Baby Bag

„სიცხეს არ უნდა ვებრძოლოთ“ - რა შემთხვევაში უნდა დავწიოთ ტემპერატურა?

„სიცხეს არ უნდა ვებრძოლოთ“ - რა შემთხვევაში უნდა დავწიოთ ტემპერატურა?
პედიატრი ნანა რურუა ვირუსების შესახებ საუბრობს. მისი თქმით, სიცხეს არ უნდა ვებრძოლოთ, ის უნდა დავწიოთ მხოლოდ მაშინ, როცა არაკომფორტული ხდება:

„როცა ბავშვს ხელ-ფეხი ცივი აქვს, ის უნდა დაათბუნოთ, რადგან ძალიან უსიამოვნოა ამ დროს გახდა. როცა მაქსიმუმზე ავა ტემპერატურა, მხოლოდ მას შემდეგ უნდა გახადოთ, დაზილოთ ოთახის ტემპერატურის, შედარებით ნელ-თბილი წყლით, რომ სისხლძარღვები გაფართოვდეს. ბავშვს როცა ხელები და ფეხები გაუთბება, გავარვარდება ეს ნიშნავს, რომ ტემპერატურა ავიდა. ერთ რაღაცას მინდა, ხაზი გავუსვა. ვირუსს ძალიან ვუმკურნალებთ თუ ცოტას ვუმკურნალებთ (გაურთულებელ შემთხვევაში), ის ერთსა და იმავე დროში დამთავრდება. შესაბამისად, ზედმეტი მკურნალობა საჭირო არ არის. მხოლოდ სიმპტომური მკურნალობაა საჭირო.“

პედიატრმა სიცხის დამწევებს შორის შუალედებზეც ისაუბრა:

„პარაცეტამოლსა და პარაცეტამოლს შორის 4 საათი უნდა იყოს შუალედი. იბუპროფენის მიღების შემთხვევაში, საშუალოდ 6-8 საათი. ზოგადად, სიცხეს არ უნდა ვებრძოლოთ, არ უნდა მოვერიოთ. იმიტომ, რომ სიცხით თავს იცავს ორგანიზმი. ტემპერატურა მაშინ უნდა დავწიოთ, როდესაც ის არაკომფორტულია. ასევე არ არის აუცილებელი, რომ 36,6-მდე დავწიოთ. როდესაც ცხელება არის 39 ან 39,5, მას თუ 38-მდე ჩამოწევთ, უკვე საკმარისია.“

წყარო: ,,შუად​ღე''

შეიძლება დაინტერესდეთ

„ზნეობრივად ცუდად აღზრდილ ბავშვს, ალბათ, სჯობს სულ არ მისცე თავისუფლება,“ - პაატა ამონაშვილი

„ზნეობრივად ცუდად აღზრდილ ბავშვს, ალბათ, სჯობს სულ არ მისცე თავისუფლება,“ - პაატა ამონაშვილი

ფსიქოლოგმა პაატა ამონაშვილმა ბავშვისთვის თავისუფლების მიცემის მნიშვნელობაზე ისაუბრა. მან აღნიშნა, რომ ბავშვები ყველაზე უკეთ ცხოვრებისეული მაგალითებითა და თამაშით სწავლობენ:

„როდესაც ბავშვს მოგზაურობა აინტერესებს და უნდა, რომ სხვაგან გაფრინდეს, თუ ეს შეუძლებელია, რომ ამ წუთას რეალობაში გავაკეთოთ, რატომ არ უნდა გავაკეთოთ წარმოსახვაში?! ჩვენ წარმოსახვას მოქმედებასაც ვუმატებდით, ოღონდ ოთახიდან არ გავდიოდით. თამაშის დროს ​ბავშვები ძალიან ბევრ რამეს სწავლობენ. თუ ბევრს ვათამაშებთ, რა თქმა უნდა, უფრო გაერკვევიან ბევრ რამეში.“

პაატა ამონაშვილის თქმით, აღზრდის მეთოდების გაუმჯობესება ნებისმიერ მშობელს შეუძლია, თუ მას მონდომება ექნება:

„ნებისმიერ ​მშობელს შეუძლია მრავალგზის გააუმჯობესოს თავისი მშობლური აღზრდის საშუალებები, თუ მოიწადინებს. თავისუფლება და ზნეობა ერთმანეთის გარეშე არ არსებობს. თავისუფლების სიფართოვეც განისაზღვრება ზნეობიდან გამომდინარე. ყველა ბავშვზე ვერ ვიტყვით, მაგრამ თუ შევამოწმებთ ბავშვის ზნეობრივი აღზრდის დონეს, იქვე შეიძლება ვთქვათ, რა დონის თავისუფლება შეიძლება მივცეთ. ზნეობრივად ცუდად აღზრდილ ბავშვს, ალბათ,სჯობს სულ არ მისცე თავისუფლება.“

​აღზრდა ბავშვს ეძლევა იმ ცხოვრების წესით, რომელი წესითაც მშობლები ცხოვრობენ. ზნეობრივი წესი თუ არის ოჯახში დამკვიდრებული, მაშინ ეს ცხადია ბავშვზეც გადადის ბუნებრივად, ყოველგვარი ახსნის და სწავლა-განათლების გარეშე. რომ არ უნდა დაანაგვიანო, უნდა მიეხმარო მშობელს, ეს ბავშვზეც გადადის, თუ მშობლები ასე იქცევიან. ასეთნაირად აღზრდილი ბავშვი თავისუფლებას გამოიყენებს უფრო გონივრულად და არა თავისი თავისა და სხვების საზიანოდ. თუ კარგად აღზრდილები არიან ბავშვები, მაშინ მათ თავისუფლება შეიძლება ძალიან ფართო ჰქონდეთ,“ - აღნიშნულ საკითხებზე პაატა ამონაშვილმა ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „იმედის დღე“ ისაუბრა.

წყარო: ​„იმედის დღე“

წაიკითხეთ სრულად