირთვით უწევთ მუშაობა თირკმლებს და ღვიძლს, რამაც შეიძლება მათი დაზიანება გამოიწვიოს. ამიტომ თუ ვსაუბრობთ პრაქტიკულად ჯანმრთელ მოსახლეობაზე, ნუტრიციოლოგ-დიეტოლოგის რეკომენდაციით, წონის კორექციის მსურველ პაციენტებთან ცილოვანი დიეტის დანიშვნა ხდება მაქსიმუმ 7-9 დღით და წელიწადში მაქსიმუმ 2-3 ჯერ. 

ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ცილოვანი დიეტის დროს მიღებული წყლის რაოდენობას ისევე, როგორც ნებისმიერ სხვა დროს. ცილოვანი კვების დადებით მხარეებსაც უნდა გავუსვათ ხაზი, ამ დროს ადამიანი არ განიცდის შიმშილის გრძნობას, რადგან ცილების ხარჯზე მუდმივად დანაყრებულია, წონაში ეფექტურად იკლებს, არის შემთხვევები როდესაც სასწორზე წონა არ იძვრის, მაგრამ სწრაფად და საგრძნობლად იცვლება სხეულის გარშემოწერილობები. მიუხედავად ამ დადებითი გავლენისა წონის კორექციაზე, თვითნებურმა ცილოვანმა კვების რეჟიმმა შესაძლოა, ორგანიზმს ზიანი მიაყენოს.

გისურვებთ ჯანმრთელობას!

წაიკითხეთ სრულად